გმირებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას იცავენ, საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ მიზნით „სილქნეტმა“ 2018 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა, რომელიც დღეს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დაჭრილ მებრძოლთა საჭიროებებისთვის ფონდიდან უკვე ₾2.5 მილიონამდეა გაღებული.
Forbes Georgia „სილქნეტისა“ და ფონდის გენერალურ დირექტორს, დავით მამულაიშვილს, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის პროგრამებსა და გეგმებზე ესაუბრა.
შეგიძლიათ, მოკლედ გაგვიზიაროთ ფონდის ისტორია და მიზნები? რამ შთაგაგონათ დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდის დაარსება?
მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვისაც აქვს საშუალება, გვერდით უნდა დაუდგეს და დაეხმაროს მატერიალურად და ფსიქოლოგიურად მათ, ვინც თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავდა სამშობლოს. ეს იყო პირველი და ყველაზე მთავარი, რამაც ფონდის დააარსება შთაგვაგონა და 2018 წელს დავაფუძნეთ კიდეც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ „სილქნეტისა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ მეშვეობით. მინდა აღვნიშნო, რომ ფონდის დაარსების გადაწყვეტილება „სილქნეტისა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელთან, გიორგი რამიშვილთან ერთად, მისი ინიციატივით მივიღეთ. ჩვენ ირგვლივ ბევრი ომგამოვლილი ადამიანია, მე თავად ვარ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად რთულია, ომის შემდგომ დაუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას. (რედაქციისგან: დავით მამულაიშვილი არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, ვეტერანი, მიღებული აქვს მრავლობითი ჭრილობა. იგი არის ვახტანგ გორგასლის ორდენისა და ღირსების ორდენის მფლობელი. მინიჭებული აქვს მედალი მამაცობისთვის). ბევრი დაბრუნდა ომის შედეგად მიღებული მძიმე ტრავმებით. მხოლოდ ფიზიკურ ტრავმებს არ ვგულისხმობ. დღემდე მძიმეა ომგამოვლილი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც მათ ხელს უშლის ცხოვრების სრულფასოვან გაგრძელებაში. ასეთი სულიერი და ფიზიკური ტრავმები, ხშირ შემთხვევაში, გადაულახავი ბარიერია ვეტერანისთვის. უკვე მრავალი წელია, ბიზნესის სფეროში ვარ. ამ დროის განმავლობაში, გიორგი რამიშვილთან ერთად, ჩვენი პირადი ინიციატივით, არაერთ ვეტერანს დავუდექით გვერდით, დავეხმარეთ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ჩვენ არასდროს მიგვაჩნდა საჭიროდ ამაზე საჯაროდ საუბარი. გარკვეულ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად დაგვეარსებინა ფონდი და საზოგადოებაში აგვემაღლებინა ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერა. ასე მივედით ფონდის დაარსების იდეამდე და 2018 წელს ოფიციალურად დავაფუძნეთ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“.
შევეხოთ მთავარს, ფინანსურ ასპექტებს. უკვე 2.5 მილიონ ლარზე მეტი მოახმარა ფონდმა ბენეფიციართა საჭიროებებს – რა მიმართულებით მიედინება რესურსები და რა პრინციპით მიიღება გადაწყვეტილებები ამის შესახებ?
მთავარი დონორი „სილქნეტია“, რომელიც ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. პირველივე დღიდან ჩვენ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან. მათთან ერთად შევიმუშავეთ მკვეთრად განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც დახმარების გაცემა ყველა ბენეფიციარისთვის თანაბრადაა შესაძლებელი. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობა და ბენიფიციარებისთვის თანხების მიზნობრივი მოხმარება. ფონდის საქმიანობის აუდიტს მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების ოთხეულიდან ერთ-ერთი – KPMG-ი აწარმოებს. ნებისმიერ შემომწირველს, რომელმაც თუნდაც ერთი ლარი გაიღო, შეუძლია მოითხოვოს და გაეცნოს ამ ანგარიშებს. ჩვენ დაარსებიდანვე დავამყარეთ მჭიდრო ურთიერთობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და სხვადასხვა უცხოურ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ამავე საქმიანობას ეწევიან. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრები არიან ვეტერანთა მხარდაჭერის საკითხებში აქტიურად ჩართული ამერიკის მოქალაქეები. მათ შორის, აშშ-ის არმიის გადამდგარი ადმირალი, დევიდ შიმპი და ვეტერანების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ექსპერტები: ბარბარა ვან დალენი და რენდი ფელპსი, რომლებიც ფონდში მრჩეველთა საბჭოს წარმოადგენენ. გვსურს, მათი გამოცდილება გავიზიაროთ და მათი მეშვეობით წარვმართოთ ჩვენი ბენეფიციარების მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ვეტერანებზე ზრუნვის ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს. ამ საქმეში ერთიანი ძალისხმევით არის ჩართული მთავრობაც, ბიზნესსექტორიც და მთლიანად საზოგადოება. ჩვენი მიზანი ამ მდიდარი გამოცდილების გაზიარებაა, რაც დაგვეხმარება, ფონდი საყოველთაო გავხადოთ საქართველოშიც.
