დავით ასათიანი პირველი ადვოკატია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ პრეზიდენტს ნდობა ევროპელმა კოლეგებმა გამოუცხადეს, რაც მის პერსონალური დამსახურების აღიარებასთან ერთად – საქართველოს აღიარება და წახალისებაცაა.
თქვენ გახდით ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი. მანამდე — 2021 წლიდან მისი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდით. აგვიხსენით, რა ორგანიზაციაა ეს?
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია 80-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ორგანიზაციაა. მისი შტაბ-ბინა ბრიუსელშია. AEA-EAL იმთავითვე აერთიანებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებს, რეგიონულ ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებსა და ინდივიდუალურ ადვოკატებს. ორგანიზაცია თავდაპირველად უმეტესად დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აერთიანებდა, შემდეგ მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც შეუერთდნენ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კი მისი წევრი რამდენიმე წლის წინ გახდა.
მე 2021 წელს ამირჩიეს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად. 2024 წელს მოქმედი პრეზიდენტის 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი. წარმოადგინეს ჩემი კანდიდატურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პოსტის დაკავება როგორც პირადად თქვენთვის, ისე საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაც წარმოადგენთ?
ეს არის ევროპელი კოლეგების მხრიდან ნდობის გამოცხადება როგორც ჩემ მიმართ, ისე – ქართული იურიდიული პროფესიის და იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში განვახორციელეთ: გავაძლიერეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ავამაღლეთ ადვოკატთა ხარისხი, გავაძლიერეთ ინსტიტუცია. ამის აღიარება ისიც არის, რომ ქართველი ადვოკატი გახდა ამ ასოციაციის პრეზიდენტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არაევროკავშირის წევრი ქვეყნის ადვოკატი დაიკავებს ამ პოზიციას ორი წლის განმავლობაში.
რა მიზნები გაქვთ დასახული ორგანიზაციის პრეზიდენტის რანგში მუშაობის პერიოდში?
მრავალი წელია, აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპულ პროფესიულ ორგანიზაციებთან. ადვოკატთა ასოციაციას პროფესიული განვითარების ფარგლებში მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან. ეს ხალხი კარგად მიცნობს. პირადად ჩემს კანდიდატურასთან ერთად ეს ორგანიზაციები და ადამიანები აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, იმ ნაბიჯებს, რასაც ვახორციელებთ იურიდიულ პროფესიაში.
ეს იყო ჩვენი წარმატების აღიარება – ბევრი პარამეტრით ვართ ლიდერები აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, იყო ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების, ჩვენი მისწრაფების წახალისებაც – იმის ჩვენება, რომ შეგვწევს ძალა, ევროპულ ორგანიზაციებს უხელმძღვანელოს ქართველმა ადამიანმა.
ორგანიზაციას ჩემთან ერთად მართავს სამი ვიცე-პრეზიდენტი გერმანიიდან, ესპანეთიდან და ბელგიიდან. ეს ევროკავშირის ძლიერი, მნიშვნელოვანი ქვეყნებია, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში შეკრებილი ადამიანები ძალიან ცნობილი და გამოჩენილი იურისტები არიან. განსახორციელებელია უამრავი პროექტი, რომლებიც უკავშირდება სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე, ადვოკატების როლის გაძლიერებას ევროპის მასშტაბით, მართლმსაჯულების სისტემის სანდოობის გაზრდას. უამრავ ქვეყანასთან გვექნება თანამშრომლობა.
2021-2024 წლებში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდით — როგორ აპირებთ თქვენი წინა სამუშაოებისა და ინიციატივების გაგრძელებას ახალ პოზიციაზე?
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია შეიქმნა იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო ადვოკატის პროფესია და როლი მართლმსაჯულების სისტემებში ევროპის მასშტაბით, მათ შორის, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც გვიან გახდნენ ევროკავშირის წევრები, ბუნებრივია, სჭირდებოდათ ევროპელი კოლეგების აქტიური დახმარება, რათა შემდგარიყო ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული ადვოკატთა გაერთიანებები.
ორგანიზაციის მიზანია, განუხრელად დამკვიდრდეს სამართლის უზენაესობა ყველა ევროპულ ქვეყანაში. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია მოწოდებული იქნება, მხარი დაუჭიროს თითოეულ ადვოკატს, მათ კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი როლის გაძლიერებას, ზოგადად ადვოკატურის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ეს ყველგან ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის საფუძველია.
რაც არ უნდა იდეალური იყოს სასამართლო სისტემა, ძლიერი ადვოკატებისა და იურიდიული ფირმების გარეშე რთულია, დაცული იყოს ადამიანის უფლებები.
რა არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოქალაქეებისთვის მოტანილი ძირითადი სარგებელი?
ევროპასთან ინტეგრაციის შედეგად წახალისებულია როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება ევროპაში, ისე – ბიზნესურთიერთობებიც მეტად ინტენსიური ხდება, საერთაშორისო კონტრაქტები იდება, უცხოელები ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ხდება საარბიტრაჟო განხილვები, ზოგს სისხლისსამართლებრივი კონფლიქტები აქვს და ა.შ. – ბუნებრივია, იურიდიული მომსახურებები – საზღვართა შორის სამართლებრივი სერვისები, კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა აუცილებელი ხდება. ეს ორგანიზაცია ადვოკატების ქსელის არსებობას ემსახურება, რათა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ სათანადოდ დაცულები. კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ქსელი გამოიყენონ ქართველმა ადვოკატებმა.
