ხელოვნური ინტელექტის ჩინური სტარტაპი DeepSeek-ი გლობალური მასშტაბით პოპულარობას იკრებს. DeekSeek-ის AI-ასისტენტმა შეერთებულ შტატებში iOS-ის App Store-ზე პოპულარობით ChatGPT-ის გადმოწერებს უკვე გადაასწრო.
ხელოვნური ინტელექტის ჩინური ასისტენტი საჯაროდ 10 იანვარს გაეშვა და მისმა შესაძლებლობებმა მომხმარებელთა ინტერესი მალევე დაიმსახურა. DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი DeepSeek-V3 მოდელზეა დაფუძნებული და ღია წყაროს მქონე სხვა მოდელებს დიდ კონკურენციას უწევს. ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით კი, მნიშვნელოვნად სჯობნის კიდეც მათ.
ხელოვნური ინტელექტის ჩინური სტარტაპის წარმატებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები ინდუსტრიაში ჩინეთის პოზიციონირებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, DeepSeek-ისა და ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები ფუნქციონირებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების მქონე მიკროჩიპებს, იმავე ნახევარგამტარებს იყენებს. აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2021 წელს ნახევარგამტარების ჩინეთში ექსპორტის შემზღუდავი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩინურმა კომპანიამ ამერიკული ჩიპები ტექნოლოგიის განსავითარებლად მაინც გამოიყენა.
DeepSeek-ის დეველოპერების განცხადებით, მათი ახალი მოდელის, DeepSeek-V3-ის ცდებისთვის, კომპანიამ Nvidia-ს $6 მილიონის ღირებულების H800 მოდელის ჩიპები გამოიყენა.
შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია ჩიპების ექსპორტის კონტროლის რეგულაციების ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საინტერესოა, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს დონალდ ტრამპი ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში დომინაციის შესაფერხებლად.
ჩინეთის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის არაერთი კომპანია ფუნქციონირებს და AI-ასისტენტების სიმრავლეც შეინიშნება. თუმცა DeepSeek-ი პირველი ჩინური AI-ასისტენტი გახდა, რომლის პოპულარობამ აშშ-ში ChatGPT-ის დომინაციას საფრთხე შეუქმნა.