შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა კარიერა 41 წლის ასაკში, 2022 წლის სექტემბერში დაასრულა. „დიდი სლემის“ 20-გზის გამარჯვებული და ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ფედერერი, კარიერის დასრულებამდე, ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩოგბურთელად რჩებოდა. ახლა კი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, რიგით მეშვიდე სპორტსმენია, რომლის ქონების საერთო ღირებულებამ $1 მილიარდს გადააჭარბა.
ფედერერის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში 130 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რითაც მხოლოდ ორ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს (189 მილიონი დოლარი) და რაფაელ ნადალს (135 მილიონი დოლარი) ჩამორჩება. ფედერერის კორტების მიღმა საქმიანობა ბევრად უფრო შემოსავლიანი გამოდგა. ჩოგბურთელმა კარიერის განმავლობაში რეკლამებით, გამოსვლებით და სხვა ბიზნესსაქმიანობით დაახლოებით $1 მილიარდი გამოიმუშავა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჯოკოვიჩისა და ნადალის მიერ გამომუშავებული თანხა.
გარდა ამისა, ფედერერის ქონების ნაწილი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის საჯაროდ დალისტულ კომპანია On-ში ჩოგბურთელის აქციებზე მოდის. ამასთან ერთად, წლების განმავლობაში ფედერერის სპონსორთა რიგებში გვხვდებოდნენ, Nike-ი, Mercedes-Benz-ი, LVMH Louis Vuitton Moet Hennessy, Barilla, Rolex-ი და ა.შ. ფედერერი ზედიზედ 16 წლის განმავლობაში იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი, ხოლო 2020 წელს, $106.3 მილიონით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენიც.
საერთო ჯამში, Forbes-ის უახლესი შეფასებით, ფედერერის ქონება $1.1 მილიარდს შეადგენს. შედეგად, ფედერერი რიგით მეშვიდე სპორტმენია, რომელიც ოდესმე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში გვხვდებოდა, ეს სპორტსმენები არიან: მაიკლ ჯორდანი ($3.8 მილიარდი), იონ ცირიაკი ($2.3 მილიარდი), მეჯიქ ჯონსონი ($1.5 მილიარდი), ტაიგერ ვუდსი ($1.3 მილიარდი) ლებრონ ჯეიმსი ($1.2 მილიარდი) და ჯუნიორ ბრიჯმენი, რომლის ქონებაც მარტში, მისი გარდაცვალების დროისთვის, $1.4 მილიარდს შეადგენდა.