ჩინეთში მდებარე უხანის საზღვაო კომუნიკაციის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ინჟინრებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტენა ააგეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა South China Morning Post-ი იტყობინება, მისი დახმარებით წყალქვეშ კომუნიკაციის დამყარება დაახლოებით 3,000 კილომეტრის მანძილზე იქნება შესაძლებელი. ეს სრულიად საკმარისია სიგნალის კუნძულ გუამის მიმდებარე ტერიტორიიდან მისაღებად, რომელიც წყნარ ოკეანეში ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს სტრატეგიულ სამხედრო ბაზას წარმოადგენს.
გიგანტური ანტენის ზუსტი მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ის ჩინეთის დედაქალაქ პეკინიდან სამხრეთით 1,000 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გარდა ამისა, მათი თქმით, მოწყობილობა დუნხუანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით – 2,000 კილომეტრის, მიანიანიდან აღმოსავლეთით კი 1,000 კილომეტრის დისტანციაზეა განლაგებული.
ანტენა, ტრადიციული ელექტროგადამცემი ხაზების მსგავსად, კაბელებისა და პილონების დახმარებით არის აგებული. სისტემა მიწისქვეშ განთავსებული ორი გადამცემის საშუალებით მუშაობს. მკვლევართა გუნდის განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველი მსხვილი მასშტაბისა და უკიდურესად დაბალი სიხშირის (ELF) არასამხედრო დანიშნულების ანტენაა. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელს 0,1-დან 300 ჰერცამდე სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების წარმოქმნა შეუძლია. ისინი დიდ დისტანციას როგორც წყლის, ასევე ნიადაგის ქვეშაც ფარავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანტენას ძირითადად შორეულ დისტანციაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით გამოიყენებენ, მეცნიერებმა მას სხვა დატვირთვაც მოუძებნეს. მათი თქმით, მოწყობილობით დედამიწის ზედაპირის ქვეშ არსებული ქანების გადაადგილების მონიტორინგი და ჩინეთის ტერიტორიაზე მიწისძვრის რისკების შეფასება იქნება შესაძლებელი.