2025 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული (კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 4 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს. აქ იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე, ანუ წინა წლებში დაწყებული პროექტები. სულ 70 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც უკვე არის დახარჯული 19.7 მლრდ ლარი, ხოლო 2025-2028 წლებში 14.7 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს. დახარჯული და დასახარჯი თანხის ჯამი 34.4 მლრდ ლარია. 70 პროექტიდან 49 პროექტი საერთაშორისო დონორების, ანუ დასავლური ქვეყნების დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 13 მლრდ ლარია.
დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოყოფილი დაფინანსება ძირითადად გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტია. სესხის საკონტრაქტო ვადა 22 წელია, ხოლო საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი – 3.4%. წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, აღნიშნული სესხის რეალური საპროცენტო განაკვეთი ნულთან ახლოსაა. დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არა აქვთ იმის ფული, რომ ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურა ააშენონ, რაც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკის განვითარებას დღესვე სჭირდება. მოზიდული თანხები მხოლოდ კაპიტალურ პროექტებში იდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს და ყოველწლიურად გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე სესხის საპროცენტო ხარჯია. გარდა ამისა, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლის მნიშვნელოვანი წყაროა, რაც ლარის კურსის სტაბილურობას ეხმარება.
გაგაცნობთ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ 10 პროექტს, რომლებზეც 2025-2028 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება, ჯამში – 3.1 მლრდ ლარი.
- აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი – 127 მლნ ლარი
პროექტი ევროკავშირის (EU) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, გერმანიის სახელმწიფო ბანკი) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 68 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 20 მლნ ლარი, ხოლო 2026-2028 წლებში 107 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე სისტემების დანერგვას, დაბებისა და სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. კერძოდ, ხულოში, შუახევში, ქედაში, ზემო და ქვემო ერგეში, ზედა და ქვედა ჯოჭოს დასახლებაში და ოჩხამური-ცეცხლაური-ჯიხანჯურის დასახლებაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებული სისტემების მოწყობას.
- ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა – 133 მლნ ლარი
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, გერმანიის სახელმწიფო ბანკი) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 35 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 20 მლნ ლარი, ხოლო 2026-2028 წლებში 113 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
ხელედულა-ლაჯანური-ონის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და ლაჯანურის 220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობას.
- შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი – 140 მლნ ლარი
პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 5 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 25 მლნ ლარი, ხოლო 2026-2028 წლებში 115 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
საქართველოს ენერგეტიკული სისტემის/სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცენტრალური ევროპის სინქრონულ ზონასთან დაკავშირებას, რაც ევროპის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.
- ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება – 196 მლნ ლარი
პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 90 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 50 მლნ ლარი, ხოლო 2026 წელს 146 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას, კერძოდ, 200 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელის და 45 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას, არსებული 2 სათავე ნაგებობის და მასთან დაკავშირებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას, რეზერვუარების მშენებლობას და ა.შ.
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა – 280 მლნ ლარი
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 1.1 მლრდ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 250 მლნ ლარი, ხოლო 2026 წელს 30 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13.7-კმ-იანი საავტომობილო გზისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობას.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ავტობანის) მშენებლობა – 280 მლნ ლარი
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი (WB) და ევროკავშირი (EU) არიან. აღნიშნულ პროექტზე 2.6 მლრდ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს 280 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს და პროექტი დასრულდეს. ეს თანხა არ მოიცავს ავტობანის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობების ხარჯებს. ეს არის მხოლოდ მიმდინარე მშენებლობების დაფინანსება.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 51-კმ-იანი საავტომობილო გზისა და 41 სახიდე გადასასვლელის მოდერნიზაცია-მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთი ჯამში 1.1 მლრდ ლარით დაფინანსდა. 150 მლნ ლარი 2025 წელს უნდა დაიხარჯოს;
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის 11-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელსა და 3 გვირაბს). აღნიშნული მონაკვეთი ჯამში 467 მლნ ლარით დაფინანსდა. 50 მლნ ლარი 2025 წელს უნდა დაიხარჯოს;
ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის (რომელიც მოიცავს 11 სახიდე გადასასვლელსა და 5 გვირაბს) მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთი ჯამში 643 მლნ ლარით დაფინანსდა. 45 მლნ ლარი 2025 წელს უნდა დაიხარჯოს;
შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელსა და 10 გვირაბს). აღნიშნული მონაკვეთი ჯამში 661 მლნ ლარით დაფინანსდა. 35 მლნ ლარი 2025 წელს უნდა დაიხარჯოს;
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 300 მლნ ლარი
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 16.4 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 70 მლნ ლარი, ხოლო 2026-2028 წლებში 230 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
ალგეთი-სადახლოს 29-კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციას.
- ქუთაისის წყალარინების პროექტი – 309 მლნ ლარი
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის (EPTATF) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 47 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 65 მლნ ლარი, ხოლო 2026-2027 წლებში 244 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
ქალაქ ქუთაისში 116 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალარინების ქსელის (კანალიზაციის), 25 კმ სიგრძის კოლექტორისა და 19 სატუმბი სადგურის მოწყობას. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.
- იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 507 მლნ ლარი
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, გერმანიის სახელმწიფო ბანკი) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 88 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს – 120 მლნ ლარი, ხოლო 2026-2028 წლებში 387 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
სამტრედიაში, ბაღდათში, ვანში და ყაზბეგში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების აშენებას.
- თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობა – 510 მლნ ლარი
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე 13 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2025 წელს 120 მლნ ლარი, ხოლო 2026-2028 წლებში 390 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ი, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრია“.
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის 32-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.