ფოტო: Justin Jin
ჩინეთის მთავრობამ ქვეყანაში შობადობის გასაზრდელად ახალი ინიციატივა წარადგინა. კერძოდ, ჩინელი მშობლები სუბსიდიის სახით ყოველ წელს, ყოველ სამ წლამდე ასაკის შვილზე, $500 დოლარს მიიღებენ. წამახალისებელი ინიციატივების დანერგვა ჩინეთის მთავრობას ბოლო წლებში მკვეთრად შემცირებული შობადობის მაჩვენებლების გამოსასწორებლად დასჭირდა. შობადობასა და გარდაცვალებას შორის უარყოფითი ბალანსის არსებობა 2010-იან წლებში მთავრობის მიერ შემოღებულ 1-შვილიანი პოლიტიკას უკავშირდება.
ჩინური სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ინიციატივა 20 მილიონზე მეტ ოჯახზე გავრცელდება. აქამდე მსგავსი ინიციატივები ცალკეულად რამდენიმე პროვინციაში არსებობდა, თუმცა ამჯერად წამახალისებელი პროგრამა მთელს ქვეყანაზე ვრცელდება. პროგრამის მიზანი ქვეყნის მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისიდან დახსნაა.
არსებული ინფორმაციით, წამახალისებელი პროგრამა მიმდინე წლის დასაწყისიდან დაბადებულ ბავშვებს შეეხება. გარდა ამისა, ოჯახებს, რომელთაც შვილები 2022-2024 წლებში შეეძინათ, განაცხადების შევსება ნაწილობრივ სუბსიდიაზე შეეძლებათ.
შობადობის წამახალისებელი პოლიტიკის ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა უფასო სკოლამდელი აღზრდის განათლების იმპლემენტაციასაც გეგმავს. ჩინური კვლევითი კომპანია YuWa Popularion Research Institute-ის მონაცემებით, ჩინეთი იმ ქვეყნებიდან ერთ-ერთია, სადაც შვილის გაზრდა განსაკუთრებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კვლევის თანახმად, ჩინეთში შვილის 17 წლამდე გაზრდის საშუალო ხარჯი $75,700-ია.
შეგახსენებთ, იანვარში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინეთის პოპულაცია ზედიზედ სამი წელია, მცირდება. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 9.54 მილიონი ახალშობილი დაიბადა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 1.4 მილიარდ ადამიანს შეადგენს.