ჩინური Alibaba ახალ AI-ჩიპზე მუშაობს - რა ვიცით?

ჩინური Alibaba ახალ AI-ჩიპზე მუშაობს - რა ვიცით?

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანია Alibaba ახალ AI-ჩიპზე მუშაობს. არსებული ვარაუდებით, Alibaba-ს გადაწყვეტილება აპრილში, აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინეთისთვის Nvidia-ს ყველაზე ძლიერი, Blackwell-ის ჩიპების აკრძალვას უკავშირდება. თეთრი სახლის აკრძალვა აშშ-ის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებიდან მომდინარეობს.

აკრძალვის მიუხედავად, Nvidia-მ აშშ-ის მთავრობისგან ჩინეთში H20-ის ჩიპების ექსპორტზე ნებართვა მიიღო. გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთში გაყიდული ჩიპებიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის, აშშ-ის მთავრობისთვის გადახდის პირობა დადო. თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით, სავარაუდოდ, ახლა უკვე ჩინეთმა აუკრძალა ადგილობრივ კომპანიებს Nvidia-ს ჩიპების შესყიდვა.

Alibaba ჩიპების ბაზარზე ახალი მოთამაშე არაა, თუმცა მისი ბოლო, Hanguang 800, 2019 წელს გამოვიდა. ჩინური კომპანიის დაქვემდებარებაშია ნახევარგამტარების დამპროექტებელი განყოფილება T-head-ი. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში Alibaba ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით დაახლოებით 53 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

თუმცა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კომპანია, Nvidia, მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის წამყვანი მიმწოდებელია, რაც მას Alibaba-სთვის მნიშვნელოვან კონკურენტად აქცევს. Nvidia-ს გარდა ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილნი არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც, მათ შორის Huawei და Cambricon-ი.

CNBC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე Alibaba როგორც საკუთარი წარმოების, ასევე სხვა კომპანიების, მათ შორის ამერიკული Nvidia-ს ჩიპებს იყენებს. გამოცემა ასევე წერს, რომ Alibaba თავისი ახალი ჩიპების გარე მომხმარებლებისთვის მიყიდვას არ გეგმავს, როგორც ამას Nvidia აკეთებს. ამის ნაცვლად, მომხმარებელს საშუალებას მისცემს, „ნაწილობრივ ახალ ჩიპებზე დაფუძნებული გამოთვლითი სიმძლავრე“ კომპანიისგან „იქირაოს“. შესაბამისად, მომხმარებლები თანხას Alibaba-ს სერვისით დროებით გამოყენებაში გადაიხდიან.

CNBC ჩინური კომპანიის გადაწყვეტილებას გარკვეულწილად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სი ძინპინის განცხადებებსა და Nvidia-ს გეგმებს უკავშირებს. შანხაიში ჩინეთის პრეზიდენტმა „ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმის“ აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე ისმოდა მოწოდებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობისკენ.

პარალელურად, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა დააანონსა, რომ კომპანია ტრამპის ადმინისტრაციასთან სპეციალურად ჩინეთისთვის შექმნილი ახალი კომპიუტერული ჩიპის განხილვას გეგმავს. ჰუანგის თქმით, Nvidia ჩინეთის ბაზარს, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისთვის, ახალ პროდუქტს სთავაზობს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიღებული ვერ იქნება და „ეს, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მთავრობაზეა დამოკიდებული“.