სპეკულაციურმა აჟიოტაჟმა ბობი ლის კომპანია BTC China მსოფლიოს უმსხვილეს ბიტკოინების ბირჟად აქცია. შემდეგ პეკინმა შეაჩერა ბუმი. რაც ადვილად მოდის, ადვილად მიდის.
2009 წელს, როდესაც ციფრული კრიპტოვალუტა პირველად იყო “მოჭრილი”, მისი იდუმალი შემქმნელის, სათოში ნაკამოტოს, კომპიუტერზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის იაპონიაში ცხოვრობს, ბიტკოინებს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა.
უმეტესწილად ჩინეთში გაჩენილი მაღალი სპეკულაციური ინტერესის წყალობით, ოთხ წელიწადში ერთი ბიტკოინის ფასი $1,100-ს აღემატებოდა. ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ შანხაიდან, BTC China-მ დააკმაყოფილა არსებული მოთხოვნა და მალევე გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ბიტკოინების ბირჟა, რომლის დღიური ბრუნვა შეადგენდა 100 000 ვირტუალურ მონეტაზე მეტს ან $100 მილიონს, რაც ორჯერ უფრო მეტია მისი მთავარი კონკურენტის, იაპონური კომპანია Mt. Gox-ის საბაზრო წილზე.
BTC China მოხვდა გაზეთების სათაურებში და შემოდგომაზე მან სილიკონის ველში მდებარე Lightspeed Venture Partners-სა და მისი ჩინური პარტნიორისგან $5 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. სწრაფმა ზრდამ და თვით ბიტკოინებმა ჩინეთის ხელისუფლების ყურადღებაც მიიპყრო – როგორც გაირკვა – არასასურველი ყურადღება. დეკემბერში ჩინეთის სახალხო ბანკმა აუკრძალა სავაჭრო კომპანიებს ბიტკოინების მიღება, ხოლო საბანკო და საგადასახადო სისტემებს – ბიტკოინების იუანებში კონვერტირება. ამის შედეგად ბიტკოინების ფასი $500-ზე ნაკლები გახდა.
ბიტკოინები კვლავაც ძალიან პოპულარულია ტექნოლოგიების მოყვარულებსა და ლიბერტარიანელებს (აგრეთვე პორნოგრაფიითა და ნარკოტიკებით მოვაჭრე ვებგვერდებს) შორის, ვინაიდან ეს ვალუტა ციფრულია, ქვეყანაში ის არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და ადვილად შეიძლება მისი საზღვრებს გარეთ გატანა. ბიტკოინები “იქმნება” კერძო საკუთრებაში არსებულ, სპეციალიზებულ კომპიუტერულ მოწყობილობაზე და ვრცელდება კომპიუტერების გლობალურად დეცენტრალიზებულ ქსელში. ტრანსაქციები კონტროლირებადია, მაგრამ ტრანსაქციის განმახორციელებელი მხარეები – არა. მეწარმეებსა და ინვესტორებს იზიდავთ ბიტკოინების ლეგიტიმური გამოყენების შესაძლებლობა – ონლაინ გადასახადების წარმოება შუამავლის გარეშე. დეკემბერში ვენჩურულმა კომპანია Andreessen Horowitz-მა, ბიტკოინებში დღეისათვის უდიდესი $25-მილიონიანი ინვესტირება განახორციელა სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია Coinbase-ში, რომელიც აშშ-ში ბიტკოინების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის პლატფორმა გახლავთ. “იმის გამო, რომ მსოფლიო სულ უფრო ციფრული ხდება, ნაღდი ფულით, ოქროთი თუ საკრედიტო ბარათებით გადახდა არქაულად გამოიყურება. ყველას ბიტკოინები ექნება”, – ამბობს BTC China-ს გენერალური დირექტორი ბობი ლი.
თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის მიერ განხორციელებული ქმედებები BTC China-ს მომავალს ეჭვის ქვეშ აყენებს. ჩინელმა რეგულატორებმა, დახურული შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ფინანსური კომპანიები გააფრთხილეს, არ ემუშავათ ბირჟებთან, რის შედეგადაც BTC China-მ მალევე დაკარგა გადასახადების გადარიცხვის ორი კომპანია. “ჩინეთში არის გადასახადების გადარიცხვის 300 კომპანია. ჩვენ გადავხედავთ მათ სიას და ვიპოვით იმას, რომელიც ჩვენთან იმუშავებს”, – ამბობს ოპტიმისტურად განწყობილი ლი. მას არ მიაჩნია, რომ მთავრობა ბიზნესიდან მის გაყვანას ცდილობს, მისი აზრით, ის ბიტკოინებს მარწუხებს უჭერს იმისთვის, რომ შეამციროს თავაწყვეტილი სპეკულაციები. “მათ არ გამოუცხადებიათ, რომ ბირჟები არალეგალურია. ეს გვაძლევს სამოქმედო სივრცეს და გვიტოვებს იმედს”.
