დამოუკიდებელი დირექტორები სტარტაპებში

დამოუკიდებელი დირექტორები  სტარტაპებში

ბოლო ათწლეულებში აგორებული კორპორაციული სკანდალების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტი. აშშ ფედერალური მთავრობის მიერ რეკომენდირებული პროცედურების მიხედვით (აქციონერთა თანასწორუფლებიანობა; სხვა დაინტერესებული პარტნიორების ინტერესების დაცვა; სამეთვალყურეო საბჭოს როლი და ვალდებულებები; პატიოსნება და ეთიკური ქცევა; ინფორმაციის გამჟღავნება და გამჭვირვალობა)კომპანიები, რომლებიც საჯაროდ ივაჭრებიან, ვალდებული არიან დირექტორთა საბჭოში შექმნან აუდიტის კომიტეტი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი დირექტორებით. ასევე, NYSE-სა  და NASDAQ-ის ბირჟები ავალდებულებენ ლისტინგში მყოფ კომპანიებს საბჭოში დირექტორების უმეტესობა იყოს დამოუკიდებელი, რომლებიც უნდა აბალანსებდნენ კომპანიის მართვის პროცესს.

როდესაც დამოუკიდებელ დირექტორებზეა საუბარი ძირითადად ფოკუსში ექცევიან საჯარო კომპანიები, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა. უკვე ხშირია დისკუსიები კერძო კომპანიებში დამოუკიდებელ დირექტორთა როლთან დაკავშირებით. მსოფლიო პრაქტიკაში უკვე ხშირად გვხდება შემთხვევები, როდესაც კერძო სტარტაპები საბჭოში იწვევენ დამოუკიდებელ დირექტორებს. ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული კომპანიები საბჭოების ¼-ს აკომპლექტებენ დამოუკიდებელი დირექტორებით.

თუმცა არსებულ ლიტერატურაში რთულია ვნახოთ დამოუკიდებელ დირექტორთა ჩართვის ადექვატური გზები სტარტაპებში. როგორც წესი, დამოუკიდებელ დირექტორებს მოეთხოვებათ განახორციელონ მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების კონტროლი აქციონერთა ინტერესების დასაცავად. ეს თეორია მიესადაგება მხოლოდ საჯარო კომპანიებს, სადაც ერთმანეთისაგან მკვეთრადაა გამიჯნული კომპანიის მართვისა და ფლობის პროცესი. ამის საპირისპიროდ, კერძო კომპანიაში ფლობა კონცენტრირებულია  ინვესტორების ხელში და მათ აქვთ საშუალება პირდაპირ აკონტროლონ მენეჯმენტი. შესაბამისად, დამოუკიდებელ დირექტორებს კერძო სტარტაპ კომპანიებში აკისრიათ სხვა ფუნქცია.

მრჩეველთა საბჭო სტარტაპებში

ახალი ბიზნესის დაწყება მრავალსაფეხურიანი პროცესია და დამწყებმა ბიზნესმენმა ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. როდესაც კომპანიას აფუძნებთ, თქვენ საწყის ეტაპზე მოგეთხოვებათ არამხოლოდ ბიზნესის რეგისტრაცია, ლიცენზიის მიღება ან დაზღვევა, არამედ გარკვეულ ეტაპზე დაგჭირდებათ სამუშაო გუნდის ფორმირება და დირექტორთა ან მრჩეველთა საბჭოს შექმნა.

სტარტაპის ხელმძღვანელები ხშირად განიცდიან მარცხს. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, სტარტაპების წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ია. დამწყები ბიზნესის შანსი მით უფრო იზრდება, რაც უფრო სწორ მიმართულებას აიღებენ დასაწყისშივე. წარმატების შანსი გამოცდილების ზრდასთან ერთად იზრდება. ერთ-ერთი წინაპირობა წარმატების მისაღწევად არის გყავდეს ისეთი მრჩეველი, რომელსაც აქვს გამოცდილება იმ სფეროში, სადაც იწყებთ მუშაობას.  სწორედ ასეთი მრჩევლებით შეიძლება დაკომპლექტდეს მრჩეველთა საბჭო. წარმატებული კომპანიების გამოცდილებაზე დაკვირვება გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას – პატარა, დამწყები ბიზნესიდან დიდ და წარმატებულ ბიზნესად ქცევის განსაკუთრებით დიდი ალბათობაა იმ შემთხვევაში, თუ გყავთ მრჩეველები და/ან მათგან დაკომპლექტებული საბჭო.

სტარტაპმა მრჩეველთა საბჭოს ფორმირებაზე შეიძლება იზრუნოს, როგორც დაფინანსების მიღების შემდეგ, ასევე მანამდეც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ მრჩეველთა საბჭო იცავს თქვენი და თქვენი კომპანიის ინტერესებს და არა ინვესტორების ინტერესებს. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ, მიმართოთ რჩევისთვის, შეკითხვით, დახმარებისთვის და ა.შ.

ბევრი სტარტაპი ქმნის მრჩეველთა საბჭოს, რომლის წევრებსაც ინდუსტრიასთან დაკავშირებით აქვთ გამოცდილება, იმისათვის რომ უფრო წარმატებული გახადონ საკუთარი კაპიტალი, აიმაღლონ ცნობადობა, გუნდს შემატონ ადამიანი შესაბამისი დამატებითი უნარებით და ჰყავდეთ მრჩეველი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა და გამოსავალი კომპანიისათვის, რომლის ბიუჯეტიც შეზღუდულია და არ ყავს დამოუკიდებელი საბჭო.

მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება იმისათვის, რომ მომავალში არ წარმოიქმნას სირთულეები. პირველ რიგში კი უნდა განისაზღვროს მიზანი, რისი მიღება სურს კომპანიას მრჩეველთა საბჭოსა და მისი თითოეული წევრისაგან.

მრჩეველთა საბჭო  vs  დირექტორთა საბჭო

ბევრი ერთმანეთში ურევს სხვადასხვა საბჭოს როლს, აუცილებელია ისინი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ:

  • დირექტორთა საბჭო: ხშირად ხდება მისი ჩამოყალიბება მაშინ, როდესაც ბიზნესი უკვე გამართულად ფუნქციონირებს. დირექტორთა საბჭო ზედამხედველობს ბიზნეს აქტივობებს. სტარტაპებმა შეიძლება შექმნან დირექტორთა საბჭო თუ არსებობს ინვესტორთა მხრიდან მოთხოვნა,  რომელთაც სურთ ანგარიშვალდებულება იმ ფონდებთან დაკავშირებით, რომელსაც გასცემენ კომპანიის დასაფინანსებლად.
  • მრჩეველთა საბჭო: თუ თქვენი სტარტაპი ძალიან სპეციალიზებულია, მრჩეველთა საბჭოს შეუძლია დიდი დახმარება გაგიწიოთ. პიონერებს, ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა მეცნიერება, მედიცინა ან ტექნოლოგიები შეუძლიათ ძალიან დიდი სარგებელი მიიღონ თუ აქვთ მრჩეველთა პატარა საბჭო და ხელმძღვანელობენ მათი რჩევებით.

განსხვავებით დირექტორთა საბჭოსგან, მრჩეველთა საბჭოს მთავარი დანიშნულება არის ბიზნესის უზრუნველყოფა რჩევებით, რომელიც დაფუძნებულია საბჭოს წევრების ცოდნასა და გამოცდილებაზე. მათი მიზანია მოგცენ რჩევები და მხარი დაგიჭირონ და არა გაკონტროლონ.

ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი განსხვავება მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის არის ის, რომ დირექტორთა საბჭოს წევრებს აქვთ ფიდუციარული ვალდებულებები, რაც არ აქვთ მრჩეველთა საბჭოს წევრებს. დირექტორთა საბჭოს წევრების მოვალეობები განსაზღვრულია კანონით და მოიცავს ლოიალურობისა და სიფრთხილის დაცვის ვალდებულებას. სიფრთხილის ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ ყველა დირექტორმა საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა და სათანადოდ იყოს ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ერთგულების ვალდებულება ავალდებულებს დირექტორებს საკუთარი შესაძლებლობები მოახმარონ კომპანიის ინტერესებს. დიდი პასუხისმგებლობის გამო, ბევრი კვალიფიციური კანდიდატი თავს იკავებს დირექტორთა საბჭოში ყოფნისგან, ეს არ ეხება მრჩეველთა საბჭოს, რადგან მათ მიმართ წაყენებული ლეგალური და ფინანსური ვალდებულებები  მინიმალურია.

მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული მოვალეობები, მაგალითად, ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, არსებობს. ეს ძირითადად რეგულირდება კონტრაქტით კომპანიასა და მრჩეველთა საბჭოს წევრს შორის.

რა უნდა გავითვალისწინოთ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისას

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გაიწეროს მრჩეველთა საბჭოს კონტრაქტში არის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. ისევე როგორც დირექტორთა საბჭოს წევრებს, მრჩეველთა საბჭოს წევრებსაც მოეთხოვებათ დარწმუნდნენ, რომ მრჩეველი არ გასცემს კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას და არ გამოიყენებს მას პირადი ან სხვა მიზნებით. ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე, რომლისგანაც თავი უნდა დაიზღვიოს სტარტაპმა – თუ ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი კონფიდენციალურობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, რისკი დიდია. როგორც პრაქტიკული გამოცდილებები გვიჩვენებს, კომპანიამ უნდა გააფორმოს კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულება, როგორც მრჩეველთა საბჭოს თითოეულ წევრთან, ასევე ნებისმიერ მესამე მხარესთან, ვისაც აქვს წვდომა კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.

მრჩეველთა საბჭოს წევრის დაქირავებამდე კომპანია ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ კანდიდატის ნებისმიერი სხვა საქმიანი აქტივობა არ არის კონფლიქტში კომპანიის ინტერესებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, კონკურენტებთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მრჩეველთა საბჭო თეორიულად უნდა შედგებოდეს იმ მრჩეველებისგან, რომელიც ინდუსტრიასა და სექტორში, სადაც სტარტაპი იწყებს შესვლას, კარგად ერკვევა. შესაბამისად, არსებობს ინტერესთა კონფლიქტების საფრთხე, რომელიც შეიძლება მრჩეველის ძველ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ეს ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მრჩეველი ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც უფრო ღრმად ეცნობა კომპანიის საქმიანობას. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს ყველაფერი თავიდან, როგორც კომპანიის, ასევე მრჩეველთა საბჭოს სავარაუდო წევრის მხრიდან.

გარდა ამისა, ხელშეკრულებით ასევე უნდა განისაზღვროს, რომ ის ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც იქმნება მრჩევლის თანამონაწილეობით არის კომპანიის კუთვნილება. ოფიციალურად, მრჩეველთა საბჭოს წევრი არ ითვლება კომპანიის მიერ დასაქმებულ პირად, ასე რომ, ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების განსაზღვრის გარეშე, მის მიერ შექმნილ ინტელექტუალურ საკუთრებაზე კომპანიას სამართლებრივი დავის შემთხვევაში უპირატესობა ვერ ექნება.

ასევე თავიდან უნდა განისაზღვროს ის, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრი არ არის კომპანიის დირექტორი, დასაქმებული ან დირექტორთა საბჭოს წევრი, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს მართვის საკითხებში, მას აქვს რჩევების მიცემისა და რეკომენდაციების შემუშავების უფლება. ამის გათვალისწინებით, მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები საბჭოში უფრო სპეციფიკური და დაკონკრეტებულია, ვიდრე დირექტორთა საბჭოს წევრების როლი.

ასევე თავიდანვე ზუსტად უნდა გაიწეროს ანაზღაურების საკითხი. საერთაშორისო პრაქტიკაში, როგორც წესი, მრჩეველთა საბჭოს ანაზღაურება ხდება კომპანიის აქციებიდან. ასე რომ, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ საკითხს თუ რამდენი მრჩეველის დაქირავების საშუალება გაქვთ. ამასთანავე, თუ მრჩეველთა საბჭოს წევრს უწევს მგზავრობა ერთი ქალაქიდან მეორეში საბჭოს სხდომებზე დასასწრებად, მოგიწევთ აუნაზღაუროთ მათ მგზავრობის ხარჯები.

მრჩეველთა ტიპები

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ გყავდეთ მრჩეველთა საბჭო/ან მრჩეველი, ზემოთ განხილული ფორმალური საკითხების გარდა, მოგიწევთ სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც. პირველ რიგში კი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის მრჩეველი ან მრჩეველები გსურთ რომ გყავდეთ საბჭოში. ძირითადად გამოყოფენ 5 სახის მრჩეველს: 

