მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, დასავლურ ბაზარზე ჩინეთის ექსპორტი მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა აზიასა და რუსეთში ზრდის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში ექსპორტის საერთო მოცულობა 5.7%-ით, $322-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
რაც შეეხება იმპორტის დონეს, ამ მიმართულებით 0.3%-იანი წლიური ზრდა ფიქსირდება და იმპორტის მოცულობა 238 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მართალია, აბსოლუტურ რიცხვებში ზრდა ფიქსირდება, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით პანდემია მძვინვარებდა და, შესაბამისად, შემცირებული გლობალური მოთხოვნის ფონზე, წლიური საბაზო ნიშნულიც, რომელთანაც უახლესი მონაცემები დარდება, არსებითად დაბალი იყო.
ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ დასავლეთში ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია, კერძოდ, გასულ თვეს კანადაში ექსპორტმა 22.2%-ით იკლო, დიდ ბრიტანეთთან მიმართებით 11.6%-იანი კლება ფიქსირდება, აშშ-ში ჩინეთის ექსპორტი 11.6%-ით დაეცა, საფრანგეთში 7.6%-იანი კლებაა, ხოლო გერმანიაში ექსპორტი 5.6%-ით შემცირდა.
ექსპერტების შეფასებით, დასავლეთში ექსპორტის შემცირება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებითა და მოხმარების შემცირებითაა განპირობებული.
ამის საპირწონედ, აზიის მასშტაბით ჩინეთის ექსპორტი მკვეთრად იზრდება, კერძოდ, გასული თვის განმავლობაში სინგაპურში ექსპორტის მოცულობა 81.8%-ით გაიზარდა, რუსეთთან მიმართებით 21.1%-იანი ზრდა ფიქსირდება, ინდოეთში ექსპორტის მოცულობა 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო იაპონიასთან მიმართებით 5.9%-იანი მატებაა.
ერთწლიან ჭრილში ზრდის ყველაზე მკვეთრი ტენდენცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ფიქსირდება – ექსპორტის საერთო მოცულობა რუსეთში 32.5%-ითაა გაზრდილი, რაც საერთაშორისო სანქციების გვერდითი ეფექტითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებისა და ლოკდაუნების დაწესების ფონზე, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ჩინეთის ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ $1-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა.
მკვეთრად გაღრმავებული ბიუჯეტის დეფიციტი იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა იმაზე გაცილებით უფრო მეტ თანხა ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს იღებს. დეფიციტურ მდგომარეობაში ბიუჯეტში თანხის შევსება კი, როგორც წესი, ადგილობრივი და საგარეო ვალის მეშვეობით ხდება.
დეფიციტის გაღრმავება მთავრობის ფისკალური პოლიტიკითა და შენელებული ეკონომიკური ზრდითაა განპირობებული, რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, პანდემია და მმართველი კომუნისტური პარტიის ნულოვანი კოვიდპოლიტიკაა, რომელიც მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების დაწესების სტრატეგიას ითვალისწინებს.
ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 4.8%-ით გაიზარდა, თუმცა მეორე კვარტალში, ლოკდაუნების გამო, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 0.4% შეადგინა, მესამე კვარტალში კი ეკონომიკა 3.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, წლის განმავლობაში მთავრობამ სოციალური დახმარების არაერთი პაკეტი წარადგინა, გარდა ამისა, პანდემიური წნეხის შესამცირებლად, მოსახლეობასა და ბიზნესს გადასახადების ნაწილი შეუმცირდა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახა საბიუჯეტო შემოსავლებზე.
გარდა ზემოხსენებული გამოწვევებისა, გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ ამჟამად ჩინეთის მთავრობა უძრავი ქონების ბაზრის კრიზისის წინაშე დგას, რომლის გამწვავებამაც, შესაძლოა, მთავრობას ინტერვენცია აიძულოს, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ბიუჯეტის დეფიციტს.