დღეისათვის ასობით დაჭრილმა ვეტერანმა და სამხედრო მოსამსახურემ მიიღო დახმარება. ფონდი ასევე პირველივე დღიდან ზრუნავს მათ არასრულწლოვან შვილებზე, ხოლო 2023 წლიდან, ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ. ამ დრომდე, მხოლოდ „სილქნეტის“ მიერ ფონდში ჩარიცხული ჯამური თანხა 1 300 000 ლარია, ხოლო „სილქნეტთან“ ერთად, ყველა შემომწირველი კომპანიის, ასევე ფიზიკური პირების ერთობლივი ძალისხმევით, 2018 წლიდან დღემდე 2 500 000 ლარის მობილიზება შევძელით. თანხა სრულად მოხმარდა დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს. ფონდის კრიტერიუმები ითვალისწინებს დახმარებებს შემდეგი მიმართულებით: სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო კურსები და სხვა, ასევე, სასწავლო კურსების დაფინანსება შემდგომი პროფესიული გადამზადებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით და საცხოვრებელი ფართის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეთათვის. გარდა ამისა, ვეტერანების ჰოსპიტლისათვის შევიძინეთ 121 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა – მაგნიტური ტომოგრაფიის აპარატისთვის და ქირურგიული სტომატოლოგიისთვის საჭირო ულტრათანამედროვე აღჭურვილობა. შედეგად, ვეტერანთა ჰოსპიტალი უფასოდ ემსახურება ომის ვეტერანებს.
ფონდის ბენეფიციარებს მძიმე დაზიანებები მიღებული აქვთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად მუდმივი მონიტორინგი და პერიოდული სამედიცინო ჩარევაა საჭირო. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში, ბენეფიციარებს რამდენჯერმე უწევთ საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთისა და ავსტრიის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამისათვის, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების სამსახურთან ერთად ვახორციელებთ თანადაფინანსებას. ასეთი დაფინანსებების წილმა წელს 50%-ზე მეტი შეადგინა ფონდის საერთო დაფინანსებებიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარს უჭერთ როგორც დაჭრილ მებრძოლებს, ასევე მათ ოჯახებს, რაც საკმაოდ ფართო მანდატია, საინტერესოა, როგორ ხდება მათი საჭიროებების პრიორიტეტიზაცია – რა არის უფრო სასწრაფო და გადაუდებელი?
გეთანხმებით, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ფონდის შექმნისას შემუშავებული კრიტერიუმები საშუალებას გვაძლევს, რომ დახმარება ყველასათვის იყოს თანაბარი, გამჭვირვალე და მიზნობრივი. დახმარების ტიპები გაწერილია, როგორც უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება თანხების გაცემას, ესეც დადგენილი პრინციპით ხდება. ერთი ბენეფიციარისთვის ფონდი წლის განმავლობაში გასცემს 2500 ლარის დახმარებას. იმ შემთხვევაში, თუ დახმარება მეტ თანხასთან არის დაკავშირებული, ფონდის კრიტერიუმებით 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ პრინციპით ხდება დაჭრილთა არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლეების დახმარებაც. მე პირადად განვიხილავ ფონდში შემოსულ თითოეულ მომართვას და ვეცნობი დაჭრილთა საჭიროებებს. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც 100%-ით დაგვიფინანსებია ძვირად ღირებული გადაუდებელი ოპერაციებიც, მაშინ როდესაც ამა თუ იმ ბენეფიციარს არ ჰქონია თანხის მიღების სხვა საშუალება. ასეთი დახმარების ოდენობა ზოგ შემთხვევაში 100 000 ლარზე მეტს აღწევს. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ „სილქნეტის“ მხრიდან ფონდის მუშაობაში ჩართული თანამშრომლები არიან 100%-ით მოხალისეები, რომლებიც ამ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელა მათი მიდგომა და ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი დაჭრილი და დასახიჩრებული მეომრების ბედი და პრობლემები მათთვისაც ისეთივე ახლობელია, როგორც ჩემთვის. ჩვენ, სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და სქესის ადამიანები გაერთიანებული ვართ ამ ფონდის ირგვლივ და, რაღაცნაირად, ქართული საზოგადოების ერთი პატარა ნაწილი ვართ. ეს არის როგორც „სილქნეტის“, ასევე ფონდის საქმიანობაში ჩართული თითოეული თანამშრომლის სოციალური პასუხისმგებლობა. ფონდს არანაირი სახელფასო ხარჯი არ გააჩნია. მთელი სახსრები სრულად ხმარდება ქველმოქმედებას.
შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ ამბავი, რომელიც დაკავშირებულია ფონდის ბენეფიციართან და პირადად შეგეხოთ და შეგძრათ?
თითოეული ომგამოვლილი ადამიანის უკან დგას გმირობისა და თავგანწირვის ისტორია. ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი რომელიმეს გამოყოფა. თუმცა, წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რამდენად მძიმე შემთხვევები გვხვდება, გავიხსენებდი ერთ-ერთი ვეტერანის ამბავს, რომელსაც ფონდის დაფინანსებით საზღვარგარეთ რამდენიმეჯერ ჩაუტარდა ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი. მან 2008 წელს ნაღმზე აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობა, რომელიც არ ხორცდებოდა. როგორც საზღვარგარეთ მკურალობისას დადგინდა, ამის მიზეზი საომარ მოქმედებებში „ჩვენი რუსი მეგობრების“ მიერ გამოყენებული ისეთი ნივთიერება იყო, რომელიც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია. ასე რომ, ყველას ისტორია, ვინც თავის სამშობლოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავდა, სავსეა დიდი ტკივილით და სევდით. ისინი გმირები არიან და ჩვენი ვალია მათი მხარდაჭერა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რა რთული იყო ცხოვრების გაგრძელება ომის შემდეგ. თავად მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც დავბრუნდი. აუცილებლად მინდა, გავიხსენო ის ადამიანი, რომელიც შემთხვევით გავიცანი და რომელმაც სრულიად უანგაროდ გამიწია ფინანსური დახმარება მაშინ, როდესაც ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო. ეს გახლდათ მაშინდელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ბატონი გია ბარამიძე. მისი ეს მაშინდელი მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების თანამდევი მოგონება.
სამომავლო მიზნებსა და პროგრამებზეც ვისაუბროთ. ფონდი ახლა მეტ ყურადღებას აქცევს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხებს – რა პროგრამებით იფარება ეს ინიციატივა?
როგორც თავიდანვე ვახსენე, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთივე ომის შემდგომი ტრავმაა, როგორიც ფიზიკური დაზიანება, ხოლო ხშირ შემთხვევებში – უფრო რთულად დასაძლევიც. ადამიანები ვერ ახერხებენ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას, ეს პრობლემა მათი ოჯახის წევრებისთვისაც მძიმე ტვირთია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვნახოთ გზები ვეტერანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სისტემატიური და სრულყოფილი პროგრამების შესაქმნელად. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი ფონდის ბორდს ჰყავს მრჩეველთა საბჭო ამერიკიდან, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ აშშ-ში. ჩვენ ვიყენებთ მათ მდიდარ გამოცდილებას და რჩევებს, რათა ახლო მომავალში ფონდმა შეძლოს, ვეტერანებს სრულფასოვანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამის გავლაში დაეხმაროს. ასევე, როგორც აღვნიშნე, წელს ფონდის ბორდის გადაწყვეტილებით, დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ დახმარებას. როგორც ფონდის ბენეფიციარებს, მათაც ისევე დაუფინანსდებათ კრიტერიუმებით გათვალისწინებული ყველა საჭიროება. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფარგლებში აქცენტი გავაკეთოთ პროფესიული გადამზადების კუთხით განათლების მიღებაზე, რაც ფონდის ერთ-ერთი კრიტერიუმია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების დაგეგმვისას, ფონდი თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევიმუშავეთ სპეციალური კითხვარი. გამოკითხვის შედეგების მიღების შემდგომ, გადავალთ მეორე ეტაპზე, რაც ითვალისწინებს იდენტიფიცირებული საჭიროებებისთვის შესაბამის სასწავლო პროგრამებთან და სასწავლო დაწესებულებებთან შემდგომ თანამშრომლობას. გვინდა, ჩამოვაყალიბოთ შეკრული პროგრამა, რომლითაც ფონდის ბენეფიციარი ქალები მიიღებენ მათთვის საინტერესო ცოდნას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიღებული ცოდნით მოახდენენ თავიანთი მიზნების კომერციალიზაციას. ფონდის მიზანიც ფინანსური დახმარების მიღმა სწორედ სრულფასოვანი ინტეგრაციაა საზოგადოებაში და მიგვაჩნია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ამაში თავის დიდ როლს შეასრულებს. ასე რომ, ამ მიმართულებებით საკმაოდ მასშტაბური სამომავლო გეგმები გვაქვს.
რა გზით შეუძლიათ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს კონტრიბუცია? ფინანსური დონაციის გარდა, ჩართულობის სხვა რა გზას სთავაზობთ მსურველებს?
მე ასე ვიტყოდი, რომ ყველას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რა გზით და როგორ დაუდგეს გვერდით მათ, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, შეუერთდეს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობას და შემოსწიროს თუნდაც ერთი ლარი. ეს შეიძლება იყოს ბიზნესმენი, რომელსაც აქვს მცირე, საშუალო, ან დიდი ბიზნესი და დაასაქმოს თუნდაც ერთი დაჭრილი მებრძოლი, მისი შვილი ან მეუღლე. შეიძლება იყოს სასწავლო დაწესებულება, სადაც ეს ადამიანები გაივლიან სასწავლო კურსს, რაც მათ შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება და კიდევ ბევრი სხვა რამ. ფონდი ყოველი წლის ბოლოს ტრადიციულად აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებას, სადაც იკრიბება ბიზნესსექტორი, მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ამ შეკრებაზე ჩვენ, ფონდის ხელმძღვანელობა, სრულ წლიურ ანგარიშს წარვუდგენთ საზოგადოებას ფონდის საქმიანობის შესახებ. მომავალი წლის შემომწირველთა დიდი რაოდენობა სწორედ ამ საქველმოქმედო საღამოზე გვიერთდება, თუმცა არაერთი კომპანია ახორციელებს დონაციას წლის განმავლობაშიც. ფონდის ბორდის უცვლელი წევრია ასევე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად არის ჩართული, როგორც მედიატორი – ფონდსა და ბიზნესსექტორს შორის. გარდა კერძო სექტორისა, მთელი წლის განმავლობაში ფიზიკური პირებიც გვიერთდებიან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს.
იგეგმება თუ არა ფონდის საქმიანობის მასშტაბირება – შესაძლოა მხარდაჭერის გავრცელება საქართველოს საზღვრებს გარეთ?
ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო ფონდის თანადამფუძნებლის, პაატა პატიაშვილის უდავოდ დიდი დამსახურება უცხოელი პარტნიორების მოძიებაში, რასაც ჩვენი ფონდი სწორედ პაატას აქტიურობით ახორციელებს დაარსებიდან დღემდე. პაატა, წლების განმავლობაში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი იყო აშშ-ში, დღეს კი დიდ ბრიტანეთშია. მისი აქტიური ჩართულობით, ფონდი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ასეთი პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობა. პაატას დიდი ჩართულობით, ამ საქვეყნოდ ცნობილ ფონდთან გავაფორმეთ პარტნიორობა, რომლის საფუძველზეც ფონდმა მიიღო გრანტი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლის შესაძენად. დღეს დაჭრილთა გუნდი უკვე აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის მჯდომარე კალათბურთის ეტლებით. სპორტული აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია დაჭრილი მეომრებისთვის. მოგეხსენებათ, იმართება საერთაშორისო ტურნირები, სადაც ჩვენი გუნდი ყოველთვის ღირსეულად ასპარეზობს და ასე აგრძელებენ ქვეყნის სამსახურში ყოფნას დღესაც. ფონდი იმ ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს, სადაც დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვის მრავალწლოვანი ტრადიცია არსებობს. ფონდს დაარსებიდან მხარში უდგანან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ. გამოვყოფდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და მისი ელჩის კეთილ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც მათ ფონდის ბენეფიციართა არასრულწლოვან შვილებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დაუფინანსეს. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი და გიორგი რამიშვილის სახელით ფონდ Invictus Games Foundation-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ასევე, პირადად ელჩს, მის აღმატებულება მარკ კლაიტონს.
როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოების როლი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად და რა იქნება თქვენი გზავნილი, რათა წაახალისოთ დაჭრილ მებრძოლთა ფონდის მხარდაჭერა?
ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს მათი თავგანწირვა, ზუსტად ისევე, როგორც არ გვავიწყდება და თაობებს გადაეცემა 300 არაგველის გმირობა. ეს ადამიანები არიან ჩვენი დროის გმირები და ერთად უნდა დავუდგეთ გვერდით. აი, ეს იქნება ჩემი გზავნილი ყველასათვის.