South China Morning Post-ის მოხსენების თანახმად, ჩინეთის ახალი უსწრაფესი „ჰიპერლუპი“ მატარებლის პირველმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. სამი სატესტო რეისი დატონგში, სუპერგამტარ მაგნიტურ საცდელ ხაზზე შესრულდა, მატარებლის სიჩქარემ კი 50 კმ/სთ-ს მიაღწია. არსებული მიზნით, მომავალი თაობის მატარებელმა მგზავრებისა და ტვირთის გადაადგილება 1,000 კმ/სთ სიჩქარით უნდა შეძლოს.
პროექტის გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, მატარებელი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სახმელეთო სატრანსპორტო ტექნოლოგია გახდება. ობიექტი, სადაც მატარებლის ტესტირება მიმდინარეობს, ქვეყნის თავდაცვის უწყების კონტრაქტორ China Aerospace Science and Industry Corporation-ის (CASIC) მიერ აშენდა და იმართება. ამჟამად საცდელად ხელმისაწვდომი მიწისქვეშა რკინიგზის სიგრძე მხოლოდ 2 კილომეტრია, თუმცა უახლოეს წლებში მისი 60 კმ-მდე გაზრდა იგეგმება.
ჩინეთში მოცემული დროისთვის ყველაზე დიდი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ოპერირებს, რომლის საერთო სიგრძე 42,000 კილომეტრს აღემატება. მთავრობის ამბიციური გეგმით, ქვეყანაში არსებული მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე მომდევნო ორი წლის განმავლობაში 400 კმ/სთ-მდე გაიზრდება.
ამავდროულად კი ჩინეთის მთავრობა აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას „ჰიპერლუპ”-ტექნოლოგიებში. 2022 წლის ოქტომბერში ჩინეთის „ჩრდილოეთ უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა წარმატებით გამოცადეს „ჰიპერლუპის” მსგავსი მატარებლის სისტემა, რომელიც მატარებლებს გვირაბში, დაბალი ვაკუუმის გარემოში გადაადგილების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ „ჰიპერლუპის“ გვირაბის მატარებლის იდეა პირველად 2012 წელს SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა წარადგინა. მილიარდერმა იდეის განსახორციელებლად კომპანია The Boring Company-იც დააარსა. იდეა აიტაცა Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმაც და საკუთარი ფირმა Hyperloop One-ი შექმნა. თუმცა კომპანიების წინაშე არსებული ტექნოლოგიური და ფინანსური გამოწვევები ამ ეტაპისთვის ჩინეთს საშუალებას აძლევს, „ჰიპერლუპის“ ტექნოლოგიაში ლიდერობისთვის იბრძოლოს.