მეცნიერებმა ჩინეთის სამხრეთით თითქმის ხელუხლებლად შემონახული, 5-მეტრიანი წყლის რეპტილიის ნამარხი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნამარხის ასაკი 240 მილიონ წელს შეადგენს და ის ტრიასული პერიოდიდანაა. ნამარხის ფორმის, ზედმეტად გრძელი კისრის ჩონჩხისა და აღმოჩენის ადგილმდებარეობის (ჩინეთი) გამო, მას მეცნიერებმა „დრაკონი“ უწოდეს.
ოფიციალურად კი აღმოჩენილი არსების სამეცნიერო სახელი Dinocephalosaurus Orientalis-ია. სახეობა პირველად 2003 წელს გამოავლინეს და სამეცნიერო ნომენკლატურა მიანიჭეს. აღმოჩენილი ნამარხი კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, პრეისტორიული წყლის რეპტილიის ანატომია სრულად გამოიკვლიონ.
ნამარხის აღმომჩენი სამეცნიერო ექსპედიციის საერთაშორისო გუნდის წევრის, დოქტორი ნიკ ფრეიზერის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა ტრიასული პერიოდის არსების სრულად შემონახული ფორმით აღმოჩენა შეძლეს. მისი განმარტებით, „დრაკონის“ კისერი მისი სხეულისა და კუდის ერთობლივ სიგრძეზე უფრო გრძელია.
მეცნიერის ვარაუდით, „გრძელი, მოხრილი და მოქნილი კისერი“ შესაძლოა მტაცებელს ნადირობისას უპირატესობას აძლევდა. არა რის გამორიცხული, რომ Dinocephalosaurus Orientalis-ი გრძელ კისერს სწორედ წყლის ნაპრალებში საკვების მოსაძიებლად იყენებდა.