ჩინეთი ირანს ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების უსაფრთხოდ გავლის გარანტიას სთხოვს

ჩინეთი ირანს ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების უსაფრთხოდ გავლის გარანტიას სთხოვს

ფოტო: Kamran Jebreili

 

დიპლომატიური წყაროების მიერ ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეში ნედლი ნავთობისა და კატარული თხევადი ბუნებრივი აირის უსაფრთხო გავლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის საპასუხოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რომელშიც გლობალური ნავთობმიწოდების 20% გადის. შედეგად, სპარსეთის ყურეში მყოფი ტანკერები, რომლებიც ენერგორესურსებით არის დატვირთული, სრუტის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი სამხედრო ზომების მიღებით იმუქრება.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პარტნიორი ჩინეთი, რომელიც ახლოაღმოსავლურ ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. შესაბამისად, ჩინეთის მთავრობა ირანთან გამონაკლისის დაშვებაზე და უსაფრთხო გავლის გარანტიების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩინეთი ყოველწლიურად ნავთობის 45%-ს სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით სხვადასხვა მომწოდებლებისგან იღებს.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნედლი ნავთობის ფასი 15%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც ირანსა და ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების გამო მოპოვების შეჩერებაა. ამას ემატება ისიც, რომ უკვე მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო ვერ ხერხდება.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჰორმუზის სრუტე დღეში საშუალოდ 24 ტანკერს ატარებდა. ამჟამად კი სრუტეში 300-მდე ნავთობმზიდია გაჩერებული.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.