ჩინეთის მთავრობა Nvidia-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

ჩინეთის მთავრობა Nvidia-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელი სახელმწიფო ადმინისტრაციის წინასწარი გამოძიებით, ამერიკულ კომპანია Nvidia-ს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის“ დარღვევაში ედება ბრალი. კერძოდ, პეკინი, Nvidia-ს 2020 წელს, Mellanox Technologies-ის შესყიდვის დასამტკიცებლად ჩინეთის მთავრობის მიერ წარდგენილი პირობების შეუსრულებლობას ედავება.

ამერიკულმა Nvidia-მ ისრაელში დაფუძნებული ქსელური მოწყობილობების მწარმოებელი Mellanox Technologies-ი 2020 წელს, $6.9 მილიარდად შეიძინა. ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ კი გამოძიება ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას ორშაბათს, სავაჭრო სესიის დაწყებამდე, Nvidia-ს აქციების ღირებულების 1.5%-იანი, $175.11-მდე ვარდნა მოჰყვა.

ჩინეთის მთავრობის მიერ შეთანხმების დასამტკიცებლად Nvidia-სთვის წარდგენილ პირობებს შორის იყო ჩინეთის ბაზრისთვის GPU-ების მიწოდების გაგრძელება. ბოლო წლებში, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საექსპორტო კონტროლის გამო, კომპანიამ ჩინეთისთვის GPU-ს მიწოდება შეაჩერა.

ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონის თანახმად, კომპანიებს წესდების დარღვევის გამო, შესაძლოა წლიური გაყიდვების 1%-10%-ის ეკვივალენტი ფინანსური ჯარიმები დაუწესდეს. 26 იანვარს დასრულებული გასული ფისკალური წლის მონაცემებით, Nvidia-ს მიერ ჩინეთიდან მიღებულმა შემოსავალმა $17 მილიარდს მიაღწია, რაც კომპანიის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 13%-ია.

შეგახსენებთ, რომ Nvidia-მ აშშ-ის მთავრობისგან ჩინეთის ბაზარზე H20-ის ჩიპების გაყიდვის ლიცენზია გასულ თვეში მოიპოვა. თუმცა ამის სანაცვლოდ, მწარმოებელი ჩინეთში გაყიდული კომპიუტერული ჩიპებიდან მიღებული შემოსავლის 15%-ს აშშ-ის მთავრობისთვის გადახდას დათანხმდა.

პარალელურად, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე,  მადრიდში, ქვეყნების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები იმართება. გუშინ მოლაპარაკებების პირველი დღე, 6-საათიანი განხილვის შემდეგაც, შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.