დასაქმების ბაზრის მოქნილი მომავალი

დასაქმების ბაზრის მოქნილი მომავალი
სტარტაპი ჰერიო დროებითი თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნესებსა და ტალანტებს ერთმანეთთან აკავშირებს. 2025 წლის იანვარში გაშვებულმა აპლიკაციამ რამდენიმე თვეში 2500-მდე ფრილანსერი და 70-მდე დამსაქმებელი დააინტერესა, თუმცა ჰერიოს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ასანიძეს, ბევრად უფრო ამბიციური მიზანი აქვს, ვიდრე უბრალოდ რიცხვებში გამოხატული წარმატებაა. მას დასაქმების ბაზრის ტრანსფორმაცია სურს. 

დღევანდელი ახალგაზრდები ცდილობენ, რომ სამუშაო მოარგონ საკუთარ ცხოვრებას და არა ცხოვრება — სამუშაოს”, — მეუბნება სტარტაპ ჰერიოს დამფუძნებელი ლევან ასანიძე. ის საქართველოს ცვალებად შრომის ბაზარს იმ ადამიანის თვალით აკვირდება, რომელსაც დასაქმების ორივე მხარეს ყოფნა გამოუცდია. Herio-ს აღმასრულებელ დირექტორს პლატფორმის შექმნა ერთმა მარტივმა დაკვირვებამ გადააწყვეტინა: საქართველოში, ერთი მხრივ, უამრავი ადამიანი ეძებს ერთჯერად პროექტსა თუ მოკლევადიან სამუშაოს, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლებიც უფრო და უფრო ღიად ხვდებიან დასაქმებულის დროის ნაცვლად მისგან კონკრეტული შედეგების შეძენის იდეას. იანვარში გაშვებული პლატფორმა დღეისთვის 2500-მდე დასაქმების მაძიებელსა და 70-მდე დამსაქმებელს აერთიანებს (როგორც ბიზნესებს, ისე — ინდივიდებს).

ლევანი სტივ ჯობსის ცნობილ სიტყვას იხსენებს, რომელშიც ის ცხოვრებისეული ტრაექტორიის დამაკავშირებელ წერტილებზე საუბრობს, რომელთა პოვნაც მხოლოდ რეტროსპექტივაში არის შესაძლებელი. ლევან ასანიძის ცხოვრებაში ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი სკოლის შემდეგ ვარშავაში სწავლის გაგრძელება აღმოჩნდა. ცხადად ახსოვს, როგორ გაუჭირდა სხვა ქვეყანაში აღმოჩენილ თინეიჯერს დასაქმების ისეთი შესაძლებლობების პოვნა, რომელთაც სწავლას შეუთავსებდა და მცირეოდენი თანხის გამომუშავებას შეძლებდა. ბუნებრივია, დამატებითი შემოსავალი სტუდენტების დიდი უმრავლესობისთვის მომხიბვლელად ჟღერს, თუმცა ლევანს პატარ-პატარა სამუშაოები და პროექტები თვითგამორკვევის ინსტრუმენტადაც ესახებოდა. გრძნობდა, რომ სანამ რომელიმე კარიერულ გზაზე შეჯერდებოდა, საკუთარი თავი მრავალ როლსა თუ საქმეში უნდა მოესინჯა. წლების შემდეგ, როცა საკუთარი პირველი სტარტაპის, პევატონის შენებით იყო დაკავებული, ამ პრობლემის საპირისპირო მხარეც გამოსცადა საკუთარ თავზე: დასჭირდა მონდომებული ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ მარტივ, თუმცა ზოგ შემთხვევაში მოცულობით დავალებებს შეასრულებდნენ, მაგალითად, ინსტაგრამზე მოიკვლევდნენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მოქმედ Boutique-მაღაზიებს. 

“საინტერესო აღმოჩენა იყო,  — იხსენებს ლევანი, — საკუთარი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ, სავარაუდოდ, პოტენციურად მრავალი სტუდენტი იქნებოდა დაინტერესებული ამ ტიპის თანამშრომლობით,  მაგრამ შესაბამისი კადრების მოძებნა მაინც რთული აღმოჩნდა”. სწორედ ეს ორმხრივი ხედვა დაედო საფუძვლად Herio-ს შექმნას, სადაც დროებითი თანამშრომლობით დაინტერესებულ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს ერთმანეთის პოვნა შეუძლიათ. 

