ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. რუსეთის ლობისტური ჯგუფის შეფასებით, ეს რუსეთიდან ჩინეთში ტურისტული და საქმიანი ვიზიტების რაოდენობას 30%-40%-ით გაზრდის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ გუო ძიაკუნის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს ჩინეთში შესვლა მხოლოდ პასპორტის წარდგენის საფუძველზე 15 სექტემბრიდან შეეძლებათ. ხოლო უვიზოდ ჩინეთში დარჩენის უფლება 90 დღის განმავლობაში ექნებათ. როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელი უვიზო რეჟიმი 2026 წლის 14 სექტემბრამდე იმოქმედებს.
მოსკოვში ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ოფისის დირექტორის, ვანგ რუის ინფორმაციით, 2024 წელს ჩინეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 2023 წლის 734,000-დან გაორმაგდა და 1.6 მილიონ ვიზიტორს მიაღწია. კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილებების დირექტორის ალექსანდრ გუბაევის თქმით, ნათელია, რომ ჩინეთს, უვიზო მიმოსვლის ქვეყნების სიის გაფართოებით, შიდა მოხმარებისა და ეკონომიკის ზრდა აქვს გადაწყვეტილი.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ორ ქვეყანას შორის კავშირების გასაძლიერებლად გამოიყენა. ორივე ქვეყნის წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა 20-ზე მეტ ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლებიც საკითხების ისეთ ფართო სპექტრს მოიცავს, როგორიცაა ენერგეტიკა, აერონავტიკა და ხელოვნური ინტელექტი.