ჩინელი დეველოპერები 2025-2026 წლებიდან მფრინავი მანქანების სრული კომერციალიზაციისთვის ემზადებიან. სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება, მაკაოში გამართული გამოფენისას, მფრინავი მანქანების დეველოპერული კომპანია Aerofugia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კუო ლიანგმა გააკეთა. მისი შეფასებით, „რევოლუცია მანქანების ელექტრიფიკაციაზე შთამბეჭდავი იქნება“.
ერთ-ერთი ინტერვიუსას, ლიანგმა მფრინავ მანქანებს თვითმფრინავების ხელმისაწვდომი ალტერნატივა უწოდა და სამომავლოდ ხარჯების შემცირებაც იწინასწარმეტყველა. ვერტიკალური აფრენისა და დაშვების ელექტროთვითმფრინავებს (eVTOL) ვერტმფრენების, დრონებისა და მცირე ზომის თვითმფრინავების მახასიათებლები აქვთ. ინდუსტრიულმა ჯგუფმა, Vertical Flight Society-მა, eVTOL-დიზაინის 800-ზე მეტი კონცეფცია შეიმუშავა.
Morgan Stanley-ის შეფასებით, მფრინავი მანქანების გლობალური ბაზარი 2040 წლისთვის $1 ტრილიონს მიაღწევს, 2050 წელს კი $9 ტრილიონამდე გაიზრდება. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკზე დაყრდნობით, 2050 წლისთვის, მფრინავი მანქანების ბაზრის 27%-იან წილს ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს, ჩინეთი კი, 23%-იანი წილით, მეორე პოზიციას დასჯერდება.
თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობა ქვეყანის მასშტაბით განვითარებადი ინდუსტრიების გაფართოებას მხარს უჭერს. მთავრობის მიერ გასული წლის აგვისტოში სამოქალაქო ავიაციის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტი შეიცავდა ინფორმაციას მფრინავი მანქანების შესახებაც. დოკუმენტზე დაყრდნობით, ჩინეთი ადამიანების გადამყვან უპილოტო თვითმფრინავების განსახილველად განცხადებების მიღებას 2025 წლიდან დაიწყებს.