დაზღვევის აუცილებლობას ბევრი მანამდე ვერ აცნობიერებს, სანამ ზარალის წინაშე რეალურად არ აღმოჩნდება. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ წლის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში მოულოდნელად მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ 80-მდე ბიზნესს 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. კომპანიის საოპერაციო დირექტორი, დიმიტრი ძირტკბილაშვილი დაზღვევის აუცილებლობასა და „ჯიპიაი ჰოლდინის“ პროდუქტებზე გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
ბატონო დიმიტრი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში სტიქიისგან დაზარალებულ ბიზნესებს 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. რა ტიპის ზარალზეა საუბარი და რა კატეგორიის ბიზნესებმა ისარგებლეს კომპენსაციით?
უხვმა ნალექმა, რომელიც თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში მოვიდა, აჭარისა და გურიის რეგიონს დიდი ზიანი მიაყენა. სტიქიამ, ჩვენთან დაზღვეულებს შორის, ძირითადად მსხვილი და საშუალო ბიზნესი დააზარალა, მცირე ბიზნესის ზარალი კი შედარებით მსუბუქი იყო.
დიდთოვლობის გამო სახურავები ჩაინგრა და შენობების კონსტრუქციული ნაწილი დაზიანდა. ამან, თავის მხრივ, მარაგების დიდი ნაწილი გაანადგურა და ბიზნესების საქმიანობის შეფერხება გამოიწვია. მთლიანობაში დაახლოებით 80-მდე ობიექტის ზარალი ავანაზღაურეთ. მათ შორის ამ ბიზნესების ყველაზე დიდი ნაწილი ბათუმში ოპერირებს. რამდენიმე ბიზნესმენმა მოგვმართა ქუთაისიდანაც.
აქამდე თუ ყოფილა შემთხვევა, კომპანიას მსგავსი მოცულობის ზარალი აენაზღაურებინოს?
დიდთოვლობისგან მიყენებული ზარალი არაერთხელ აგვინაზღაურებია, მათ შორის აჭარის რეგიონში, თუმცა მსგავსი მასშტაბის – არასდროს ყოფილა. ვგულისხმობ ერთ ერთეულ დროში მოსული ნალექის ოდენობას.
აღსანიშნავია, რომ ნალექების მოსალოდნელი რაოდენობა ყველა რეგიონისთვის ინდივიდუალურად არის განსაზღვრული და არსებობს შესაბამისი რეგულაცია, რომელიც შენობის აგებისას მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს, რათა უხვმა ნალექმა კონსტრუქცია არ დააზიანოს. ჩვენთან დაზღვეულ ბიზნესებს შორის ზოგს შენობა ამ რეგულაციების დაცვით ჰქონდა აშენებული, თუმცა ზიანის თავიდან არიდება მაინც ვერ შეძლო, რადგან ერთ ერთეულ დროში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა. ამან შენობების კონსტრუქციული რღვევა გამოიწვია.
მდგომარეობა ძალიან კრიტიკული იყო. დიდი თოვლის გამო ადგილამდე მისვლას ვერ ვახერხებდით. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შევძელით ჩვენთან დაზღვეულ ბიზნესობიექტებამდე მიღწევა და ზარალის შეფასება. ამის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზები და დაზარალებულებთან თანამშრომლობით მათი ზარალი გონივრულ დროში ავანაზღაურეთ.
ერთ-ერთ საუბარში აღნიშნეთ, რომ ამ კომპანიებისთვის დაზღვევის გარეშე საქმიანობის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. რამდენად ხშირია თქვენი პრაქტიკიდან ისეთი შემთხვევა, როცა დაზღვევა მართლაც ბიზნესის გადარჩენის გარანტი ხდება?
ბოლო პერიოდის მოვლენების შემდეგ, საშუალო ზომის ბიზნესებმა ეს ძალიან კარგად გაიაზრეს. რეალურად დაზღვევა გაუთვალისწინებელი საფრთხეების დადგომისგან თავის დაცვაა, რასაც ბიზნესის გადარჩენისთვის გადამწყვეტი როლი აქვს. დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის დროს ცალსახად ამ ფაქტის წინაშე დავდექით.
საშუალო ზომის ბიზნესს ძირითადად ერთი ადამიანი ფლობს. ზარალი რომ არ აგვენაზღაურებინა, მათ დამატებითი სესხის აღება მოუწევდათ. პარალელურად, ბიზნესის ოპერირება გაჩერდებოდა, რადგან მარაგები დაზიანდა.
აქედან გამომდინარე, ზიანი მხოლოდ ერთ კომპონენტზე არ ახდენს გავლენას. აქ მნიშვნელოვანია მთელი ჯაჭვი – უძრავი ქონების დაზიანება მარაგების განადგურებას იწვევს, ფერხდება მიწოდების ჯაჭვი და, შესაბამისად, ბიზნესის ოპერირება. ეს კი, თავის მხრივ, შემოსავლებსა და მოგებაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, დაზღვევა ბიზნესის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს, რათა ეს შედეგი არ მივიღოთ. იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენები, რომლებიც ცალსახად არასასიამოვნოა, ბევრი ადამიანისთვის იმის საჩვენებელი მაგალითი იქნება, რომ ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის დაზღვევა აუცილებელია.
თქვენი დაკვირვებით, ამ შემთხვევის შემდეგ ხომ არ გაიზარდა მომართვიანობა? ზოგადად, ბოლო პერიოდში როგორია ამ კუთხით ზრდა? ადრე აღნიშნეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქონების დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია. რა ტენდენციებს ხედავთ ბოლო წლებში?
ხალხს მაინც უჭირს დაზღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ბიზნესის მფლობელები უნდა დაფიქრდნენ, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტი. ყველა მეწარმემ უნდა გააცნობიეროს, რომ დაზღვევა მისი ბიზნესის მდგრადი განვითარების საშუალებაა. ეს ასევე არის თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიმართ პასუხისმგებლობა. საბოლოოდ, მივდივართ იქამდე, რომ დაზღვევა, განსაკუთრებით ბიზნესებისთვის, დაცვის უკიდურესად აუცილებელი მექანიზმია.
როგორ ფიქრობთ, რა აბრკოლებთ?
ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. ვფიქრობ, თავშეკავებას ძირითადად ინფორმაციის დეფიციტი და ამ მიმართულებით ცოდნის ნაკლებობა იწვევს. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რა პროდუქტია დაზღვევა და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას.
მეორე კი ალბათ უფრო კულტურის საკითხია. სანამ დაზღვევა ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ პირველი რიგის ამოცანებში არ შევა, იმ დონეზე, რაზეც ჰიგიენური ნორმები დგას, ეს საკითხი მუდამ ღია დარჩება.
მოდი, უფრო ფართოდ ვისაუბროთ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევაზე – რას სთავაზობთ ამ პროდუქტით მომხმარებლებს? რატომ უნდა შეაჩერონ არჩევანი თქვენზე?
დიდთოვლობისა და, ზოგადად, სტიქიის შედეგად ზარალის ანაზღაურების კუთხით, ბაზარმა და ხალხმა რეალურად დაინახა, თუ რა სარგებელი მოაქვს ჩვენს პროდუქტს. თუმცა არის კიდევ სხვა რისკები, რომლებიც ბიზნესის შეუფერხებლად წარმოებისა და მისი მდგრადობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ბიზნესის დამხმარე, ფინანსური სტაბილურობის მცველი სტრუქტურული ერთეული.
ქონების მიმართულებით გვაქვს ხანძრის რისკისგან დაზღვევა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან არის გააქტიურებული. თუ გავიხსენებთ, რამდენი მასშტაბური ხანძარი მოხდა უახლოეს წლებში მხოლოდ თბილისში, ეს თვალნათელი გახდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ადამიანები მხოლოდ შედეგის დადგომის შემდეგ აცნობიერებენ დაზღვევის აუცილებლობას, როცა უკვე გვიანია. თუმცა ამის გამოსწორება სამომავლოდ შეუძლიათ.
მაგალითად, დიდი ბაზრობების შემთხვევაში, სადაც ხანძრის რისკი მაღალია, ძირითადად მარაგები ეზღვევა, რადგან უძრავი ქონების მესაკუთრე სხვაა. მას, მესამე პირების პასუხისმგებლობის ფარგლებში, სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა აქვს, შეზღუდული ლიმიტით.
სტიქიური მოვლენების რისკებს რომ დავუბრუნდეთ, დიდთოვლობასთან ერთად მიწისძვრის, მიწისქვეშა გრუნტების მოძრაობის, წყალდიდობისა და სეტყვისგან პოტენციური ზიანის დაზღვევაც გვაქვს.
კიდევ ერთი მიმართულებაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების, ქურდობის რისკის დაზღვევა. ამ შემთხვევაში კომპანია მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანს ანაზღაურებს და არა მხოლოდ მოპარული ნივთისას. ეს პრობლემა, დიდწილად, მცირე ზომის ბიზნესებს აწუხებს. მათთვის ის პროდუქტი, რომელსაც ყიდიან, უმეტეს შემთხვევაში საბრუნავი საშუალებაა, ამიტომ მიყენებული ზარალი მათ საქმიანობაზე ძალიან მძიმედ აისახება.
დამატებით გვაქვს მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის რისკის დაზღვევა. როდესაც პირი აზღვევს ქონებას, იმის ქვეშ კიდევ არსებობს ისეთი აგრეგატები, რომლებიც ცალკე იზღვევა, მუშაობის დროს მწყობრიდან გამოსვლის რისკებზე. ქონების დაზღვევასა და მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის რისკის დაზღვევას გააჩნია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევის შესაძლებლობა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ ქონებრივი ზიანი დადგა და ბიზნესი ვეღარ ოპერირებს, არსებობს საქმიანობის შეფერხების რისკისგან დაზღვევის ლიმიტი. აგრეთვე, თუ მანქანა-დანადგარი გაგიფუჭდა და მუშაობა შეფერხდა, ესეც იმავე რისკისგან დაზღვევას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი და ბევრი ზარალი გვაქვს ანაზღაურებული. ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზეა საუბარი.
როგორია თქვენი ხედვა – როგორ შეიძლება წახალისდეს ბიზნესების მიერ ქონების დაზღვევა და რა როლი უნდა შეასრულოს ამაში სადაზღვევო სექტორმა?
ალბათ უფრო მეტი აქტიურობით. თვითონ შემთხვევები, რომლებიც ხდება, ყველაზე დიდი მაგალითია, თუ რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ბიზნესს, რაც მის საქმიანობას დააზარალებს. რეალურად, ჩვენ დაპირებას ვყიდით, რთულია ამ გზით ვინმესთვის შთაგონების წყარო გახდე. თუმცა არსებობს ხელშესახები ფაქტები, რომლებიც აჩვენებს, რომ დაზღვევა ნამდვილად მუშაობს, ის პრობლემასთან მარტო არ გტოვებს.
იმედი მაქვს, ბიზნესების უფრო განვითარებასა და დახვეწასთან ერთად დაზღვევის პოპულარობაც გაიზრდება. მე ამ ყველაფერს მაინც ბიზნესის მენეჯმენტის დონის ამაღლებას, პროდუქტთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავებას ვუკავშირებ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ სიღრმისეულ ცოდნაზე, ამ შემთხვევაში დაზღვევის საჭიროების გააზრებაა მნიშვნელოვანი.
როგორია კომპანიის გეგმები უახლოეს მომავალში?
უძრავი ქონების დაზღვევის კუთხით, უკვე არსებული პროდუქტების მეტ პოპულარიზაციაზე ვფიქრობთ. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მრავალმხრივი, მრავალფეროვანი პროდუქტები გვაქვს, რომლებიც როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე მაქსიმალურად არის მორგებული. უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს უკეთ დავანახოთ ბიზნესრისკების დაზღვევის აუცილებლობა – რაც უფრო მეტი ბიზნესი იქნება დაზღვეული, მით უფრო მდგრადი გახდება ჩვენი ეკონომიკაც.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ეს ბაზარი თითქმის აუთვისებელია და ზარალის შემთხვევაში ოჯახი შეიძლება უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, დარჩეს ყველაფრის გარეშე. ახლახან ახალი და საკმაოდ საინტერესო პროდუქტი, ბინებისა და კერძო სახლების დაზღვევა შემოვიტანეთ, რომელიც ჩვენს ჩეხ კოლეგებთან ერთად შემუშავდა – ევროპული გამოცდილება გადმოვიტანეთ და ქართულ რეალობას მოვარგეთ. ვფიქრობთ, პროდუქტი ჩვენს მომხმარებლებშიც ისეთივე პოპულარული აღმოჩნდება, როგორიც ჩეხეთშია.
S