დაფინანსების ახალი რაუნდის შემდეგ, მასკის xAI შესაძლოა $200 მილიარდად შეფასდეს

დაფინანსების ახალი რაუნდის შემდეგ, მასკის xAI შესაძლოა $200 მილიარდად შეფასდეს

CNBC-ის ცნობით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI დაფინანსების ახალ რაუნდს გამართავს, რომლის შემდეგ ის შესაძლოა 200 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდეს. შედეგად, xAI ღირებულებით უშუალო კონკურენტებთან ჩამორჩენას შეამცირებს.

გამოცემის მიერ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, xAI დაფინანსების ახალ რაუნდში $10 მილიარდს მოიზიდავს. შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკის კომპანიამ 5 მილიარდი დოლარის ვალი აიღო, რომელიც Morgan Stanley-ის მიერ ორგანიზებული უფრო დიდი, $10-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის ნაწილი იყო.

თუ xAI-ის შეფასება $200 მილიარდამდე გაიზრდება, ის კონკურენტ Anthropic-ს გადაუსწრებს, რომელიც ცოტა ხნის წინ $183 მილიარდად შეფასდა. თუმცა მასკის სტარტაპი კვლავ ჩამორჩება სემ ოლტმენის OpenAI-ს, რომლის შეფასებამაც წელს ჩატარებული დაფინანსების რაუნდის შემდეგ $300 მილიარდს მიაღწია და შესაძლოა უკვე დაგეგმილი ახალი რაუნდის შემდეგ $500 მილიარდამდეც გაიზარდოს.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, xAI-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ამ დროისთვის $480.2 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს, რაც მას პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცევს.