ერთი წლის წინ დაარსებული სტარტაპი Helio AI შრომით ბაზარზე დამკვიდრებულ თამაშის წესებს უკვე ექვს ქვეყანაში ცვლის. პლატფორმა რეკრუტინგის ეტაპების გასამარტივებლად – ხელოვნურ ინტელექტს, კანდიდატების რბილი უნარების დასადგენად კი სიტუაციურ თამაშს იყენებს. სტარტაპის დამფუძნებლისა და საოპერაციო დირექტორის, ნინი მოსიაშვილის თქმით, Helio AI-ის სწრაფ პროგრესს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს: პროფესიონალთა გუნდი და მომხმარებლები, რომლებიც ტექნოლოგიის დახვეწაში ყოველდღიურად მონაწილეობენ.
წარმოიდგინე, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საკრუიზო გემზე მეგობრებთან ერთად იმყოფები, როცა მოულოდნელად გემი ჩაძირვას იწყებს. ამ რთულ მდგომარეობაში მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს, როგორ გამოძვრები შექმნილი კრიზისიდან. არა, ეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმი არაა და სინამდვილეში არანაირი საფრთხე არ გემუქრება. ეს ერთ-ერთი სცენაა ქართული სტარტაპის, Helio AI-ის მიერ შექმნილი თამაშიდან, რომელიც შენს ქცევით პროფილს ადგენს და არკვევს, რამდენად შეესაბამება შენი რბილი უნარები კონკრეტულ პოზიციას.
დასაქმების ტრადიციული მოდელი უკვე კარგა ხანია, განახლებას საჭიროებს: ერთ მხარეს რეზიუმეებითა და სამოტივაციო წერილებით გადავსებული ელექტრონული საფოსტო ყუთია, მეორე მხარეს — კანდიდატები, რომლებიც პოტენციური დამსაქმებლისგან უკუკავშირს უშედეგოდ ელიან, სადღაც შუაში კი უზარმაზარი სივრცეა ინოვაციისათვის, რომლის ათვისებაც Helio AI-ის გუნდმა წარმატებით შეძლო.
“მე და დანარჩენ თანადამფუძნებლებს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობისას დროის კონკრეტულ მონაკვეთში საერთო პრობლემა გაგვიჩნდა: უამრავი ადამიანის აყვანა გვჭირდებოდა, ხოლო შერჩევის პროცესი ძალიან დიდ რესურსს მოითხოვდა. იმის კონტროლი, როდის განთავსდა ვაკანსია, რამდენი CV შემოვიდა, რეზიუმეების გადმოწერა, თანამშრომლებთან ერთად გავლა და პასუხების დაბრუნება ძალიან დამღლელი იყო”, — ამბობს ნინი მოსიაშვილი, Helio AI-ის ოპერაციული დირექტორი.
საკუთარი კომპანიის დაარსებამდე ნინი პროცესების ავტომატიზაციისათვის საერთაშორისო ციფრულ ინსტრუმენტებს იყენებდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერცერთი მსგავსი პროგრამა ვერ კითხულობდა ქართულ ენას, ფუნქციონალის ნახევრის გამოყენებასაც ვერ ახერხებდა: „როცა დავინახეთ, რომ არ არსებობდა რეკრუტინგის ხელსაწყო, რომელიც ლოკალურ ენაზე იქნებოდა მორგებული, გადავწყვიტეთ, ამ პრობლემის მოგვარებაზე გვემუშავა”, — აღნიშნავს ნინი. Helio-ს, მის გარდა, სამი დამფუძნებელი ჰყავს: იაკო ჯიქია აღმასრულებელი დირექტორია, ნათია ქუხილავა — ტექნიკური დირექტორი, ხოლო სულხან სახვაძე — პროდუქტის განვითარების დირექტორი.
დღეს Helio AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ერთადერთი რეკრუტინგის პლატფორმაა, რომელმაც ქართული იცის. ნინის თქმით, იდეის ეტაპზე ხშირად ისმენდნენ მოსაზრებას, რომ ენობრივი სპეციფიკის გამო მათი ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა: „სანამ მოდელს შევქმნიდით, გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ვერ ვიპოვიდით AI-ინჟინერს, რომელიც ამ სირთულის საქმეს შეეჭიდებოდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ნათია ჩვენს გუნდშია, რადგან სწორედ მისი გამოცდილება და ხედვა გვაძლევს სწორ მიმართულებას”.
ნათია ქუხილავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია და ამჟამად ადამიანის ტვინის სიგნალებიდან (EEG) ღრმა დასწავლის (Deep Learning) გამოყენებით ემოციის დადგენაზე მუშაობს. მისი თქმით, ქართულ ენაზე მომუშავე მოდელის შექმნა მარტივი არ ყოფილა. ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მაღალი ხარისხის მონაცემებია, სათანადო ხარისხის ქართულენოვანი ტექსტები კი ინტერნეტში ძალიან ცოტაა. “რამდენადაც გვეამაყება ქართული ენის უნიკალურობა, იმდენადვე გულდასაწყვეტია, რომ გლობალურ ციფრულ სამყაროში მისი ხვედრითი წილი ძალიან მცირეა”, – აღნიშნავს ნათია. ამ პრობლემის გადაჭრა Helio-ში თანამიმდევრული ნაბიჯებითა და უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ფოკუსირებით მოახერხეს. “მუდმივად ვაგროვებთ და ვახარისხებთ მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანულ და ფრანგულ AI-კვლევით ინსტიტუტებთან, რომლებიც მცირერესურსიანი ენებისათვის ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნაზე მუშაობენ. რაც მთავარია, ყოველდღიურად ვსწავლობთ და უამრავ ექსპერიმენტს ვატარებთ ჩვენი შედეგების გასაუმჯობესებლად”, — ამბობს ნათია.
მაღალი ხარისხის მონაცემები იმისთვისაც საჭიროა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შრომით ბაზარზე არსებული ტენდენციების ანალიზის პროცესში დისკრიმინაციული შეხედულებები არ გაიმეოროს და მათი სისტემატიზაცია არ მოახდინოს. “საწყისი მონაცემები ისეთი ფორმით დავამუშავეთ, რომ ეს რისკი სრულად დავაზღვიეთ. რაკი ეს მოდელი ჩვენი შექმნილია და უკვე არსებულ რომელიმე ხელოვნურ ინტელექტს არ ეყრდნობა, ჩვენვე გვაქვს ბერკეტები, რომ მისი სწორად ფუნქციონირება უზრუნველვყოთ”, — აღნიშნავს ნინი.
Helio AI კანდიდატის შერჩევის სრულ ციკლს ფარავს: პლატფორმის გამოყენებით შეგიძლია სასურველი პოზიციისათვის მოთხოვნების დაგენერირება, ვაკანსიების სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნება, რეზიუმეების ერთ სივრცეში მიღება, აპლიკანტებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი. ხელოვნური ინტელექტი კანდიდატების მონაცემების დამუშავებას აადვილებს, სიტუაციური თამაში კი მათ ქცევით მოდელსა და რბილ უნარებს აანალიზებს. Helio AI-ს შეუძლია, 500 აპლიკაცია 10-15 წამში განიხილოს და კომპანიის საჭიროებებთან შესაბამისობის მიხედვით, მათ პროცენტული მაჩვენებელი მიანიჭოს. ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ დამსაქმებელი Helio-ს ასწავლის, მომავალში რა კრიტერიუმებს მიაქციოს ყურადღება, რათა მისი შეფასებები კომპანიის საჭიროებებს უკეთ მოარგოს.
“რეკრუტინგში AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მთავარი შიში ან წუხილი ისაა, რომ თანდათან ადამიანური პერსპექტივა დაიკარგება. სინამდვილეში Helio თავის თავზე რუტინულ საქმეებს იღებს, სათითაოდ აღარ გიწევს ყველა მეილის გახსნა, კანდიდატების საკონტაქტო ინფორმაციის ამოწერა და მეტი დრო გრჩება იმ საქმეებისთვის, სადაც ადამიანი მართლაც შეუცვლელია”, — აღნიშნავს ნინი.
ქართულ შრომით ბაზარს ასეთი ინოვაცია, როგორც ჩანს, ძალიან სჭირდებოდა. 2023 წლის მიწურულს დაარსებულ სტარტაპს უკვე 100-ზე მეტი კომპანია იყენებს, გაანალიზებული კანდიდატების რაოდენობა კი 100 000-ს აღწევს. Helio AI-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მოხმარების სიმარტივეა. ინტეგრაცია და დანერგვა საჭირო არ არის. თუ კომპანია ჰელიოს სერვისით გადაწყვეტს სარგებლობას, მისთვის მთელი სისტემა ზუსტად 5 წუთში ხდება ხელმისაწვდომი. ბიზნესმოდელი მოქნილი და მარტივია — კომპანიები ყოველთვიური გადახდის პრინციპით სარგებლობენ, მინიმალური სატარიფო გეგმა კი 250 ლარიდან იწყება.
“ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო გემიფიკაციის ელემენტების შემოტანა, რაც კანდიდატების ქცევითი პროფილის შედგენაში გვეხმარება”, — ამბობს სალომე გოძელანძე, კომპანია დეილის HR-დირექტორი. ის ჰელიოს სერვისს რეკრუტინგის ეფექტიანობისა და სისწრაფის გასაუმჯობესებლად იყენებს, — “ჰელიომ შემოგვთავაზა რეპორტინგის მარტივი სისტემა, რომელიც მრავალი სხვადასხვა პარამეტრის გაზომვის შესაძლებლობას იძლევა და მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება”. სალომე აღნიშნავს იმასაც, რომ „ჰელიოს“ გუნდი მომხმარებლების მხარდაჭერას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება და მუდმივად მზადაა ინიციატივების მოსასმენად.
სულ ცოტა ხნის წინ ჰელიომ ყველაზე მასშტაბურ რეგიონულ სამიტზე, INMerge-ზე, რომელიც 25 ქვეყანას აერთიანებს, 300-მდე სტარტაპს შორის პირველი ადგილი დაიკავა. შეფასების კრიტერიუმები იდეის ინოვაციურობა, მიღწეული შედეგები, ბაზრისა და მასშტაბირების პოტენციალი და ეფექტური წარდგენა იყო. INMerge-მდე სტარტაპს რეკრუტინგში გემიფიკაციის გამოყენებისთვის მერიტოს ჯილდოც გადაეცა, ასევე — Care Caucasia-ს ჯილდო კატეგორიაში ქალები ინოვაციებში. ახლად შექმნილმა კომპანიამ ამ დროისთვის 700,000 ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. ამ კუთხით აღსანიშნავია GITA-ს გრანტი, 500 Global In Eurasia-სა და Axel-ის დაფინანსება.
“INMerge-ზე გამარჯვებას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა. სცენიდან არ ვიყავით ჩამოსულები, რომ კიბეზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბანკის წარმომადგენელი დაგვხვდა, რომელმაც გვითხრა რომ ძალიან სჭირდებოდა ჩვენნაირი პარტნიორი. აღმოვაჩინეთ, რომ აზერბაიჯანშიც დაახლოებით იგივე პრობლემებია ადამიანების შერჩევის ნაწილში, როგორიც ჩვენთან და სიახლის მიმღებლობა ძალიან მაღალი აქვთ”, — გვიყვება ნინი. ჰელიო აზერბაიჯანის ბაზარზე გასვლას ჯერ არ გეგმავდა, თუმცა INMerge-ზე გამარჯვება ამ ნაბიჯისათვის საკმარისი ბიძგი აღმოჩნდა.
დამფუძნებლების თქმით, საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სამიტებზე აუდიტორიის განსაკუთრებით დაინტერესებას თამაშის მოდული იწვევს. თამაშზე Helio-ს გუნდმა ფსიქოლოგებთან ერთად იმუშავა და მისი სცენარისა თუ მექანიკის შესადგენად დროში გამოცდილი მეთოდოლოგიები გამოიყენა. ნინის აზრით, აუცილებელია, კომპანიებმა კადრის შერჩევის პროცესში სათანადო ყურადღება დაუთმონ კანდიდატის ისეთ მხარეებს, რომლებიც არა არსებულ ცოდნაზე, არამედ მის პოტენციალზე მეტყველებს: “ჩვენ გვჯერა, რომ რბილი უნარები ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როცა წინა კომპანიებში ისეთი ადამიანები გვიპოვია, რომლებიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები გამხდარან და დიდხანს ყოფილან ჩვენთან ერთად, ეს უმეტესად რბილი უნარების დამსახურება ყოფილა”. მომავალში თამაში როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწება. შესაძლოა, კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ვერსიებიც შეიქმნას.
Helio AI-ის ისტორია ჯერ მხოლოდ იწყება, მაგრამ კომპანიამ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა დასაქმების სფეროში. მოსაწყენი და რუტინული საქმეების AI-სათვის გადაბარებით, ჰელიო დამსაქმებლებს შესაბამისი კადრების პოვნას უადვილებს, სამსახურის მაძიებლებს კი უნარების წარმოსაჩენად მარტივ და სახალისო გზას სთავაზობს. ნინის თქმით, სტარტაპის მიზანია, რეკრუტინგის სფერო არა მხოლოდ საქართველოში ან რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში შეცვალოს, ეს გზა კი პარტნიორ კომპანიებთან მუდმივ კომუნიკაციასა და პროდუქტის უწყვეტ დახვეწაზე გადის.
“ჰელიოში ყველაზე გამბედავ იდეებს ყველაზე დიდი აღფრთოვანება მოჰყვება ხოლმე, — აღნიშნავს სტარტაპის ტექნიკური დირექტორი ნათია. — პროდუქტის გაუმჯობესების იდეები, რომლებზეც შეხვედრების დროს ვმსჯელობთ, დასაწყისში შეიძლება შეუსრულებლადაც კი გვეჩვენებოდეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ რეალური და ხელშესახები ხდება”
“მუდმივად ვვითარდებით, — ამატებს ნინი. — დასაქმების მომავალი კიდევ უფრო პერსონალიზებული იქნება და ჩვენ ამ ცვლილებების წინა ხაზზე ვართ”.