Co-working-ინდუსტრია საოფისე ბაზარზე მსხვილი მოთამაშე ხდება - ჯინო დოლინი

Co-working-ინდუსტრია საოფისე ბაზარზე მსხვილი მოთამაშე ხდება - ჯინო დოლინი

მეტი Co-working-სივრცე ნიშნავს მეტ ტექნოლოგიურ სტარტაპს, მეტი ტექნოლოგიური სტარტაპი კი ინტელექტუალური რესურსის მეტ ექსპორტს, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი მიდგომა აქვთ Terminal-ში, სადაც არ ჩერდებიან. საერთო სამუშაო სივრცეები საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, ამ მიმართულების განვითარების ავტორად კი Terminal-ი მოიაზრება. Forbes Georgia კომპანიის დირექტორ ჯინო დოლინის ინტერვიუსთვის ეწვია. ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე განლაგებულ ფილიალში მისულებმა თავდაპირველად ვერც ერთი სამუშაო სივრცე ვერ ვნახეთ თავისუფალი, ინტერვიუ რომ ჩაგვეწერა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Terminal-ის სივრცეების დატვირთულობა და მოთხოვნა დიდია.

თქვენთან ინტერვიუ ზუსტად ერთი წლის წინ ჩავწერე, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ახალი დაწყებული იყო, თქვენ რამდენიმე ახალ ფილიალს მაინც ხსნიდით. რა შედეგები გაქვთ ამ ერთ წელიწადში?

შედეგები აშკარაა:  ამ ერთ წელიწადში Terminal-ის ყველა ფილიალში დაკავებულობის მაჩვენებელი თვიურად 59%-მდე გადაიზარდა. როდესაც პანდემია დაიწყო, მოლოდინი იყო, რომ 30-33%-იანი დატვირთულობა გვექნებოდა, თუმცა ამ რიცხვებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, ეს შედეგი გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ პანდემიის პერიოდი.

თავიდანვე შევნიშნეთ, რომ საქართველოში გადმოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი ბევრ უცხოელს გაუჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ აამოქმედა. ამიტომაც ჩვენ ვებგვერდის www.terminal.center შექმნა დავაჩქარეთ, რათა მათ ჰქონოდათ ინფორმაციაზე წვდომა და ენახათ, რომ ამ ქვეყანაში co-working-სივრცეები არსებობს. ზოგადად, როდესაც უცხოელი სხვა ქვეყნიდან მუშაობას აპირებს, ის აუცილებლად ეძებს სივრცეს, საიდანაც მუშაობას შეძლებს, შესაბამისად, საქართველოში გადმოსვლის  ერთ-ერთი პლუსი ისიც იყო, რომ აქ საერთო სამუშაო სივრცეები არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ Terminal-ი რეგიონში ყველაზე მსხვილი და ყველაზე სწრაფად მზარდია co-working-სივრცეების კუთხით, ძალიან ბევრი ჩამოსული უცხოელი სწორედ ჩვენთან მოვიდა. ბევრი ექსპატი აქ დაფუძნდა და ამანაც შეგვიწყო ხელი, ასეთი სწრაფი ზრდა რომ გვქონოდა.

ასევე, 2020 წლის შედეგებში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ძალიან საამაყო ჯილდო – გავხდით EuroAsian Startup Awards-ის გამარჯვებული, ანუ საერთაშორისო ჟიურიმ აღმოსავლეთ ევროპის 2020 წლის საუკეთესო co-working-სივრცედ დაგვასახელა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ საერთაშორისო ბრენდი.

როგორია თქვენი მთავარი რიცხვები? მომხმარებლები? თანამშრომლები? შემოსავლები?

ამ ერთ წელიწადში ჩვენ სამი ფილიალი გავხსენით: საბურთალოზე, ვარდების ბაღში და ჭავჭავაძეზე „აქსის თაუერსის“ ბიზნესცენტრში. ასევე დასაქმებულების რიცხვი 20-დან 70-მდე გავზარდეთ. 120 წევრიდან 500 ლოიალურ მომხმარებლამდე ავედით. დღეს უკვე, ჯამში, ყველა ფილიალში ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა 3000-ს აღწევს. ეს მცირე რაოდენობა არ არის. ზრდა არის ძალიან სწრაფია. გამოდის, რომ ჩვენ სამჯერ გავიზარდეთ და შემოსავლებიც, შეიძლება ითქვას, პირდაპირპროპორციულად გაიზარდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩვენ კიდევ ვფართოვდებით.

როგორც ცნობილია, თქვენი შემდეგი გაჩერება ბათუმია. რა პერსპექტივას ხედავთ იქ?

ახლა შესაბამისი ფართის ძებნის პროცესში ვართ. ბათუმში უკვე არის მზაობა და მოთხოვნაც, რომ იყოს ასეთი სივრცე. ბათუმშიც ბევრი ექსპატი და დისტანციურად მომუშავე ადამიანია. შესაბამისად, 2022 წლიდან უკვე იქაც ვიქნებით წარმოდგენილი. ვვარაუდობთ, რომ 120-კაციანი სივრცე გაჩნდება, ამას პლუს რამდენიმე შეხვედრების ოთახი და ინდივიდუალური ოფისებიც გვექნება. ეს პირველ ეტაპზე, და შემდეგ უკვე ვნახავთ, როგორ ამუშავდება. თუ მოთხოვნა გაიზრდება, რა თქმა უნდა, მეორე ფილიალსაც დავამატებთ. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, უფრო ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გავაკეთებთ ალბათ არჩევანს.

ერთ დღეს ალბათ საზღვრებსაც გასცდებით…

კი, რა თქმა უნდა. თარიღს ჯერ ვერ ვიტყვით, ვინაიდან მანამდე თბილისის გარეუბნებშიც მოვიაზრებთ ახალი ფილიალების გახსნას, მათ შორის – გლდანში. ქუთაისითაც დაინტერესებული ვართ, ამიტომ ბათუმის შემდეგ ქუთაისზეც ვიფიქრებთ. რამდენიმე წელიწადში კი ვფიქრობთ, რომ Terminal-ი ჩეხეთსა და ესტონეთშიც გაჩნდება. ეს უკვე მომდევნო ორი წლის პერსპექტივაა.

რატომ ეს ქვეყნები?

იმიტომ რომ ამ ქვეყნებში სტარტაპეკოსისტემა სწრაფი ტემპით იზრდება და ვითარდება და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, ეს ორი ქვეყანა კარგი არჩევანია. ბერლინში, მაგალითად, სადაც ალბათ ყველაზე ადრე გაიხსნა მსგავსი სივრცეები, სხვებს კონკურენციას ჯერ ასე მარტივად ვერ გავუწევთ. ესტონეთსა და ჩეხეთში კი საერთო სამუშაო სივრცეები შედარებით ახალია და ჩვენი ბრენდი კარგად იმუშავებს.

პანდემიამ და ლოქდაუნებმა ყველას მისცა ფიქრის დრო და საშუალება, გადაეხალისებინათ იდეები, ბიზნესები, ახალი მიმართულებები ჩამოეყალიბებინათ, რა შეიცვალა Terminal-ში?

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიზნესზე, პანდემიის კრიზისმა ჩვენზეც ძალიან იმოქმედა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაშინვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ როდესაც ეს დამთავრდება, ჩვენ ფართოდ უნდა გაგვეღო კარი და კარგად მომზადებულები ვყოფილიყავით. შესაბამისად, გავხდით მომხმარებელზე უფრო მეტად მორგებული და მათზე ორიენტირებული. ჩვენ დავაკვირდით ბიზნესცენტრების მომხმარებელთა ქცევას და პრობლემებს და მივხვდით, რომ მოქნილობა იყო პრიორიტეტული და ჩვენ ეს მომხმარებლისთვის უნდა შეგვეთავაზებინა. ამიტომაც შევქმენით ახალი პაკეტები, შეთავაზებები. მაგალითად, დავამატეთ მოკლევადიანი პაკეტებიც, როდესაც ადამიანი სახლიდან მუშაობს, მაგრამ ერთი-ორი დღე სურს, რომ მარტო, განცალკევებით იმუშაოს, თან საქმიანი შეხვედრებიც გამართოს და  უფრო პროდუქტიული იყოს.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომხმარებელს შევთავაზეთ, არის ახალი Terminal Card-ი, რომელიც ათობით ბიზნესობიექტით სარგებლობის უფლებას აერთიანებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენი წევრების ხასიათს, ქცევას, ინტერესებსა და საჭიროებებს, რაზე დაფუძნებითაც  სწორედ ის ბიზნესობიექტები შევარჩიეთ, სადაც მათ სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის საშუალება მიეცათ.  .არჩევანი მაქსიმალურად შევაჩერეთ  ქართულ ბრენდებზე. ასე შეიქმნა Terminal-ის lifestyle-ი, რასაც ჩვენი წევრების მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. „თქვენ ჩვენზე იზრუნეთ“, – გვეუბნებოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ. Terminal-ს წევრების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ კომფორტულ სამუშაო გარემოს:  „მოვედი, საოფისე ფართი ვიქირავე“ არ არის მხოლოდ. უნდა იგრძნობოდეს, რომ Terminal-ი მუდმივად ფიქრობს თავისი წევრის განვითარებაზე, წინსვლასა და კომფორტზე. ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებაც გავმართეთ, სადაც ჩვენს წევრებს შორის კომუნიკაცია შედგა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ შექმნილი კომუნა იყოს ძლიერი, ამიტომაც ყოველდღიურად ვზრუნავთ მათზე. კომუნა არის სწორედ ჩვენი წევრები.

ცნობილია, რომ თქვენს კომუნაში იბადებიან სტარტაპები. მათზე მოგვიყევით…

დიახ. ეს არის ჰაბი, სადაც დამწყები სტარტაპები იზრდებიან. ცნობილია, რომ როდესაც სტარტაპი იქმნება, ისინი ეძებენ ბიუჯეტურ და მოქნილ სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებენ მსგავსი გამოცდილების სტარტაპერებისგან გაიზიარონ გამოცდილება და ცოდნა, ასევე ეძებენ მათნაირ ხალხს, და მათგან იზიარებენ გამოცდილებას და ცოდნას. ჩვენ გვყავს რამდენიმე სტარტაპი, რომლებიც აქ მოვიდნენ მხოლოდ იდეით, რამდენიმეკაციანი გუნდით და ახლა გაზრდილი გუნდით საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ. მაგალითად, Cardeal – ი და Pulsar-ი ჩვენ თვალწინ განვითარდნენ, რაც ჩვენთვის ძალიან ემოციური და საამაყოა.

ასევე, არიან სტარტაპები, რომლებიც ჩვენთან იბადებიან, მაგალითად  Kernel-ი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მიაღწია წარმატებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დავეხმაროთ მათი სტარტაპი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. ჩვენ მათ ვუქმნით ისეთ გარემოს და პირობებს, რომ ისინი 100%-ით პროდუქტიულები იყვნენ. მათ თავიანთი დრო თავიდან ბოლომდე უნდა დახარჯონ საქმეზე და არა ისეთი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა კომუნალურების გადახდა, ინტერნეტის უზრუნველყოფა, დალაგების სერვისი, შეხვედრების ორგანიზება. ჩვენ მათ ვეუბნებით, დასხედით და თქვენ მხოლოდ საქმეზე იფიქრეთ, დანარჩენს ჩვენ უზრუნველვყოფთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან Silicon Valley-დან ჩამოვიდა მენტორი, რომელიც ჩვენი წევრი გახდა. რატომ? იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ადგილი, სადაც სწორედ ასეთ შემოქმედებით ხალხს ნახავენ, გაიცნობენ, და ხელს შეუწყობენ, რომ ბაზარზე გაიყვანონ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაორგანიზებთ სტარტაპებისთვის ჰაკათონს. დეკემბერში უნგრელ პარტნიორებთან ერთად 150-კაციანი სამდღიანი ჰაკათონი უნდა ჩავატაროთ.  საქართველოში ჩამოვლენ Silicon Valley-ის წამყვანი მენტორები და აქ იმუშავებენ სტარტაპერებთან ერთად. ეს ჩვენი წევრებისთვის იქნება ძალიან დიდი ბენეფიტი, ვინაიდან მათ ექნებათ ამ მენტორებთან წვდომა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი საერთო სამუშაო სივრცეები თუ არ იქნება, ქვეყნის სტარტაპეკოსისტემა  ვერ განვითარდება.

საერთო სამუშაო სივრცეების განვითარების ტენდენციებზეც მინდა გკითხოთ:  როგორ ფიქრობთ, როგორია ამ ინდუსტრიის სამომავლო განვითარება? საქართველოშიც და მსოფლიოშიც…

2020-ის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 20 000 Co-working-სივრცეა, რომელთაც ჯამში 3 მლნ წევრი ჰყავთ. მოლოდინია, რომ ორ წელიწადში ეს რიცხვი აუცილებლად გაორმაგდება. პანდემიის შემდგომმა პერიოდმა და 2021 წლის პირველმა ნაწილმა დაგვანახვა, რომ ეს შეუჩერებელი ტენდენციაა. ჩვენი შიდა კვლევის შედეგად  გამოიკვეთა, რომ 2023 წელს co-working-სივრცეები მეიჯარე/საოფისე ბაზარზე საკმაოდ მსუყე წილს დაიკავებს. არა მხოლოდ Terminal-ი, არამედ ზოგადად. ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალი მსგავსი სივრცე იქმნება, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. გვიხარია, რომ ქვეყანაში ეს ინდუსტრია იზრდება და ასევე გვიხარია კონკურენციაც, რაც ჩვენ გვაძლიერებს.  უფრო მეტად გვხდის განვითარებაზე ორიენტირებულს. თუმცა ჩვენ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ და თუ სწორი ნაბიჯით ვივლით, Terminal-ი ბაზარზე ყოველთვის ლიდერი იქნება.

გარდა ამისა, საქართველო ნელ-ნელა ხდება სტარტაპერებისთვის ერთ-ერთი ჰაბი. მაგალითად, სტარტაპეკოსისტემის წარმომადგენელი იაპონელები და  ბელორუსები აპირებენ აქ ჩამოსვლას. ამის მიზეზი ბევრია. ერთი, რომ საქართველო არის იაფი ქვეყანა, მას აქვს კარგი სამზარეულო, ფრენები უფრო ხელმისაწვდომია, სასიამოვნო და მეგობრული გარემოა, და ამას ახლა უკვე ემატება საერთო სამუშაო სივრცეებიც, რომლებიც უცხოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი როლი ამ პროცესში ძალიან დიდია, ვინაიდან ისინი აქ პოულობენ ერთმანეთს, აქ ქმნიან ერთგვარ კომუნას, აქ მუშაობენ და ვითარდებიან. ხოლო, თუ co-working-სივრცეები ქვეყანაში განვითარებულია, ისინი თამამად მოიზიდავენ უცხოელ საქმიან ადამიანებს, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.