“მაიქროსოფთი”, რომელმაც ერთხელ უკვე მოასწრო მსოფლიოს შეცვლა, უკვე ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციაზე საუბრობს და ეპოქას ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით ეგებება. შესაძლოა, “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია” სრულად ამ კომპანიას არ მიეწეროს, თუმცა ერთი რამ აშკარაა: არცერთი რევოლუცია აღარ მოხდება “მაიქროსოფთის” პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.
რა არის ციფრული ტრანსფორმაცია, როგორია მისი ღირებულება და დამატებით რა შეუცვლელ სამსახურს გაუწევს კომპანია ბიზნესებსა და მომხმარებლებს – აღნიშნულ საკითხებზე მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ დობორჯგინიძეს ვესაუბრეთ.
“ჩვენ ღრუბლებში ვართ” – ამ ფრაზით გაგვაცანით მაიქროსოფთის განვითარების ახალი საფეხური. რა არის Microsoft Cloud-ი?
ინფორმაციის ფიზიკურად შესანახად თქვენ ბაზა გჭირდებათ, რაც უამრავ საკითხს მოიცავს – სერვერი, ოთახი, დაცვა, კამერები, ქულერი… ამ სერვერში თქვენ ყოველთვის საჭიროზე მეტს იხდით, რადგან იმაზე დიდ სივრცეს ემსახურებით, ვიდრე იყენებთ. ახლა ამის აუცილებლობა აღარ დგას. “მაიქროსოფთს” გააჩნია დიდი მონაცემების ცენტრი და ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს, ჩვენთან შეინახონ ინფორმაცია და გადაიხადონ მხოლოდ იმის საფასური, რასაც რეალურად მოიხმარენ. ამასთანავე, ვუზრუნველყოფთ მათი ინფორმაციის უმაღლესი სტანდარტით მომსახურებას.
საინტერესოა, როგორი ენთუზიაზმით შეხვდა ბიზნესი ამ ახალ შესაძლებლობას?
[QUOTE]
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მიიღო ოპერაციების გაციფრულების გადაწყვეტილება, რა კონკრეტულ სარგებელს უნდა მოელოდეს ის “მაიქროსოფთისგან”?
ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ, საბოლოოდ, უზოგავს მათ ხარჯებს. მათ აღარ სჭირდებათ მსხვილი პირველადი ინვესტიციის გაკეთება და შეუძლიათ ნელ-ნელა იხადონ მომსახურების საფასური. ამასთანავე, მათ არ უწევთ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რადგან “მაიქროსოფთი” მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის გარდაქმნაში, სრულ ციფრულ ტრანსფორმაციაში.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ სტარტაპებს ჩვენს “ღრუბლოვან” რესურსს უფასოდ ვაძლევთ. საამისო მემორანდუმი “ტექნოპარკთან” ჩვენ 2016 თებერვალში გავაფორმეთ და უკვე 33-მდე სტარტაპი დავარეგისტრირეთ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
რა ისტორია აქვს “მაიქროსოფთს” საქართველოში?
“მაიქროსოფთ საქართველო” 2010 წელს გაიხნა და მას შემდეგ ქართულ ბაზარზე საკმაოდ, წარმატებულად ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში დავიწყეთ უმსხვილეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, 2015 წელს გავაფორმეთ საპარტნიორო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას გამოიყენებს და შეეცდება, საკუთრი მაგალითით წაახალისოს კერძო სექტორიც.
ჩვენმჭიდროდ ვთანამშრმლობთ განათლების სამინისტროსთანაც, რადგან განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი პრიორიტეტია. ჩვენი ინვესტიციით 32 სკოლა სრულად აღიჭურვა wifi-ით და სკოლებში არსებულ 50,000 კომპიუტერს მინიმალურ ფასად მიეწოდება ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა.
“მაიქროსოფთი” მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გაცხადებულ მიზანს შესაბამისი ინოვაციებით ემსახურება. ამ თვალსაზრისით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი?
ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი არის საოფისე პროგრამების საყოველთაოდ ცნობილ და უალტერნატივო ბაზაზე დაფუძნებული Office 365. ესაა ერთ-ერთი საუკეთესო პლატფომა, რაც კი დღეს არსებობს. ახალი “ოფისი” საშუალებას გაძლევთ, მთელი ინფორმაცია Cloud-ში შეინახოთ და რაც მთავარია, მოხდეს კოლაბორაცია დოკუმენტებზე ფაილის გადაგზავნის გარეშე. თანამედროვე ადამიანს მინიმუმ სამი მოწყობილობა მაინც აქვს – ერთი სამსახურისთვის, ერთი სახლისთვის, ერთიც მობილური ტელეფონი. Office 365 ციფრულ ცხოვრებაზე ერთი ექაუნთით წვდომის გასაღებია.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია Azure-ი, რომელიც როგორც სერვისი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვისა და სრულიად IT მომსახურეობის აუტსორსინგის შესაძლებლობას იძლება.
წლების წინ ბილ გეიტსს სურვილი ჰქონდა, კომპიუტერი ფართო მოხმარების საგნად ექცია, რასაც გარკვეულწილად მიაღწია კიდეც. ახლა უკვე ციფრულ ეპოქაში, რა არის “მაიქროსოფთის” მთავარი გამოწვევა?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გამოწვევა “ქლაუდია”, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები. შემდეგი, რასაც უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ – ხელოვნური ინტელექტია. უკვე ძალიან დიდი ინვესტიციები იდება, რომ გვყავდეს პერსონალური ასისტენტები, რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები იქნებიან და დაგვეხმარებიან, რომ საკუთარი საქმე, მიუხედავად მოქმედების სფეროსი, გაცილებით მაღალი ეფექტიანობით შევასრულოთ, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ კაცობრიობის პროგრესს ემსახურება.