The South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჩინეთი ევროპასა და აზიას შორის სახმელეთო „სუეცის არხს“ აშენებს, რომელიც საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით ორ კონტინენტს დააკავშირებს. ახალი სავაჭრო მარშრუტის ჰაბი მთიანი ქალაქი ჩონგცინია, რომელიც, გამოცემის შეფასებით, ჩინეთის სავაჭრო ქსელში სტრატეგიულ საყრდენად იქცა და, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთით მსგავსი ინვესტიციების წინაპირობაც გახდება.
ე.წ. სახმელეთო „სუეცის არხს“ რკინიგზა მოემსახურება. ქალაქი სამომავლოდ, აზიის ყველაზე მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრადაც განიხილება. ჩონგცინი ყოველდღიურად ასობით ტონა ტვირთს იღებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ვიეტნამი და სინგაპური, ევროპასთან, მათ შორის გერმანიასა და პოლონეთთან, მაღალსიჩქარიანი სატვირთო მატარებლების გამოყენებით აკავშირებს.
სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირება ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით 10-20 დღით ნაკლებ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვნად ამარტივებს საბაჟო საკითხებს. მაგალითისთვის, 2023 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის ჩქაროსნული მატარებლის გაშვებამ, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოისა და ჩონგცინს შორის ტვირთის მიწოდების დრო მხოლოდ ხუთ დღემდე შეამცირა, საიდანაც საქონელი ევროპაში ორ კვირაზე ნაკლებ დროში აღწევს.
სტრატეგიული მდებარეობის გარდა, ჩონგცინი ჩინეთის მსხვილი სავაჭრო ცენტრია, რომელზედაც ლეპტოპების გლობალური წარმოების დაახლოებით მესამედი მოდის. ასევე ის წარმოადგენს ელექტრომობილების წარმოების მთავარ ბაზას და ჩინეთის ავტომობილების მეოთხედის მთავარ საექსპორტო ცენტრს.
სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ჩინეთის მიერ ახალ სავაჭრო მარშრუტად ამ ქალაქის გამოყენებას არა მხოლოდ ლოგისტიკური, არამედ გეოპოლიტიკური მოტივებიც აქვს: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკისა და ქვეყნებს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, პეკინისთვის დასავლური გავლენის ქვეშ არსებულ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე დამოკიდებულება საფრთხის შემცველია. ამას ერთვის კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამწვავებული რისკები, რამაც საზღვაო მიწოდების ჯაჭვების სისუსტე გამოავლინა.