კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა, ტელევიზიების მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ რეკლამის დამკვეთები ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც ამაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ.
როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში „ტელეიმედს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“-მა, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, „ნესტლე საქართველო“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „ავერსი ფარმა“-მ, „Reckitt Benckiser healthcare“-მ და „მაკდონალდსმა“ გადაუხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „იბერია რეფრეშმენტსი“-მა დახარჯა.
„რუსთავი 2“-ში (მედია ჰოლდინგი) რეკლამებისთვის „პსპ ფარმა“-მ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯეს, „ავერსი ფარმა“-მ და „ნესტლე საქართველო“-მ 50 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „მარტინ პამაჩ“-მა, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare“-მ, „ლაქტალის ჯორჯია“-მ, „თიბისი ბანკმა“ და „იბერია რეფრეშმენტსმა“ 7 000-დან 50 000 ლარამდე.
ComCom-ისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, „პოსტვ“-ზე რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „ჯეოკეპ“-მა, „შპს სადისტრიბუციო კომპანიამ“, „ბუნებრივმა აირმა“, „სტერეო+“-მა, „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხა „ქართული რძის პროდუქტებმა“, შპს „ბუნება“-მ, გიორგი სანებლიძემ, „ტიფლის ფაბ“-მა და შპს „გრინ ლენდი“-მ დახარჯეს.
რაც შეეხება „მთავარი არხს“, ამ ტელეკომპანიას 100 000-დან 500 000 ლარამდე სარეკლამო დაკვეთა “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „პსპ ფარმა“-მ და „ავერსი ფარმა“-მ მისცეს. რეკლამებში 50 000-დან 100 000 ლარამდე „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, „მაკდონალდსმა“, „სელფი მობაილ“-მა და „დიპლომატ ჯორჯია“-მ დახარჯეს, Henkel Central Asia Caucasus-მა, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-მ და „გლოვო“-მ კი ტელევიზიას 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს.
„ტელეკომპანია პირველის“ უმსხვილესი დამკვეთი იყო „პსპ ფარმა“, რომელმაც კომპანიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადა. მეორე ადგილზე, 50 000-დან 100 000 ლარამდე დანახარჯით, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“. ტელევიზიაში რეკლამებისთვის 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს კომპანიებმა: „პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „მაკდონალდსი“, „ევრომეტალი“, „სელფი მობაილ“, „სილქნეტი“, „ლიბერთი ბანკი“ და „დანკინ დონათსი“.
ComCom-ის ინფორმაციით, „ფორმულას“ დამკვეთ უმსხვილეს კომპანიებს შორის ვხვდებით „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „პსპ ფარმას“, რომლებმაც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს. კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს არიან: „თეგეტა მოტორსი“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, „თიბისი ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „შპს სადისტრიბუციო კომპანია“, „ემტექნიკსი“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“.
„ჯი-დი-ეს“-ის დამკვეთები, რომლებმაც მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაუხადეს არიან: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, Reckitt Benckiser healthcare, „იბერია რეფრეშმენტსი“, Henkel Central Asia Caucasus, „გლოვო“, „ნესტლე საქართველო“, „ვოლტი“, „მონდელიზ საქართველო“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ლაქტალის ჯორჯია“.