ჯერემი ჯიუ Lightspeed-დან ამას მშვიდად უყურებს. “ვინც ბიტკოინების კომპანიებსა და კერძოდ ბიტკოინებში ახორციელებს ინვესტირებას, უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ იქნება რეგულატორების განცხადებებით გამოწვეული ბევრი ცვლილება. ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას 5-10 წლის პერსპექტივით და ჩვენ გვჭირდება ავტორიტეტიანი მმართველები, რომლებიც შეძლებენ მარეგულირებლებისთვის სიმართლის დამტკიცებას. ეს არის ბობი”.
38 წლის ლი დაიბადა კოტ-დივუარში, სადაც მისი მშობლები ჩინეთიდან გადავიდნენ, რომ ფლოსტების საწარმო გაეხსნათ. ის სწავლობდა ამერიკის ელიტარულ სკოლა-ინტერნატში, დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი და რვა წელიწადი მუშაობდა პროგრამისტად Yahoo-ს ოფისში, კალიფორნიაში. 2006 წელს ის ჩინეთში ჩამოვიდა და დაიწყო პროგრამისტად მუშაობა EMC-ში. 2011 წელს გახდა ჩინეთში Wal-Mart-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი და მუშაობდა მისი სავაჭრო საიტის შექმნაზე.
ბიტკოინების შესახებ ლიმ პირველად 2011 წლის გაზაფხულზე შეიტყო, როდესაც ოჯახს სტუმრობდა კალიფორნიაში. ლის ძმა, ჩარლი, სახლში, თავისივე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით, ბიტკოინებს ქმნიდა. ლიმ იფიქრა, რომ იმავეს გააკეთებდა, როდესაც ჩინეთში დაბრუნდებოდა და ამისთვის თავისი ძმისგან რამდენიმე გრაფიკული ბარათი იყიდა. წარმოება ივლისში დაიწყო, ზუსტად მაშინ, როდესაც Wal-Mart-ში გავიდა სამუშაოდ. ორივე საქმე მალევე მიატოვა.
“ძალიან ცხელი ზაფხული იდგა, კომპიუტერები ბევრ სიმხურვალეს გამოიმუშავებდა, – ამბობს ლი. – ჩემს ცოლს სიცხე და ხმაური აწუხებდა, ამიტომ მე ეს საქმე ოქტომბრამდე გადავდე”. მან 25 მონეტა გააკეთა, მაგრამ თვლიდა, რომ ეს იყო “ნაგავი”, ვინაიდან მაშინ მათი საერთო ღირებულება $300 შეადგენდა და აღჭურვილობაში კი მან $1 000 დახარჯა.
როდესაც 2012 წელს Wal-Mart-მა გადაწყვიტა საკუთარი სავაჭრო გვერდის შექმნის ნაცვლად, თანამშრომლობა ელექტრონული ვაჭრობის უკვე არსებულ გვერდთან დაეწყო, ლიმ სამუშაო დაკარგა. მაშინ მას აზრად მოუვიდა დაბრუნებოდა ბიტკოინებს, რომლებიც მის კომპიუტერში იმტვერებოდა. მის ძმას ჰქონდა დაარსებული კრიპტოვალუტის მწარმოებელი Litecoin-ი, მაგრამ ლის სურდა კონცენტრირება მოეხდინა ბიტკოინების ჩინეთში შემოტანაზე. ქვეყნაში პირველი ბიტკოინებით მოვაჭრე საიტი, BTC China ორი წლით ადრე იყო შექმნილი. “იმ დროისთვის მხოლოდ ორი ადამიანი იყო, რომელიც ამ საქმეს თავისუფალ დროს აკეთებდა”, – ამბობს ლი. მათი საბირჟო მოსაკრებელი 0,3% შეადგენდა, მაგრამ დღეში სულ რაღაც რამდენიმე ასეული გაყიდვა ჰქონდათ. ლიმ მოძებნა დამფუძნებლები, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ შესაძლოა, ეს რაოდენობა უფრო გაზრდილიყო. აპრილში ის გენერალური დირექტორი გახდა.
მათ საიტის მუშაობა ივნისში განაახლეს და დაიწყეს ვენჩურული კაპიტალის ძებნა. სექტემბერში დაფინანსების პირველი რაუნდი მიიღეს Lightspeed-გან და მოსაკრებელი შეამცირეს. მათ დაიწყეს გამაგიჟებელი ვაჭრობით, რომელსაც ხელს უწყობდა ბიტკოინების უფასო პიარიც, რომელიც რამდენიმე ფაქტმა გააძლიერა. ჯერ FBI-მ დახურა ნარკოტიკული საშუალებებით მოვაჭრე საიტი Silk Road-ი, რომელიც მხოლოდ ბიტკოინებს იღებდა, მერე Baidu-მ გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებისთვის მხოლოდ ბიტკოინებს მიიღებდა, გარდა ამისა, დადებითი გავლენა იქონია ხმებმა აშშ-ის სენატში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული მოსმენების შესახებ.
მაგრამ როდესაც ჩინეთის სახალხო ბანკმა უპასუხა იმას, რაც, მისივე თქმით, იყო მომხმარებელთა შეშფოთება და დეკემბერში გამოაცხადა, რომ ბიტკოინები არ იყო მიღებული ვალუტა და ის არ უნდა გამოიყენებოდეს ბაზარზე, Baidu-მ და სხვა ჩინურმა კომპანიებმა შეწყვიტეს ბიტკოინების მიღება. რადგანაც მასშტაბი და ხარისხი ამ აკრძალვისა საკმაოდ რეალური იყო, BTC China-ში ბიტკოინის ფასი $345-მდე შემცირდა.
თავდაპირველად ლიმ ეს განცხადება უმნიშვნელო შეფერხებად ჩათვალა. ჩინეთის მოქალაქეებს კვლავ შეეძლოთ ბიტკოინების საშუალებით ვაჭრობა. BTC China იზიარებდა მთავრობის შეშფოთებას ფულის გათეთრების გამო და თავის კლიენტებს ოფიციალურ იდენტიფიკაციას სთხოვდა. ამ სიტუაციის გასანეიტრალებლად BTC-მა ასევე აღადგინა საბირჟო მოსაკრებელი, მაგრამ რამდენიმე დღეში მთავრობამ გაუცრუა სავაჭრო ბიზნესის გადარჩენის იმედები, როდესაც გადასახადების გადამრიცხველ კომპანიებს არაოფიციალურად აუკრძალა ემუშავათ ბიტკოინების ბირჟებთან. უეცრად BTC China-მ და სხვა კომპანიებმა ვეღარ შეძლეს თავიანთი მომხმარებლების ფინანსების იუანებიდან ბიტკოინებში, ან პირიქით გადახურდავება, – ის, რისთვისაც არსებობდნენ ბირჟები. “ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება, – ამბობს მეწარმე შანჰაიდან ჯეკ უენგი, – ისე ჩანს, რომ ბირჟებს მარწუხებს მოუჭერენ, სანამ ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ”.
ჩინეთის ამ ნაბიჯს პრეცედენტი ჰქონდა. თერთმეტი წლის წინ ჩინურმა ვებგვერდმა, Tencent-მა შექმნა ვირტუალური ფული ონლაინ თამაშებისთვის – Q Coin-ი. ის იმდენად ღირებული გახდა რეალურ სამყაროშიც, რომ ბირჟებზე იუანებსა და ოქროსთან ერთად გამოიყენებოდა. 2007 წელს მთავრობამ მათი გამოყენება არალეგალურად გამოაცხადა და Q Coin-ის ღირებულება რეალურ სამყაროში ნულამდე დავიდა.
ჩინეთი კვლავ აძლევს ადამიანებს ბიტკოინებით ანგარიშსწორების უფლებას თავის ქვეყანაში, თუმცა, ვინაიდან მან შეამცირა მისი კონვერტაციის საშუალებები, ის მონოპოლიის ფულის ციფრულ ვარიანტად იქცა, რომლის არსებობას სკეპტიკოსები ყოველთვის უარყოფდნენ. “თუ აუცილებელი იქნება, ჩვენ ავამუშავებთ ბიტკოინების სხვა სერვისებს”, – ამბობს ლი. დეკემბრის ბოლოს კომპანია გეგმავს ბოტკოინების უსაფრთხო ელექტრონული საფულის -Picasso-ს – ამუშავებას. “ეს არ არის დასასრული. ეს შეიძლება იყო ერთი თავის დასასრული, მაგრამ ეს არ არის კომპანიის დასასრული”.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)