1. დაკავშირებული მრჩეველი –  დაკავშირებული მრჩეველების რეალური სარგებელი არის ის, რომ მათ აქვთ კარგი კონტაქტები იმ სფეროში, სადაც თქვენი კომპანია იწყებს ოპერირებას. სასურველი კონტაქტები ბიზნესის ნებისმიერ და განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია;  
2. ექსპერტი მრჩეველები – ისინი ავსებენ ხარვეზებს თქვენს ცოდნაში. მსგავსი ტიპის მრჩეველი არის  ექსპერტი ტექნოლოგიებში, ფინანსურ ანგარიშგებაში, ადამიანურ რესურსებში, მარკეტინგში, გაყიდვებში და სხვა ნებისმიერ სფეროში. ეს არის ხალხი, ვისაც ნებისმიერი კითხვა შეიძლება დაუსვა მისი სპეციალიზაციის სფეროდან. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება და გამოცდილება თქვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად;
3. მონათესავე მრჩეველები – მსგავსი მრჩეველები არიან გამოცდილი და შესაბამისი კონტაქტის მქონეები თქვენი ოპერირების სფეროს მონათესავე სფეროდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გთავაზობენ პერსპექტივას ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;
4. ემოციური მრჩეველი ბიზნესის დაწყება რთული და სტრესული პროცესია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ მდგრადობას. ბევრი ემოციური მხარდამჭერის როლს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ანდობს, მაგრამ პროფესიონალის დახმარება შეიძლება უფრო შედეგიანი იყოს;
5. გრძელვადიანი მრჩეველი თუ თქვენ არ ხართ მაგალითად იურისტი, ფინანსური აღრიცხვის ან სხვა მსგავსი სფეროების სპეციალისტი აუცილებლად დაგჭირდებათ გრძელვადიანი მრჩეველი ამ მიმართულებებით.

შეცდომები, რომელთაც თავი უნდა ავარიდოთ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისას

აირჩიეთ მრჩეველთა საბჭოს წევრები ყურადღებით. ხშირია შემთხვევა, როდესაც მრჩეველებს მათი სახელის გამო ირჩევენ, ე.წ. „სელებრითებს“  საკუთარ ინდუსტრიებში. მაგრამ მსგავსმა მიდგომამ შეიძლება ყოველთვის არ გაამართლოს.

5 გავრცელებული შეცდომა, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისას:

1. არასწორად შერჩეული კანდიდატები საბჭოში – თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რას მოელით მრჩეველისგან, რომელ სფეროში გჭირდებათ განსაკუთრებით დახმარება და ამის მიხედვით აარჩიოთ კანდიდატები;
2. გაურკვევლობა და ბუნდოვანება საბჭოს როლთან დაკავშირებით – ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმ შეცდომებზე, რომელსაც ბევრი სხვადასხვა საბჭოს ფუნქციების ერთმანეთში არევის დროს უშვებს;
3. ჰომოგენური საბჭო – ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელობა მრჩეველთა საბჭოს აკომპლექტებს ისეთი კანდიდატებით, რომელთა გამოცდილება და სპეციალიზაცია ერთმანეთისგან არ განსხვავდება;
4. ძალიან ბევრი წევრი საბჭოში – შეინარჩუნეთ საბჭო თავიდან პატარა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ მას ახალი კანდიდატები, მაგრამ ფუჭად გადახდილ თანხას ზედმეტად დიდ მრჩეველთა საბჭოში უკან ვეღარ დაიბრუნებთ;
5. ნაკლები შესაბამისობა ორგანიზაციასთან – მკვეთრად განსაზღვრეთ რა სჭირდება თქვენს ორგანიზაციას და კანდიდატები ამის მიხედვით შეარჩიეთ.

კარგად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს შეუძლია ძალიან დიდი სარგებელი მოუტანოს თქვენ კომპანიას როგორც საწყის ეტაპზე, ასევე შემდეგ, ბიზნესის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. ამისათვის,  მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება, უნარები და მონდომება. რაც იმას ნიშნავს რომ თქვენც უნდა გაიღოთ სანაცვლოდ რამე. განსაზღვრეთ წინასწარ თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ საბჭოს წევრებისთვის,  რას მიიღებენ ისინი თქვენი კომპანიისგან სანაცვლოდ? რატომ უნდა მოახმარონ მათ საკუთარი დრო და ენერგია თქვენს კომპანიას? ყოველთვის დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა. თქვენ უნდა მიაღწიოთ გამარჯვებული-გამარჯვებული სიტუაციას, როდესაც თანამშრომლობა თქვენს კომპანიასა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს შორის ორმხრივად სასარგებლო და შედეგიანია. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *