ჩინეთის შიდა წარმოების პირველმა სამგზავრო თვითმფრინავმა სადებიუტო კომერციული ფრენა შეასრულა. სახელმწიფო გამოცემა China Daily-ის ცნობით, ჩინეთის კომერციული ავიაციის კორპორაციის (COMAC) მიერ წარმოებულ C919-თვითმფრინავზე დაახლოებით 130 მგზავრი იმყოფებოდა.
COMAC-ის თვითმფრინავი კვირას დილით შანხაის აეროპორტიდან აფრინდა და თითქმის ორი საათის შემდეგ პეკინში დაეშვა. კომერციული ფრენა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა China Eastern Airlines-მა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი COMAC-მა დააპროექტა, C919-ის ძირითადი კომპონენტების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ძრავა, დასავლეთიდან არის ჩამოტანილი.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 150 C919-თვითმფრინავის წარმოებას გეგმავს. C919-ის მაქსიმალური დიაპაზონი 5,630 კილომეტრია და 158-168 მგზავრის გადასაყვანადაა შექმნილი. ცნობისთვის, თვითმფრინავზე მუშაობა 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. COMAC-ის განცხადებით, 1,200-ზე მეტი C919-თვითმფრინავი უკვე შეკვეთილია და მათგან ხუთის შეძენას ჩინეთის Eastern Airlines-ი გეგმავს.
უკანასკნელ პერიოდში ჩინეთი აქტიურად ცდილობს საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე შესვლას და ინდუსტრიის ისეთი გლობალური ლიდერებისთვის კონკურენციის გაწევას, როგორიც Boeing-ი და Airbus-ი არიან. დღეს, შიდა და რეგიონული ფრენებისთვის, ყველაზე პოპულარული თვითმფრინავები Airbus A320 და Boeing B737-ია.