ჩინეთის ხელისუფლებამ ჯამში ხუთ ობიექტზე რეკორდული, 11 ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა. ბირთვული ენერგიის წარმოების გაძლიერებით, ჩინეთი ემისიების ნულოვან ნიშნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად.
ჩინეთის სახელმწიფო მედია China Energy News-ის ცნობით, ახალი რეაქტორები ძიანგსუში, შანტონგში, კუანტონგში, ჭიძიანსა და კუანსიში აშენდება. აქედან ექვსი რეაქტორი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ General Nuclear Power-ს ეკუთვნის, ჩინეთის ნაციონალურმა ბირთვულმა კორპორაციამ სამ რეაქტორზე მიიღო ნებართვა, ხოლო State Power Investment-მა ორზე. მშენებლობას დაახლოებით 5 წელი დასჭირდება, ინვესტიცია სულ მცირე 31 მილიარდი დოლარია.
არსებული მონაცემებით, ჩინეთი უფრო მეტ მშენებარე რეაქტორს ფლობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ 10 ახალი რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა. BloombergNEF-ს შეფასებით, 2030 წლისთვის, ჩინეთი საფრანგეთსა და აშშ-ის გადააჭარბებს და მსოფლიოში ატომური ენერგიის წამყვანი გენერატორი გახდება.
ჩინეთის ბირთვული ენერგიის ასოციაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად 56 რეაქტორი ფუნქციონირებს. ამ რეაქტორთა ერთობლივი სიმძლავრე ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ანალიტიკოსთა ვარაუდით, მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში, ჩინეთი ყოველწლიურად დაახლოებით 10 ახალ რეაქტორს დაამტკიცებს.