Credit Suisse-ი 9,000 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

Credit Suisse-ი 9,000 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

ფინანსური კრიზისისა და უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგების დაფიქსირების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი სამსახურიდან 9,000 თანამშრომელს ათავისუფლებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, 2025 წლამდე Credit Suisse-ის თანამშრომლების რაოდენობა 52,000-დან 43,000-მდე შემცირდება, რაც “რადიკალური რესტრუქტურიზაციის” სტრატეგიის ნაწილია და ის კომპანიის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Credit Suisse-ი $4.1-მილიარდიან ზარალზე გავიდა, რამაც ანალიტიკოსების ყველაზე ნეგატიურ მოლოდინებსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

Credit Suisse-ის მენეჯმენტის მიერ კომპანიის აქციონერებისთვის გაგზავნილ განმარტებით წერილში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული თანხა არ წარმოადგენს პირდაპირ საოპერაციო ზარალს და ის, უმეტესწილად, გადავადებული კრედიტების გადაფასებით, აქტივების ნაწილის ჩამოწერითა და ახალი სტრატეგიული შეფასებითაა განპირობებული, შესაბამისად, ეს მონაცემები ინვესტორებმა განგაშის სიგნალად არ უნდა მიიღონ.

მიუხედავად კომპანიის მენეჯმენტის ახსნა-განმარტებებისა, საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება ერთ დღეში თითქმის 15%-ით დაეცა, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ბანკის ახალარჩეული გენერალური დირექტორის, ულრიხ კორნერის განცხადებით, “რადიკალური რესტრუქტურიზაციის” სტრატეგია ოფიციალურად დაწყებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში ინვესტორები მაღალი ვოლატილობისთვის მზად უნდა იყვნენ.

კორნერის განმარტებით, Credit Suisse-ის საინვესტიციო პორტფელში მაქსიმალურად შემცირდება მაღალრისკიანი აქტივებისა და კრედიტების რაოდენობა, გარდა ამისა, ძირითად ბანკს გამოეყოფა დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკი, რომლის სახელწოდება CS First Boston-ი იქნება. CSFB-ის აქციები საფონდო ბირჟაზე ცალკე განთავსდება და მას საკუთარი მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭო ეყოლება.

Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის ახალი სტრატეგია ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულების გაძლიერებას და შვეიცარიული ბანკის შებღალული რეპუტაციის აღდგენას ითვალისწინებს, რაც წლების განმავლობაში უამრავმა სასამართლო დავამ, საერთაშორისო სკანდალმა და იმედგამაცრუებელმა კვარტალურმა შედეგმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას Credit Suisse-მა $234-მილიონიანი ჯარიმის სანაცვლოდ საფრანგეთში მიმდინარე სასამართლო დავის დასრულება გადაწყვიტა.

გარდა ამისა, გასულ კვირას შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტმა $495-მილიონიანი ჯარიმის სანაცვლოდ 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული სასამართლო დავის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღნიშნული საქმე აშშ-ში იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით საკითხს უკავშირდებოდა, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი საინვესტიციო ბანკი და ჰეჯ-ფონდი იყო ჩართული, მათ შორის, Credit Suisse-იც.

2008 წლის კრიზისის შემდეგ, Credit Suisse-ი არაერთ სასამართლო დავაში აღმოჩნდა, მათ შორის ბანკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანის მომტანი გასულ წელს დასრულდა სადაზღვევო კომპანია MBIA-სთან – ჯარიმის მოცულობამ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიუხედავად დასრულებული დავებისა, Credit Suisse-ის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული, აშშ-ში ბანკის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო, ბიძინა ივანიშვილთან დავა კი ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, მარეგულირებლის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, იზრდება იმის შანსი, რომ Credit Suisse-მა აშშ-ის ბაზარი დატოვოს, ბანკის ძირითადი საქმიანობის პროფილი კი შეცვალოს.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, Credit Suisse-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში 57%-ითაა შემცირებული, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 10.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 2007 წელს მისი საბაზრო ღირებულება 88 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *