დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „სატარიფო ომი“, მისივე განცხადებით, აშშ-ის შიდა წარმოებისა და ეკონომიკის ზრდისკენ მიმართული ნაბიჯია. ტრამპი ყველაზე მკაცრი ჩინეთის მიმართაა, რომელიც აღნიშნული კუთხით აშშ-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებზე, რომლებიც 10%-ს აღემატებოდა, მან სამთვიანი პაუზა გამოაცხადა, ამის პარალელურად კი, ჩინურ საქონელზე იმპორტის გადასახადი 145%-მდე გაზარდა.
2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $28.8 ტრილიონს აღწევს. მეორე ადგილზე კი სწორედ ჩინეთია, თითქმის $18.6-ტრილიონიანი მშპ-ით.
გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, რაც ზუსტად შეესაბამება მთავრობის მიერ დასახულ მიზანს – „დაახლოებით 5%“. ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებელს ქვეყანამ აშშ-სთან გამძაფრებული სავაჭრო დაძაბულობისა და სამშენებლო სექტორში არსებული კრიზისის ფონზე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ 2025 წლისთვისაც იგივე – 5%-იანი ზრდის მიზანი შეინარჩუნა.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წელს $18.6 ტრილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება სექტორულ განაწილებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ინდუსტრიული წარმოება კვლავ წამყვან პოზიციაზეა, ყველაზე სწრაფი ზრდა კი ტექნოლოგიების სექტორში დაფიქსირდა.
მშპ-ის განაწილება ძირითადი სექტორების მიხედვით:
სექტორი | მშპ ($ ტრილიონი) | მშპ-ში წილი | წლიური ზრდა (%) |
---|---|---|---|
ინდუსტრიული წარმოება | $5.6 | 30.1% | 5.7% |
საბითუმო და საცალო ვაჭრობა | $1.9 | 10.2% | 5.5% |
ფინანსური სექტორი | $1.4 | 7.3% | 5.6% |
სოფლის მეურნეობა, სატყეო საქმიანობა, მეცხოველეობა და მეთევზეობა | $1.3 | 7.2% | 3.7% |
მშენებლობა | $1.2 | 6.7% | 3.8% |
უძრავი ქონება | $1.2 | 6.3% | -1.8% |
ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და სატელეკომუნიკაციო მომსახურება | $0.9 | 4.7% | 10.9% |
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და ფოსტა | $0.8 | 4.4% | 7% |
დაქირავება და ბიზნესმომსახურება | $0.8 | 4.2% | 10.4% |
სასტუმრო და კვების სფერო | $0.3 | 1.8% | 6.4% |
სხვა | $3.2 | 17.2% | 3.4% |
როგორც ხედავთ, 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო ინფორმაციული ტექნოლოგიები, სადაც წლიურმა ზრდამ 10.9%-ს მიაღწია. ამ კატეგორიაში შედის სატელეკომუნიკაციო კომპანიები და ტექნოლოგიური კორპორაციები, როგორიცაა Alibaba და Tencent-ი. ასევე მაღალი ზრდა აღინიშნა დაქირავებისა და ბიზნესმომსახურების სფეროშიც – 10.4%.
მეორეს მხრივ, უძრავი ქონების სექტორმა წელი უარყოფითი შედეგით დაასრულა – -1.8%. ანალიტიკოსების დაკვირვებით, ეს, ძირითადად, სუსტი მოთხოვნით, ბაზარზე ბინების სიჭარბითა და დეველოპერების ფინანსური სირთულეებით იყო განპირობებული.