რაც შეეხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას — თქვენ მას 2017 წლიდან მართავთ. როგორ გაიზარდა და განვითარდა ორგანიზაცია ამ წლების განმავლობაში?
ადვოკატთა ასოციაცია იმ მოდელით, რითაც დღეს ფუნქციონირებს, 2004 წელს შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადვოკატის პროფესიის მდიდარი ტრადიცია აქვს, თანამედროვე ინსტიტუტად ის სწორედ 2004 წელს ჩამოყალიბდა. ადვოკატთა ასოციაციამ არაერთი რთული წელი გაიარა: იყო ადვოკატთა უფლებების უხეში დარღვევა, მათზე ზეწოლა, დევნა. დღეს ადვოკატთა ასოციაცია არის ძალიან ეფექტიანი, თვითრეგულირებადი, დამოუკიდებელი, წევრობაზე დაფუძნებული ინსტიტუტი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია კორპორაციულ საწყისებზე. ადვოკატთა ასოციაციაში ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღება წევრთა მიერ.
წლების განმავლობაში გავამყარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. გვყავს დაახლოებით 6 ათასი მოქმედი ადვოკატი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ, რომ, პირველ რიგში, მათი საქმიანობის გარემო იყოს თავისუფალი, არ შეეშალოთ ხელი თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
საქართველოში მხოლოდ ადვოკატთა ასოციაცია ატარებს საკვალიფიკაციო გამოცდებს – გასაგებია, რომ ყველა ადვოკატს აქვს საუნივერსიტეტო განათლება, თუმცა რას აკეთებთ თქვენ დამატებით მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება სურს?
ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდას, რომლის საფუძველზეც პროფესიაში ახალი იურისტები შემოდიან. მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ მათ გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა, უნარები, პრაქტიკა გააძლიერონ, იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს მაღალკვალიფიციური სამართლებრივი სერვისები შევთავაზოთ.
ასევე გარკვეულწილად პასუხისმგებლები ვართ საქართველოში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაზე, აქტიურად ვართ ჩართული სასამართლო რეფორმების პროცესში. ვმუშაობთ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე სასამართლოებში, რათა, საბოლოოდ, სასამართლო გახდეს საქართველოში სანდო, კვალიფიციური ინსტიტუტი, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები ზედმიწევნით იქნება დაცული.
რა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში?
უნდა გავაგრძელოთ მდგრადად განვითარება. ადვოკატთა ასოციაციას აქვს თავისი შენობა. უკვე ორი წელია, „ადვოკატის სახლი” ჰქვია ოფისს, რომელიც საერთო ძალისხმევით, ჩვენი ფინანსური სახსრებით აშენდა – ყველა ადვოკატს აქვს ამაში წვლილი შეტანილი.
ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარების გაზრდას.
2024 წლის სექტემბერში ვიწყებთ დარგობრივი სპეციალიზაციის პროექტს – ეს ნიშნავს, რომ ვიწრო სპეციალიზაციის ადვოკატები უფრო მეტად დახელოვნდებიან, მაგალითად, კომერციული დავების, საგადასახადო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის და სხვა მიმართულებებით.
ამ პროექტში არაერთი ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას. ეს გააუმჯობესებს როგორც სერვისების, ისე მართლმსაჯულების ხარისხს. გაიზრდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ხარისხიც იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ძალიან ვიწროდ სპეციალიზებული, მაღალი კვალიფიკაციის ადვოკატები წარმოადგენენ მოქალაქეებს კონკრეტულ სამართლებრივ დარგებში. ჩვენ გვსურს, მართლმსაჯულების ადმინისტრირება საქართველოში ხარისხიანად და დროში ეფექტიანად წარმოებდეს და მართლმსაჯულება წლობით არ ჭიანურდებოდეს.
ეს ხომ სასამართლოზეა დამოკიდებული?
არა მხოლოდ. ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ჩამოვაყალიბეთ. ეს ფორმატი ითვალისწინებს ბენჩ ბარ (Bench-Bar) შეხვედრებს, სადაც მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები განვიხილავთ ყველა საჭირბოროტო საკითხს და ვწყვეტთ მათ თანამშრომლობის საფუძველზე. ეს წმინდა სამუშაო ფორმატია, სადაც არის დისკუსია, ხანდახან ვნებათაღელვა, მწვავე დებატები, მაგრამ, საერთო ჯამში, ძალიან ეფექტიანი მექანიზმი იმისათვის, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი, მართლმსაჯულება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და გასაგები ყველა მოქალაქისთვის.
ამ შეხვედრებზე განვიხილავთ და ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, რომ დამკვიდრდეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა – ეს მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო კორუფციის რისკს, ვინაიდან იურიდიული პროფესია შეთანხმებული იქნება იმაზე, თუ როგორ განიმარტება და როგორი პრაქტიკით წყდება ესა თუ ის საკითხი. ეს მართლმსაჯულების განჭვრეტადობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.