დაგროვებითი მომავალი | ინტერვიუ გიორგი დანელიასთან

დაგროვებითი მომავალი | ინტერვიუ გიორგი დანელიასთან

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან ოთხი წელი გავიდა. ამ დრომდე, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა 2,5 მლრდ ლარს აჭარბებს. ჯამური ამონაგები 35.6%-ია, რეალური ამონაგები კი, ინფლაციის გათვალისწინებით, 1%-ს შეადგენს. მაღალი ინფლაციის ფონზე და რისკების დაზღვევის მიზნით, საპენსიო სააგენტოს მთავარ ამოცანას საინვესტიციო პორტფელის გაძლიერება წარმოადგენს. ამჟამად, ფონდის აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატში მაღალ საპროცენტო განაკვეთშია (12-13%) ინვესტირებული, რაც აქტივების 68%-ს შეადგენს. ქართული ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე აქტივების 5%, გლობალურ საფონდო ინდექსებში 9%, ხოლო საქართველოს სუვერენულ ევროობლიგაციებში 1%-ია ინვესტირებული. Forbes Georgia-სთან საპენსიო ფონდის ოთხ წელიწადს სააგენტოს დირექტორი, გიორგი დანელია აჯამებს.

ბატონო გიორგი, დავიწყოთ ბოლო რიცხვებით. რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?

დანაზოგით სარგებლობა მომხმარებლებმა განსაკუთრებით აქტიურად გასული წლიდან დაიწყეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სქემის მონაწილეების ნაწილს საპენსიო ასაკი უკვე უწევდა. ამ დრომდე, დაგროვებითი პენსიით უკვე 2238-მა ადამიანმა ისარგებლა. ჯამურად 4 მლნ 987 037 ლარია გაცემული. აღსანიშნავია, რომ დაგროვებული დანაზოგით სარგებლობა ოთხი მიზეზით შეიძლება. პირველი – საპენსიო ასაკი, მეორე – თუ მომხმარებელი შშმ პირის სტატუსს მიიღებს, მესამე – თუ სქემის მონაწილე ქვეყანას სამუდამოდ დატოვებს და სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად და მეოთხე – გარდაცვალება. ამ შემთხვევაში დანაზოგით გარდაცვლილის მემკვიდრე სარგებლობს, მას შეუძლია, ან გაიტანოს ის, ან თავის დანაზოგს დაამატოს და გააგრძელოს დაგროვება.

რაც შეეხება ფონდის ზრდას, ყოველთვიურად ფონდში დაახლოებით 60 მლნ ლარის ოდენობის კონტრიბუცია შემოგვდის. შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი, ბუნებრივია, გაზრდილია, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო სქემაში და მეორე მხრივ, საჯარო და კერძო სექტორში ხელფასები გაიზარდა, რამაც საერთო ჯამში საპენსიო შენატანების ზრდა გამოიწვია.

რამდენმა ადამიანმა თქვა უარი ამ სისტემაში ჩართვაზე?

როგორც მოგეხსენებათ, სისტემა სავალდებულოა, თუმცა არსებობდა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია (კანონის მიღების დროს 40 წელზე უფროსი მოქალაქეები), რომელთაც ჰქონდათ სქემის დატოვების ფანჯარა. შესაბამისად, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე სქემიდან 169 624 პირი გავიდა, 254 557 კი დარჩა. პროცენტულად რომ შევადაროთ, სქემიდან იმ ადამიანების 40% გავიდა, ვისაც ამის უფლება ჰქონდა. ხოლო 60% დარჩა. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვყავს ადამიანები, რომლებიც სქემიდან ჯერ გავიდნენ და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ. ალბათ დაინახეს, რომ ეს სისტემა მუშაობს. ეს ერთი მხრივ, ჩვენთვის სიგნალია, რომ მომხმარებლებთან უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, რათა ზუსტად გაიგონ, როგორ და რა პრინციპით იმართება მათი დანაზოგები.

საპენსიო ფონდის შექმნის დღიდანვე პერიოდულად იქმნება აჟიოტაჟი, რომ მოქალაქეთა დანაზოგებს საფრთხე ემუქრება. რის საფუძველზე შეგიძლიათ საზოგადოების დარწმუნება, რომ მათი დანაზოგები უსაფრთხოდაა?

ეს სააგენტოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, საზოგადოების წინაშე მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. ვაქვეყნებთ ყოველთვიურ სტატისტიკას, ყოველთვიურ საინვესტიციო ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, სად არის დანაზოგები, რა მოგებას აგენერირებს და ა.შ. ამასთან, ვცდილობთ, ხაზი გავუსვათ, რომ ის დანაზოგები, რაც ჩვენთან გროვდება, არა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა, არამედ მათსავე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აკუმულირებული დანაზოგებია. ამ დანაზოგებს ჩვენ ვმართავთ, თუმცა რეალურად არის სქემის მონაწილეების ისეთივე საკუთრება, როგორიც ნებისმიერი სხვა რამ, უძრავი თუ მოძრავი ქონება, საბანკო დეპოზიტი და ა.შ. უფრო მეტიც, საპენსიო დანაზოგი ყველაზე მეტად დაცული ქონებაა, ვინაიდან მასზე, მაგალითად: ყადაღა და აღსრულება არ ვრცელდება. შესაბამისად, ის რისკი, რომ ჩვენს დანაზოგს ვიღაც პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს, ფაქტობრივად გამორიცხულია.

მეტიც, დანაზოგების დაცულობის გარანტორი არის კანონი, რომელშიც მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ, სად და რა ფორმით შეიძლება დანაზოგების ინვესტირება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია სააგენტოს სტრუქტურაც. ჩვენი კორპორაციული მოწყობა შემდეგნაირია: გვაქვს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისგან. მათი პასუხისმგებლობა ძირითადად სააგენტოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს ფონდის ადმინისტრირებას, კონტრიბუციების შეგროვებას, ფონდის ბიუჯეტირებას, პენსიის გაცემას და ა.შ. საინვესტიციო საბჭო, კი სრულიად დამოუკიდებელია – მას საერთაშორისო შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ხუთი წევრით აკომპლექტებს პარლამენტი და არეგულირებს ეროვნული ბანკი. საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და ეროვნული ბანკის ზედამხედველობით საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციას ახდენს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საინვესტიციო საბჭოში შედიან ისეთი პროფესიონალები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპენსიო ფონდების მართვის უდიდესი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, ოლივიერ რუსსო, რომელიც საფრანგეთის სარეზერვო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ის საბჭოს თავმჯდომარეობს. ასევე საბჭოში გვყავს ტიმო ვიჰერკენტა, რომელიც ფინეთის საპენსიო ფონდის დირექტორი იყო. მაიკლ რიდლი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს საინვესტიციო ბანკის მიმართულებით. ის JP Morgan-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და ახლა ისლანდიის მთავრობის მრჩეველია, და ჟან ფრედერიკ პოლსენი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტია. ეს არის ხალხი, ვინც რეალურად ჩვენი დანაზოგების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს.

თუმცა მაღალი ინფლაცია პრობლემაა და დარიცხულ რეალურ სარგებელზე გავლენა აქვს. როგორ ებრძვით ინფლაციურ გავლენებს?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მინიმუმ, ინფლაციას ვაჯობოთ და რეალური ამონაგები დავაგენერიროთ. ბუნებრივია, ინფლაციაზე კონტროლი ვერ გვექნება და ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა, თუ რამხელა პრობლემაა ის ჩვენთვისაც. თუმცა ჩვენი საინვესტიციო მანდატი ისეა მოწყობილი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ინფლაციური რისკები გარკვეულწილად დავაზღვიოთ. ამას ვაკეთებთ პორტფელის დივერსიფიცირებით. ჩვენ ინვესტიცია მხოლოდ ერთ აქტივში არ გვაქვს განხორციელებული, აქტივების რამდენიმე სხვადასხვა კლასი გვაქვს, სადაც შეიძლება დანაზოგები განვათავსოთ და რის ხარჯზეც შესაძლებელია ინფლაციური რისკების შემცირება.

კანონის მიხედვით, ჩვენ პირველი ხუთი წლის განმავლობაში უნდა ვიყოთ ნაკლებადრისკიან პორტფელში. ამ მხრივ, ქართულ რეალობაში, კანონით დაშვებული რისკისა და სარგებლის ყველაზე კარგ კომბინაციას გვაძლევს საბანკო პროდუქტები, დეპოზიტები. შესაბამისად, რაღაც პერიოდი ჩვენი მთლიანი დანაზოგები დეპოზიტებში იყო განთავსებული. ხოლო მას შემდეგ, რაც სპეცდეპოზიტარი ავიყვანეთ, მოგვეცა საშუალება, რომ თანხა სხვადასხვა ინსტრუმენტში გადაგვენაწილებინა. ეს სხვადასხვა ინსტრუმენტი კანონის მიხედვით არის უცხოური ვალუტა, ჩვენს შემთხვევაში – დოლარი; გლობალური ფასიანი ქაღალდები; სახაზინო ობლიგაციები და კორპორაციული ობლიგაციები. აქტივების თითოეულ ამ კლასს კანონის მიხედვით, განსაზღვრული აქვს ლიმიტი, რის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მათში ინვესტირება. მაგალითად, პორტფელის მხოლოდ 20% შეიძლება იყოს დოლარში დენომინირებული.

ბოლო რამდენიმე თვეა, დოლარის შესყიდვა დავიწყეთ და 20%-იან ნიშნულს მივაღწიეთ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ დოლარში თანხის შენახვას საკმაოდ დაბალი სარგებელი აქვს, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოლარით გლობალური ფასიანი ქაღალდები ვიყიდეთ. საბჭომ აირჩია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდექსი – MSCI World ინდექსი, რომელიც 1500-მდე აქციას, 20-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკას და 15-მდე ინდუსტრიას აერთიანებს. ამაში შედის, მათ შორის: „მაიკროსოფტის”, „ტესლას”, „ალფაბეტის” (Google) და სხვა უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაციების აქციები. ჩვენ სწორედ ეს ინდექსი, აქციების „კალათა“ შევიძინეთ. შესაბამისად, დოლარში არსებული თანხის თითქმის ნახევარი უკვე დაბანდებული გვაქვს. ჩვენი გეგმაა, ეტაპობრივად დანარჩენი თანხაც გადავიტანოთ ამ ან სხვა ინდექსში, სადაც უკუგების მიღების კარგი საშუალება გვექნება. უნდა აღინიშნოს, რომ აქციებში ინვესტირება დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა პოტენციურად უფრო მაღალ სარგებელს აგენერირებს. რისკის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კი სწორედ დივერსიფიკაციაა.

გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით პორტფელის მცირე ნაწილი სახაზინო ობლიგაციებშიც გვაქვს დაბანდებული. რაც შეეხება კორპორაციულ ემისიებს, სამწუხაროდ, ეს ბაზარი არ არის ძალიან აქტიური და როგორც კი იქნება ემისია, ჩვენ მზად ვართ, დაბანდების ეს შესაძლებლობაც განვიხილოთ.

ინფლაციის გარდა, რა გამოწვევები აქვს საპენსიო სააგენტოს დეპოზიტების ზრდისა და ზოგადად განვითარების კუთხით?

პირველ რიგში, გამოწვევაა კაპიტალის ადგილობრივი ბაზარი. ჩვენ სწრაფად ვიზრდებით, თუმცა გლობალურ ინსტრუმენტებში ფონდის მხოლოდ 20%-ის განთავსება შეგვიძლია. დანარჩენი, კი ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ანუ გამოდის, 2 მლრდ ლარზე მეტი გვაქვს საქართველოში დასაბანდებელი. თუმცა, თუ კორპორაციული ბონდების კაპიტალის ბაზარი არ განვითარდა, დივერსიფიცირებული ინვესტიციების განხორციელება ძალიან რთული იქნება.

როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას?

ამისთვის ჩვენ კანონში ცვლილებების პროცესი დავაინიცირეთ. ცვლილების ეს პაკეტი გულისხმობს როგორც ტექნიკური დეტალების განახლებას და დაზუსტებას, ასევე საინვესტიციო მანდატის გაფართოებას. ამჟამად, კანონის მიხედვით, საკმაოდ მკაცრი და შეზღუდული საინვესტიციო არეალი გვაქვს. მაგალითად, არ გვაქვს უფლება, ვიყიდოთ ისეთი კომპანიის ბონდი, რომელსაც არა აქვს სუვერენული, ან ერთი საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგი. ცხადია, ლოკალურად მცირეა იმ კომპანიების რიცხვი, ვისაც ასეთი რეიტინგი აქვს. ამიტომ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ კანონის ეს მოთხოვნა მცირედით შევარბილოთ, რათა დასაშვები იყოს საინვესტიციოდ სუვერენული და ორი საფეხურით დაბალი რეიტინგის მქონე კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების განხილვაც.

გარდა ამისა, გვინდა, რომ ე.წ. „სხვა აქტივების” კლასში მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ და გავაჩინოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Covered Bond-ები, Mortgage Backed Securities-ები, REIT-ები და ა.შ. აღნიშნული ინიციატივების შესახებ ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ მისი წარდგენა პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე შევძლოთ.

