დაბალბიუჯეტური კომპანია Jazeera Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს

დაბალბიუჯეტური კომპანია Jazeera Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც ირკვევა, Jazeera Airways-ი ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულებას 14 ივნისიდან შეუდგება. ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, 16 სექტემბრის ჩათვლით შეასრულებს.

შეგახსენებთ, Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა და ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით კი აეროპორტების გაერთიანება ქუვეითურ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

Jazeera Airways-ი 2004 წელს ქუვეითის დედაქალაქ ელ-ქუვეითში დაფუძნდა. ავიაკომპანია რეისებს 50-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.