განათლების ონლაინპლატფორმა Coursera-ს განცხადებით, ის კონკურენტ კომპანია Udemy-ს შეისყიდის, რის შემდეგაც კომპანიების ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდს გაუტოლდება.
Coursera-ს ინფორმაციით, Udemy-ს აქციონერები მათ კუთვნილ ყოველ აქციაზე Coursera-ს 0.8 აქციას მიიღებენ. ეს კი, Reuters-ის კალკულაციით, Udemy-ს ღირებულებას $930 მილიონად აფასებს.
აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე Coursera-ს აქციათა ფასი 4%-ით, Udemy-სი კი 22%-ით გაიზარდა.
კომპანიების განცხადებით, პლატფორმების კომბინირებით ისინი კორპორაციულ მოთხოვნას თანამშრომლების გადამზადებაზე უკეთ გაუმკლავდებიან, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. მოგეხსენებათ, დამსაქმებლები საკუთარი თანამშრომლების უნარებს მეტწილად სწორედ აღნიშნული მიმართულებებით ავითარებენ.
კომპანიების ცნობით, შეთანხმება მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიხურება. მანამდე კი გარიგებამ მარეგულირებლებისა და აქციონერების ნებართვა უნდა მოიპოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია განათლების ინსტრუმენტების ონლაინპლატფორმაა, მათი ფოკუსი მცირედით მაინც განსხვავდება. შედარებისათვის, Coursera უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, რათა მომხმარებლებს განათლების ხარისხის მისაღები პროგრამები და პროფესიონალური სერტიფიკატები შესთავაზოს. Udemy კი ძირითადად იმ ინდივიდიალური ინსტრუქტორების პლატფორმად პოზიციონირებს, რომლებიც ბიზნესებს ან საცალო მომხმარებლებს ინდივიდუალურ კურსებს ან გამოწერის სერვისს მიჰყიდიან.
ცნობისთვის, წელს Udemy-ს აქციათა ფასი 35%-ით, Coursera-სი კი 7%-ითაა შემცირებული. კომპანიების ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ შერწყმა პლატფორმების ფინანსურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

