ასევე საინტერესოა, იკვლევთ თუ არა მომხმარებელთა მხრიდან ნდობის დონეს. იზრდება ამ მხრივ მაჩვენებელი?

ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მომხმარებლის დამოკიდებულების დინამიკას საპენსიო სააგენტოსა და ზოგადად რეფორმის მიმართ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და ამისთვის ყველა შესაძლო პლატფორმას აქტიურად ვიყენებთ. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს, მაგალითად, აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაცია გვაქვს ბუღალტერთა ასოციაციასთან და მათგან მუდმივად ვიღებთ უკუკავშირს სხვადასხვა საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან, მათ შორის სტუდენტებიც, ჩვენ უნივერსიტეტებშიც დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები, სადაც პრეზენტაციებს ვაწყობთ სააგენტოსა და სისტემის შესახებ და ვცდილობთ მათ ჩვენი საქმიანობის შესახებ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ.

აქვე მინდა, ჩვენი სქემის ყველა მონაწილეს შევახსენო, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნონ მათი დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ ჩარიცხვებს, დანაზოგებს, საინვესტიციო შედეგებს და მიიღონ ინფორმაცია პორტფელის განაწილების შესახებ.

თქვენ წლის დასაწყისში განაცხადეთ, რომ 2022 წლის გეგმებში სერვისების სრული დიგიტალიზაცია შედიოდა. რა ეტაპზე ხართ ამ კუთხით?

სერვისების ნაწილი უკვე გავაციფრულეთ. მაგალითად: მომხმარებლებს შეუძლიათ, მათთვის სასურველი ცნობები პირდაპირ მათ პირად საპენსიო გვერდზე მიიღონ. წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, პენსიის დანიშვნის მოთხოვნაც პირადი საპენსიო გვერდის გამოყენებით, დისტანციურად განხორციელდეს.

ხოლო 2023 წლიდან სქემის მონაწილეებს ასევე შეეძლებათ მათთვის სასურველი რისკიანობის პორტფელიც დისტანციურად აირჩიონ. როგორც ხედავთ, პირადი საპენსიო გვერდი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდება ჩვენი მონაწილეებისთვის, ამიტომ სასურველია, თუ ისინი უფრო აქტიურად გამოიყენებენ მას.

ამას გარდა, რა გეგმები გაქვთ წლის ბოლომდე?

USAID-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით სააგენტოს სტრატეგიის დოკუმენტზე ვმუშაობთ, რომელიც თავს მოუყრის ყველა ჩვენს სამომავლო გეგმასა თუ ხედვას.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი პროცესების დანერგვა, რომლებიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო და საოპერაციო რისკის მართვის კუთხით.

რაც შეეხება ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხს, ვგეგმავთ, შემოდგომიდან ჩვენი სერვისები მოქალაქეებს იუსტიციის სახლების დახმარებითაც მივაწოდოთ, რაც სქემის მონაწილეებს სააგენტოსთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

დაბოლოს, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ 2023 წლიდან, რაც საპენსიო პორტფელს უფრო მეტად დააზღვევს და გაამრავალფეროვნებს?

ჩვენ გავაგრძელებთ დივერსიფიცირების პროცესს. მთავარი წინაპირობა ამისთვის არის კანონში ჩვენ მიერ მოაზრებული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, არსებული პორტფელი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წლის აგვისტოდან ნაკლებრისკიანი პორტფელის გარდა, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელიც გვექნება და სქემის მონაწილეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა აირჩიონ, თუ რომელ პორტფელში სურთ საკუთარი დანაზოგების ინვესტირება.

გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ 2026 წლიდან, შესაძლოა უფრო ადრეც, სისტემაში კერძო აქტივების მმართველებიც გაჩნდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სქემის მონაწილეს სურვილი ექნება, მისი დანაზოგი მართოს არა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გუნდმა, არამედ კერძო აქტივების მმართველმა, მას შეეძლება დანაზოგი გადაიტანოს მის მიერ არჩეულ კერძო აქტივების მმართველთან. იმედი მაქვს, რომ მანამდე ეს სექტორი კიდევ უფრო გააქტიურდება და მეტი აქტივების მმართველი კომპანია გაჩნდება, რაც საბოლოოდ სქემის მონაწილეების ინტერესებშია, ვინაიდან მეტი კონკურენცია ყოველთვის უფრო ეფექტიანია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.