ჩინეთში ქარისა და მზის წყაროებიდან ენერგიის გამომუშავებამ პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ დადგენილ ვადებზე 6 წლით ადრე გადააჭარბა დასახულ მიზანს. ივლისში, ქარის ტურბინიდან და მზის პანელებიდან მიღებული ენერგია 25 გიგავატით გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის მთლიანმა სიმძლავრემ 1,206 გიგავატს მიაღწია.
განახლებულ მონაცემებს ჩინეთის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული გეგმით, ჩინეთს სუფთა ენერგიიდან გამომუშავებული სიმძლავრით სულ მცირე 1,200 გიგავატს, 2030 წლისთვის უნდა მიეღწია.
ჩინეთის პროგნოზით, ქვეყანაში ნახშირბადის ემისიების პიკი 2030 წლისთვისაა მოსალოდნელი, 2060 წლამდე კი ქვეყანა ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწევს. ამ დროისთვის, ჩინეთში მზისა და ქარის წყაროდან მიღებული ენერგიის სიმძლავრე, ქვეყნის ელექტროენერგიის სრული გამომუშავების მხოლოდ 14%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, ჩინეთის ხელისუფლებამ ჯამში ხუთ ობიექტზე რეკორდული, 11 ბირთვული რეაქტორის მშენებლობაც დაამტკიცა. ბირთვული ენერგიის წარმოების გაძლიერებით, ჩინეთი ემისიების ნულოვან ნიშნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად.