ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI დაფინანსების ახალ რაუნდს გამართავს, რომელშიც ამერიკული სტარტაპი ღირებულების გააორმაგებს გეგმავს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, OpenAI-ის ღირებულება $340 მილიარდს მიაღწევს.
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის მხრიდან ფულადი სახსრების მოზიდვა ბაზარზე ახალი ჩინური კონკურენტის, DeepSeek-ის გამოჩენას უკავშირდება. DeepSeek-მა 10 იანვრის საჯარო გაშვებიდან პოპულარობა მალევე მოიპოვა, App Store-ზე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაციების სიაში OpenAI-ის გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.
WSJ-ის ინფორმაციით, OpenAI-ის გუნდი ამჟამად $40-მილიარდიანი დაფინანსების მოზიდვის საწყის, მოლაპარაკებების ეტაპზეა. და, ჟურნალის წყაროთა ცნობით, გარიგების ჩავარდნის საფრთხეც არსებობს. თუმცა წარმატების შემთხვევაში, OpenAI-ის ღირებულება, რომელიც ახლა $157 მილიარდად ფასდება, უნდა გაორმაგდეს.
WSJ-ისა და Reuters-ის ცნობით, OpenAI-ის დაფინანსების რაუნდს შესაძლოა იაპონურმა საინვესტიციო ფირმა SoftBank-მა უხელმძღვანელოს. გამოცემათა ინფორმაციითვე, დაფინანსების ახალ რაუნდში SoftBank-ის წილი $15 მილიარდიდან $25 მილიარდამდე იქნება. აქვე საინტერესოა, რომ SoftBank-ი და OpenAI მონაწილეობას დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებულ კომპანიაშიც იღებენ, რომლის მიზანიც ახალი მონაცემთა ცენტრების აშენება იქნება. პროექტში SoftBank-ს – ფინანსური პასუხისმგებლობა, OpenAI-ს კი საოპერაციო პასუხისმგებლობა დაეკისრება.
აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებს შორის OpenAI-ს ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს. 2023 წლიდან 2025 წლამდე, ფირმის ღირებულება თითქმის გაორმაგდა. $156-მილიარდიან ნიშნულს კი OpenAI-მ ოქტომბრის დაფინანსების რაუნდში მიაღწია, როდესაც $6.6 მილიარდის მოზიდვა შეძლო.