ჰერიოს  შენება ლევანმა მეგობართან, გეგი გვაზავასთან ერთად დაიწყო. მის მსგავსად, გეგიც პოლონეთში სწავლობდა და კარგად იცნობდა სტუდენტური დასაქმების სირთულეებს. ლევანის გამოცდილება ციფრული პროდუქტების მართვის კუთხით და გეგის პერსპექტივა კლიენტების მოზიდვისა და მარკეტინგის ნაწილში შედეგიანი კომბინაცია აღმოჩნდა. მოგვიანებით დამფუძნებლების გუნდს იოსებ ოცხელი შეუერთდა, ტექნოლოგიების შთამბეჭდავი ცოდნითა და მრავალწლიანი გამოცდილებით დეველოპმენტში.  

“სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ტრადიციული სამსახურის პოვნაში ეხმარებიან მსურველებს, ჩვენი ფოკუსი დინამიკური დასაქმებაა”, — მიხსნის ლევანი. Herio-ზე ძირითადად ორი ტიპის სამუშაოებია განთავსებული: ადგილმდებარეობაზე მიბმული, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესასრულებელი საქმეები (რესტორანში მუშაობა პიკის საათებში, დახმარება ღონისძიებაზე და ასე შემდეგ) და დისტანციური სერვისები (კოპირაიტინგი, მონტაჟი, მარტივი ვებსაიტების დამზადება, დიზაინი და ასე შემდეგ), რომელთა შემთხვევაშიც პირობების დაზუსტება და შეთანხმება აპლიკაციაშივეა შესაძლებელი. 

“აპლიკაციის გაშვებისას უფრო კონცენტრირებული ვიყავით სტუმარმასპინძლობის მიმართულებაზე, მაგრამ შემდგომ მომხმარებლებთან კომუნიკაციამ და უკუკავშირმა გვიჩვენა, რომ ფრილანს-მიმართულებით საკმაოდ დიდი მოთხოვნა და აუთვისებელი შესაძლებლობებია იყო”, — ამბობს გეგი გვაზავა, ჰერიოს ოპერაციული დირექტორი. 

გეგი გვაზავა და ლევან ასანიძე

კონცეფციიდან მოქმედ პროდუქტამდე გზა Herio-ს გუნდისათვის სწორხაზოვანი არ ყოფილა. ლევანის სიტყვებით, მთავარი გაკვეთილი, რაც წინა სტარტაპის მართვამ ასწავლა, კარგი გუნდის შემოკრების აუცილებლობაა: “მხოლოდ ინტელექტი საკმარისი არაა. თუ გუნდის წევრები ერთმანეთთან თანამშრომლობას ვერ ახერხებენ და კონკრეტული ინდუსტრიისა თუ ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს არ ფლობენ, სხვა ყველაფერს აზრი ეკარგება”.

დამფუძნებლებმა იდეა პირველად საჯაროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე წარადგინეს, სადაც მხოლოდ ბანერით, პრეზენტაციითა და QR-კოდით “შეიარაღებულები” მივიდნენ. “ამ ფორუმზე სხვა კომპანიებს მაკეტები, მერჩენდაიზი და ათასი სხვა რამ ჰქონდათ და ჩვენ — არაფერი. თავიდან რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მათ გავუზიარეთ ჩვენი იდეა და ცოტა ხანში, ჩვენდა გასაკვირად, სტენდთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი”. ლევანისთვის სტუდენტების მხრიდან ამხელა ინტერესი იმის ნიშანი აღმოჩნდა, რომ Herio-ს ნამდვილად ჰქონდა განვითარების პერსპექტივა. მას შემდეგ, რაც ერთი მხარის, სამუშაოს მაძიებელთა სურვილები ცხადად გამოიკვეთა, ბიზნესებთან კომუნიკაციაზე გადასვლის ჯერიც დადგა. დამსაქმებლებისაგან გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო, რაც, სტარტაპების შემთხვევაში თითქმის უნივერსალური სცენარია. “არ მიყვარს, როცა ანტრეპრენიორები შელამაზებულად ჰყვებიან რეალობას: როგორც კი იდეა გავაცანით, მაშინვე ყველა მოიხიბლა და ასე შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში ასე არ ყოფილა”, — გულწრფელად აღიარებს ლევანი. საწყის ეტაპზე დამფუძნებლებმა ენთუზიასტური გამოხმაურება კომპანიების დაახლოებით 20%-ისაგან  მიიღეს, 30-40%-მა ნელთბილი დაინტერესება გამოხატა, დანარჩენებმა კი პლატფორმის პოტენციალი დაინახეს, თუმცა მათ ბიზნესსაჭიროებებთან მყისიერი შესაბამისობა — ვერა. 

ლევანის აზრით, ერთი თვისება, რაც წარმატებულ სტარტაპებსა და მათ შემქმნელებს გამოარჩევთ არის Constant Demonstration of Force. ამატებს, რომ ახლახან საპროტესტო აქციაზე ამ სიტყვათშეთანხმების იდეალური თარგმანი, “დაუცხრომლობა” იპოვა. გუნდის “დაუცხრომლობამ” პირველი ფინანსური შედეგი 2023 წლის ბოლოს გამოიღო, როცა ჰერიომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსება მოიპოვა. განვითარებისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Microsoft for Startups-ის კონტრიბუციაც, რომელმაც ჰერიოს $150 000-ის ღირებულების ტექნოლოგიური რესურსები გადასცა. 

აპლიკაციაზე მუშაობის პარალელურად სტარტაპის კონცეფცია გარკვეულწილად შეიცვალა. საწყის ეტაპზე არსებული ფუნქცია, რომელიც ლევანს განსაკუთრებით მოსწონდა — დასაქმების მსურველების მხრიდან სასურველი სამუშაო საათების მონიშვნის შესაძლებლობა — გაუქმდა. “რეალურად ამ ფუნქციის საჭიროება ვეღარ დავინახეთ: ვისაც არ უნდა კონკრეტულ საათებში მუშაობა, არც აიღებს და თუ იმდენი განაცხადი გვაქვს, რომ თითოეულ ადამიანს უწევს, რომ მონიშნოს, როდის შეუძლია მუშაობა, ესე იგი, განვითარების სხვა ეტაპზე ვართ და ეს პრობლემაც სხვაგვარად გვარდება”, — ამბობს ლევანი. აპლიკაციას ასევე დაემატა ფუნქციონალი მოლაპარაკებების საწარმოებლად. თითოეული შესწორება პირდაპირ პასუხს წარმოადგენდა ბაზრის დაკვეთასა და მომხმარებლებისაგან მიღებულ უკუკავშირებზე. 

Herio-ს ბიზნესმოდელი მარტივია: პლატფორმა 15%-იან საკომისიოს იღებს დამსაქმებლებისაგან, ფრილანსერები არაფერს იხდიან. მდებარეობაზე დაფუძნებული სამუშაოებისათვის განცხადების განმთავსებელი თავად ადგენს ფიქსირებულ გადასახადს, ხოლო დისტანციური სერვისების შემთხვევაში პლატფორმა ხელს უწყობს ორივე მხარეს შორის კომუნიკაციას. დასაქმებულს თანხა Herio-ს სისტემის გავლით ერიცხება.

ლევან ასანიძის აზრით, დინამიკური დასაქმების პარადიგმას შეუძლია, საქართველოს შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევა — დამსაქმებლისა და თანამშრომლის მოლოდინს შორის უზარმაზარი აცდენა მნიშვნელოვნად შეამციროს. გარდა იმისა, რომ ამ ორ რგოლს ხშირად რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს შრომის ღირებულებაზე, პრობლემა დამსაქმებლების მხრიდან მოძველებულ მიდგომებშიც იმალება: “ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეიცვალა, განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ. ახლა პოტენციური დასაქმებულების თვალში კონკურენციაში არიან არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ — უცხოურ კომპანიებთანაც”. 

Herio-ს ფილოსოფია იმ იდეაზეა დაშენებული, რომ კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კონკრეტულ შედეგებზე და არა — სამუშაო საათებზე. “ზოგჯერ ჯობს, დასაქმებულს უბრალოდ KPI მივცეთ და დავუტოვოთ თავისუფლება, სამუშაო მისთვის სასურველ დროს შეასრულოს — ამბობს ლევანი. — ჯერ კიდევ ბევრ კომპანიას ჰყავს ფოტოგრაფი ან დიზაინერი სრულ განაკვეთზე, როცა რეალურად ამის საჭიროება არ არსებობს”.  

ლევანის დაკვირვება, რომ დასაქმების ფორმატები ისეთი ერთგვაროვანი აღარაა, როგორიც ერთ დროს იყო, რიცხვებითაც დასტურდება. გიგ-ეკონომიკის ბაზარი (შრომითი ურთიერთობების მოდელი, რომელშიც ადამიანები დამოუკიდებელ კონტრაქტორებად, თვითდასაქმებულებად ან დროებით პროექტებზე მუშაობენ) 2024 წლისთვის 557 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ყოველწლიურად დაახლოებით 16%-ით იზრდება. ეს ზრდა სამუშაო ძალის პრეფერენციების ცვლილებითა და დისტანციური მუშაობის ნორმალიზებით არის განპირობებული. განვითარებადი ბაზრების შემთხვევაში დინამიკური დასაქმების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაშინ, როცა ქართულ კომპანიებს გამოცდილი კადრების სახელფასო მოლოდინის დაკმაყოფილება უჭირთ, გამოსავალი შეიძლება დამოუკიდებელი კონტრაქტების გზით სიარული იყოს. 

“მოქნილობისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის ქონის სურვილი უნივერსალურია, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ბაზრის რეალობა საქართველოში უნიკალურ პირობებს ქმნის”, — განმარტავს ლევანი.

ჰერიო ბაზრის რეალურ საჭიროებებს პასუხობს, თუმცა მხოლოდ იდეა, ცხადია, საკმარისი არაა. სწორედ აქ იკვეთება ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, იოსებ ოცხელის ექსპერტიზა, რომელმაც უზრუნველყო, რომ აპლიკაცია ტექნოლოგიურად გამართული და  გამოსაყენებლად მოსახერხებელი ყოფილიყო. პროდუქტის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ტრადიციული CV-ის ნაცვლად მუდმივად განახლებადი პროფილების შემოტანაა. “ჩვენ უარი ვთქვით CV-ის ფორმატზე, რადგან გვჯერა, რომ საკუთარი თავის წარმოჩენა დინამიკური პროფილით უკეთესად არის შესაძლებელი, ვიდრე — ერთი ფიქსირებული დოკუმენტით”, — ამბობს ლევანი. 

აპლიკაცია გამოადგებათ მათაც, ვისაც “მყისიერად” სურს რაიმე სერვისის მიღება. თუ, მაგალითად, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან 4 საათში გჭირდება კონკრეტულ ლოკაციაზე კადრი, ჰერიოს გამოყენებით მისი პოვნა რეალისტურია. არსებობს ასევე რეკომენდაციის ფუნქციონალი, რომელიც დასაქმების კანდიდატებს პლატფორმაზე რეპუტაციის შექმნაში ეხმარება. პროფილზე დასრულებული შეკვეთებიც ჩანს. 

ამ ეტაპზე ჰერიოს გუნდი AI-მოდელის ინტეგრირებაზე მუშაობს, რომელიც დამსაქმებლებს განაცხადის ტექსტის შექმნასა და მათ საჭიროებებზე მორგებული კანდიდატების შერჩევას გაუადვილებს. 

ჰერიოს დამფუძნებლები კომპანიის შიდა საკადრო გადაწყვეტილებების ნაწილში იმავე პრინციპებს ითვალისწინებენ, რაზეც საკუთარი კომპანია დააშენეს. სტარტაპში დამფუძნებლების გარდა სრულ განაკვეთზე სულ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, სხვა ბიზნესაჭიროებებისათვის კი აქტიურად იყენებენ ფრილანსერების სერვისებს. 

რა იქნება შემდეგ? ლევანი ამბობს, რომ ჰერიოს მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება და მარკეტინგული ძალისხმევის გაძლიერებით, შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეიძლება. “წარმატებად ჩავთვლით, თუ წლის ბოლომდე 15 000-20 000 სამუშაოს მაძიებელი და 1000-დან 1500-მდე დამსაქმებელი გვეყოლება დარეგისტრირებული”. ამისთვის აუცილებელია, რომ იმ განცხადებებმა, რომლებიც ახლა ათასგვარ Facebook-ჯგუფში ქვეყნდება, სწორედ Herio-ზე მოიყაროს თავი. ესეც სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტია. 

საქართველოს ბაზარზე პოზიციების გამყარების შემდეგ გამორიცხული არაა, ჰერიო სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდეს, თუმცა, ლევანის აზრით, ჯერ კონკრეტულ რეგიონზე არჩევანის გაკეთება ნაადრევია. “2025 წლის მესამე კვარტალში $150 000-იანი დაფინანსების მოზიდვას ვაპირებთ და ამის მიხედვით გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებსაც”, — ამბობს ის. 

კითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა ახალგაზრდებს, ლევანი ბევრი ფიქრის გარეშე პასუხობს: “იმუშავეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, აკეთეთ მცირე პროექტები, შეისწავლეთ სხვადასხვა ინდუსტრია და გამოარკვიეთ, რეალურად რა გაინტერესებთ”. ჩვენი საუბრის განმავლობაში რამდენჯერმე უსვამს ხაზს გუნდური სულისკვეთებისა და კოლაბორაციის მნიშვნელობასაც: „ცუდი იდეითა და კარგი გუნდით გარკვეული პროგრესის მიღწევა მაინც შესაძლებელია, მაგრამ კარგი იდეა ცუდი გუნდის ხელში ჩავარდნისთვის არის განწირული”. 

Herio-ს გუნდისათვის მოქნილობა რომ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ეს სამუშაო ადგილის არჩევანშიც ჩანს. სტარტაპი სტამბაში მდებარე საერთო სამუშაო სივრციდან, D Block-იდან ფუნქციონირებს, სადაც, ლევანის თქმით, მეწარმეების “განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციაა”. ამ სივრცის უპირატესობებზე საუბრისას Hot Desk-ის პრინციპსაც ახსენებს, რომელიც D Block-ის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღე სხვადასხვა ადგილას დასხდნენ და, შესაბამისად, ახალ ადამიანებთან ჰქონდეთ მჭიდრო ურთიერთობა: „შეიძლება ადამიანი, რომელიც შენი კომპანიის განსავითარებლად იდეალური კანდიდატი იქნებოდა, შენ გვერდით იჯდეს”, — ამბობს ლევანი. 

საუბრის ბოლოს Herio-ს დიდ მისიას კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით. იდეამ, რომელიც სტუდენტების საჭიროებებიდან ამოიზარდა, დროთა განმავლობაში უფრო ამბიციური ფორმა მიიღო. ლევანის სიტყვებით, სტარტაპის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება და დინამიკური დასაქმების, როგორც მუშაობისა და პარტნიორობის ეფექტიანი ფორმის, პოპულარიზაციაა.

“სამსახურთან დაკავშირებული წარმოდგენების ცვლილება ყველაზე უკეთ ჩანს, როცა სტუდენტებს ვესაუბრებით, — ამბობს ლევანი. — მათ არ სურთ, რომ პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად უნივერსიტეტის დამთავრებას დაელოდონ და ურჩევნიათ, 18-20 წლის ასაკში მცირე პროექტებში მოსინჯონ საკუთარი ძალები”. 


საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმების ტრადიციული მოდელების ჩანაცვლება მარტივი საქმე არაა, თუმცა ყინული ნამდვილად დაძრულია. Herio-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ დინამიკური დასაქმების მიმართ, ერთი მხრივ, დასაქმებულებს,  მეორე მხრივ კი — კომპანიებს. “მთავარია, არ გავჩერდეთ”, — ამბობს ლევან ასანიძე. Herio განვითარებას აგრძელებს და შეიძლება სწორედ გუნდის შეუპოვრობა იყოს ის მთავარი ელემენტი, რომელიც მას პერსპექტიული სტარტაპიდან ბაზრის ტრანსფორმატორად აქცევს.