ჩინეთში ფესტივალზე ჰუმანოიდი რობოტის მოულოდნელმა მოქმედებამ დისკუსია გამოიწვია

ჩინეთში ფესტივალზე ჰუმანოიდი რობოტის მოულოდნელმა მოქმედებამ დისკუსია გამოიწვია

ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ ფესტივალზე ჰუმანოიდი რობოტის მოულოდნელმა მოქმედებამ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია. ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება რობოტი მაყურებლებს და ბარიკადებზე შეტევით, მის გარღვევას ცდილობს. უსაფრთხოების თანამშრომლებმა რობოტის შეჩერება და პოტენციური დაზიანების აღკვეთა შეძლეს.

ზოგი მიიჩნევს, რომ რობოტმა წონასწორობა მექანიკური პრობლემის გამო დაკარგა, ზოგის აზრით კი მისი უეცარი მოძრაობა ადამიანის აგრესიის მიბაძვას ჰგავდა. ვიდეო ცნობილმა პოდკასტერმა ჯო როგანმაც გააზიარა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა დისკუსიები იმის შესახებ, ხდება თუ არა AI თანდათან უფრო არაპროგნოზირებადი.

„ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი აგრესიული გახდა ჩინეთში მაყურებლების მიმართ. როგორც ის მოიქცა, შემზარავად ადამიანური იყო. ეს საერთოდ არ მომწონს“, – დაწერა ჯო როგანმა.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ჰუმანოიდი რობოტები ადამიანთა ქცევების მისაბაძად შეიქმნა, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათი მოქმედება შეიძლება სახიფათო ჩანდეს, განსაკუთრებით ტექნიკური გაუმართაობის დროს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა ზოგჯერ შეიძლება არაპროგნოზირებადი მოქმედება გამოავლინოს, რაც ბევრ ადამიანში მათი საიმედოობის შესახებ ეჭვებს ბადებს.

Wired-ის მიერ გასული წლის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოახერხეს იმიტირებული რობოტების „მოტყუება“, რათა მათ სახიფათო ამოცანები შეესრულებინათ. მათ შორის შეძლეს დაერწმუნებინათ თვითმართვადი მანქანა, გაჩერების ნიშნები უგულებელეყო და ხიდიდანაც კი გადაშვებულიყო. ბორბლებიანი რობოტი კი აიძულეს ბომბის ასაფეთქებლად იდეალურ ადგილი ეპოვა.

მსგავსი ინციდენტების მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას აგრძელებენ. მაგალითად, ჩინეთის საგაზაფხულო ფესტივალზე კომპანია Unitree-ის H1-სერიის 16-მა ჰუმანოიდმა რობოტმა შეკრებილ საზოგადოებას სინქრონიზებული ცეკვა შესთავაზა. ჩინურმა კომპანიამ თავისი ახალი G1-რობოტიც წარადგინა, რომელიც ცეკვის დროს დაბრკოლებებს თავს არიდებს. ამ პროგრესის პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების შეშფოთება კვლავ ძლიერია.