ფოტო: letmeship.com
ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა ზრდას ყოველწლიურად განაგრძობს, თუმცა იცვლება ზრდის გეოგრაფია. 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთში $6.3 ტრილიონს გადააჭარბა, ექსპორტის იმპორტთან მეტობამ კი $1.2 ტრილიონი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სავაჭრო მომენტუმი მნიშვნელოვნადაა გადახრილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისაკენ.
სტატიაში წარმოგიდგენთ ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალს 2025 წლის მიხედვით. მონაცემები ეფუძნება ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის სტატისტიკას.
ჩინეთის გლობალური ვაჭრობის 8.8% სწორედ აშშ-ზე მოდის. როგორც აღვნიშნეთ, შეერთებული შტატები ჩინეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $560 მილიარდი შეადგინა, რაც 18.7%-ით ნაკლებია 2024 წლის მონაცემებზე.
აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ჩინეთი შეერთებული შტატებისთვის მხოლოდ მეოთხე ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ამ პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $357.2 მილიარდს შეადგენდა, საიდანაც აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან $175.4 მილიარდი იყო. ჩინეთს აშშ-ის სრული საგარეო ვაჭრობის 7.6% უკავია.
ჩინეთის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ჰონგ-კონგია. გასულ წელს ჰონგ-კონგთან სავაჭრო ბრუნვამ $367 მილიარდი შეადგინა, რაც საერთო ვაჭრობის 5.8%-ია. ჰონგ-კონგთან ჩინეთს სავაჭრო ბრუნვის წლიური 18.9%-იანი ზრდა აქვს.
სიაში მესამე პოზიციაზე სამხრეთი კორეა იმყოფება. გასულ წელს სამხრეთ კორეასთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ $331 მილიარდი შეადგინა. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე ასევე აზიური იაპონია ($322 მილიარდი) და ტაივანი ($314 მილიარდი) იმყოფებიან.
საინტერესოა, რომ ჩინეთმა 2025 წელს სავაჭრო ბრუნვა მეექვსე ყველაზე მსხვილ პარტნიორთან, ვიეტნამთან 13.7%-ით გაზარდა და $296 მილიარდი შეადგინა.
რუსეთი ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში $228 მილიარდის მოცულობის სავაჭრო ბრუნვით მეშვიდე პოზიციას იკავებს. ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემზე 6.9%-ით ნაკლებია.
ათ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს შორის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო გერმანიაა. გერმანიასთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს $211 მილიარდი შეადგინა, წინა წელთან შედარებით მატება კი 4.6% იყო. თუმცა გერმანიის ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს 9.3%-ით შემცირდა. აღნიშნული კლების უდიდესი წონა ავტოინდუსტრიაზე მოდის. 2022 წლის შემდეგ ჩინეთში გერმანული ავტომობილების ექსპორტი 66%-ით შემცირდა, რაც ჩინეთის ბაზარზე კონკურენციისა და ადგილობრივი ბრენდების პოპულარობის ზრდის დამსახურებაა.
გასულ წელს ჩინეთმა სავაჭრო ბრუნვა 12.4%-ით გაზარდა ინდოეთთან, 13.4%-ით – ინდონეზიასთან, 14.4%-ით კი – ტაილანდთან. აფრიკულ სახელმწიფოებში ჩინეთის ექსპორტი 2025 წელს 25.8%-ით გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩინეთის გეოგრაფიული სავაჭრო ვექტორი ბოლო წლების განმავლობაში აშშ-სთან სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, მიმართულებას იცვლის.
| რეიტინგი | ქვეყანა | სავაჭრო ბრუნვა | წილი (სულ) | ცვლილება (2024-2025) |
| 1 | აშშ | $560 მილიარდი | 8.8% | -18.7% |
| 2 | ჰონგ-კონგი | $367 მილიარდი | 5.8% | 18.9% |
| 3 | სამხრეთი კორეა | $331 მილიარდი | 5.2% | 1.2% |
| 4 | იაპონია | $322 მილიარდი | 5.1% | 4.5% |
| 5 | ტაივანი | $314 მილიარდი | 5.0% | 7.3% |
| 6 | ვიეტნამი | $296 მილიარდი | 4.7% | 13.7% |
| 7 | რუსეთი | $228 მილიარდი | 3.6% | -6.9% |
| 8 | გერმანია | $211 მილიარდი | 3.3% | 4.6% |
| 9 | ავსტრალია | $207 მილიარდი | 3.3% | -2.3% |
| 10 | მალაიზია | $192 მილიარდი | 3.0% | -9.6% |
















