Morgan Stanley-ის თანახმად, ჩინეთის ტექნოლოგიურ გიგანტებს, Tencent-დან Alibaba-მდე და ByteDance-მდე, მომავალში მეტავერსის $8-ტრილიონიანი ბაზრის შექმნის შესაძლებლობა აქვთ. მიუხედავად ამისა, ამერიკული ფირმებისგან განსხვავებით, ჩინური კომპანიები უფრო ფრთხილ მიდგომას ირჩევენ, რაც სახელმწიფოს რეგულაციებითა და მკაცრი კონტროლითაა განპირობებული.
წამყვანი ჩინური კომპანიები, რომლებიც სხვა ფირმებს მეტავერსისკენ წარუძღვებიან, დიდი ალბათობით, Tencent-ი, NetEase, TikTok-ის მფლობელი ByteDance და Alibaba იქნებიან. Tencent-ის განცხადებით, მეტავერსი ინდუსტრიის ზრდის შესაძლებლობაა. შეგახსენებთ, რომ ByteDance-მა აგვისტოში ვირტუალური რეალობის ყურსასმენების მწარმოებელი Pico შეიძინა, ხოლო Alibaba ვირტუალური შეხვედრებისთვის გაფართოებული რეალობის სათვალეების წარმოებას გეგმავს.
თუმცა მეტავერსის მიმართ ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება კომპანიებისთვის განსხვავებულ სიტუაციას ქმნის. ახალი ანტიმონოპოლიური წესები ინტერნეტპლატფორმებისთვის, პერსონალური დაცვის საეტაპო კანონი და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ონლაინთამაშებზე ლიმიტირებული დროის დაწესება, ანალიტიკოსთა ვარაუდით, მეტავერსული აპლიკაციების დასარეგულირებლადაც იქნება გამოყენებული.
ამის პარალელურად კი ხელისუფლება კრიპტოვალუტას ებრძვის, თუმცა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის, e-CNY-ის (ციფრული იუანი) განვითარებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, კომპანიებთან ერთად, ჩინეთის ქალაქები და რეგიონებიც ფიქრობენ მეტავერსის გაფართოებაზე. გასულ წელს შანხაიმ მეტავერსი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების 5-წლიან გეგმაში შეიყვანა.