დააანონსეს სუპერკომპიუტერი, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედებით იმუშავებს

დააანონსეს სუპერკომპიუტერი, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედებით იმუშავებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები „ბიოკომპიუტერის“ შექმნას გეგმავენ, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედების დახმარებით იმუშავებს. მკვლევართა გეგმები დეტალურადაა აღწერილი ჟურნალ Frontiers in Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

როგორც ცნობილია, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ ეტაპზე ტვინის მცირე ზომის ორგანოიდებზე მუშაობენ – ლაბორატორიაში გაზრდილ ქსოვილზე, რომელიც ჩვეულებრივი ორგანოების შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს. მათი მეშვეობით მკვლევრები ეთიკური ბარიერის გადალახვას შეძლებენ, რომელსაც კვლევებში ადამიანის ტვინის უჯრედების გამოყენების შემთხვევაში აწყდებიან.

ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომას ჰარტანგმა 2012 წელს ადამიანის კანის ნიმუშებიდან აღებული უჯრედების რეპროგრამირება და მათი ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მსგავს მდგომარეობაში გადაყვანა შეძლო. შედეგად კი, ეს უჯრედები ფუნქციურ ორგანოიდებად გარდაქმნა. თითოეული ორგანოიდი დაახლოებით 50,000 უჯრედს შეიცავდა. ჰარტანგის თქმით, ფუტურისტული კომპიუტერები სწორედ მსგავსი ორგანოიდების გამოყენებით შეიქმნება.

ტომას ჰარტანგის განცხადებით, კენტუკიში არსებულმა უახლესმა სუპერკომპიუტერმა, რომლის ღირებულება 600 მილიონი აშშ დოლარია და 632 კვადრატულ მეტრამდე ინსტალაციას წარმოადგენს, გასული წლის ივნისში, პირველად გადააჭარბა ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს, თუმცა მილიონჯერ მეტი ენერგიის გამოყენების წყალობით.

პროფესორის თქმით,  ლაბორატორიაში გამოყვანილი ორგანოიდების დახმარებით სუპერკომპიუტერების მიერ გამოყენებული ენერგიის მნიშვნელოვნად შემცირება იქნება შესაძლებელი. თუმცა, მისივე შეფასებით, იდეის რეალობად ქცევას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *