ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ჩინური სახელმწიფო კომპანია, Shipbuilding Industry Corp.-ი, ყაზახეთის საპორტო ქალაქებში, აქტაუსა და კურიკში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევს.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ China Railways Group Ltd.-მა „ინტერესი გამოხატა არსებული [მარშრუტების] მოდერნიზებისა და ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობის კუთხით“. მოლაპარაკებებს ჯერჯერობით კონკრეტული გარიგებები არ მოჰყოლია.
ამავდროულად, ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვა იზრდება. ყაზახეთის მეზობლად, ყირგიზეთის რკინიგზის (KTZ) წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2023 წლის პირველი 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში სატვირთო-სარკინიგზო მიმოსვლა 15%-ით გაიზარდა. იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ყირგიზეთის ლიანდაგებზე გამავალი ტვირთი 7.45 მილიონ ტონას შეადგენდა.
KTZ-ის თანახმად, „მულტიმოდალური დერეფნების განხორციელებამ“, მათ შორის, ჩინეთ-უზბეკეთ-ყირგიზეთის ახალი ხაზის განვითარების გეგმებმა, ტვირთების გადაზიდვის გაზრდას ხელი შეუწყო.
ბოლო პრესკონფერენციაზე, KTZ-ის დირექტორის მოადგილემ, დასტან უსუბაკუნოვმა, ჩინეთ-უზბეკეთ-ყირგიზეთის რკინიგზის ღირებულება 4 მილიარდ დოლარად შეაფასა.
რაც შეეხება ავიაციას, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინური გადამზიდავი Loong Air-ი ბიშკეკსა და ჩენგდუს შორის ახალ მარშრუტზე ფრენებს 12 დეკემბრიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა მოლაპარაკებებიც გამართეს ორ სახელმწიფოს შორის ახალი საჰაერო კავშირების თაობაზე.