ჩინეთის ციფრული იუანი შესაძლოა დოლარისთვის საფრთხედ იქცეს

ჩინეთის ციფრული იუანი შესაძლოა დოლარისთვის საფრთხედ იქცეს

მსოფლიო მასშტაბით 80 სახელმწიფო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, აქტიურადაა ჩართული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარების პროცესში. შეგახსენებთ, რომ ეს არის რეგულირებადი ფულის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მხოლოდ ონლაინსივრცეში არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტის განვითარების მხრივ ჩინეთი აშშ-ს საგრძნობლად უსწრებს. ჩინეთის რესპუბლიკის მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე იყენებს ციფრულ იუანს, მაშინ როდესაც აშშ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია.

ამერიკელი სპეციალისტების განცხადებით, ისინი შეისწავლიან იუანის წარმოშობას, რადგან აშშ-ისა და  ჩინეთის პოლიტიკა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. შესაბამისად, მათთვის, ციფრული ფულის შექმნის პროცესში, უმთავრესი კონფიდენციალურობის უფლების სრულყოფა და დაცვაა. აშშ-ში ციფრული ფულის შექმნაზე ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკი და მასაჩუსეტსის ინსტიტუტის “ციფრული ვალუტის ინიციატივა“ მუშაობს.

კონფიდენციალურობასთან ერთად, ამერიკელი სპეციალისტები ციფრული ფულის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. კვლევების მიხედვით, აშშ-ში მცხოვრებლების დაახლოებით 7% ინტერნეტს არ იყენებს, შავკანიანი მოსახლეობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 9%-მდე, ხოლო 65 წელს გადაცილებულებში 25%-მდე აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული იუანის განვითარებასთან ერთად ამერიკელები იმ საფრთხეებზეც ალაპარაკდნენ, რომელთა წინაშეც ჩინეთის მხრიდან დასავლეთი მომავალ ოცდაათ ან ორმოც წელიწადში შეიძლება დადგეს. აშშ-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა ციფრული იუანის გამოყენებამ დასავლეთში ჩინეთის „ციფრული ავტორიტარიზმის“ გავრცელებასაც შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, რომ ციფრული დოლარის შემოღების შემთხვევაშიც, ის მიმოქცევაში ფიზიკურად არსებულ ფულთან ერთად იქნება. შესაბამისად, აშშ-ის მოქალაქეებს ორივე სახის ფულთან ექნებათ წვდომა. ამას გარდა, ამერიკელი სპეციალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღებით, დოლარის, როგორც მსოფლიო ეკონომიკაში მონეტარული ლიდერის, როლს საფრთხე მომავალშიც არ დაემუქრება.