დღევანდელ მუდმივად ცვალებად სამყაროში წარმატება განისაზღვრება არა მხოლოდ ცოდნით, არამედ იმითაც, თუ როგორ ვურთიერთობთ, ვთანამშრომლობთ და ვადაპტირდებით. სწორედ აქ ჩნდება რბილი უნარები (soft skills) – პიროვნული თვისებები, რომლებიც განაპირობებს ჩვენს ურთიერთქმედებას სხვებთან, პრობლემების გადაჭრას და სხვადასხვა გარემოში წარმატების მიღწევას. ეს უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, თანაგრძნობა, ლიდერობა და კრიტიკული აზროვნება, საციცოხლოდ მნიშვნელოვანია როგორც განათლებაში, ასევე სამუშაო სივრცეში. ტექნიკური ან რთული უნარებისგან (hard skills) განსხვავებით, რომლებიც სპეციფიკურია სამუშაოსთვის ან დავალებისთვის, რბილი უნარები უნივერსალურია. ისინი საშუალებას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ საზოგადოებრივ დინამიკას, ვმართოთ გუნდები და მივუდგეთ გამოწვევებს მდგრადი მართვის პრინციპებითა და კრეატიულობით. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური თუ ტექნიკური ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია, ხშირად სწორედ რბილი უნარები აღებს კარს კარიერული წინსვლისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ისეთი უნარები, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მოგვარება და დროის მენეჯმენტი, დღევანდელ შრომის ბაზარზე ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც აკადემიური ცოდნა.
ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს პედაგოგებისთვის რბილი უნარების განვითარების სასწავლო გეგმაში ინტეგრირების მნიშვნელობას. დღეს სკოლების და უნივერსიტეტების ამოცანაა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებისა და სტუდენტების მომზადება ურთიერთდაკავშირებულ, სწრაფად ცვალებად სამყაროში ცხოვრებისთვის. მასწავლებლებსა და ლექტორებს შეუძლიათ აქტიურად განავითარონ აღნიშნული უნარები პრაქტიკული, რეალურ ქეისებზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის მეშვეობით. როლური თამაშები, დებატები და ჯგუფური პროექტები ავითარებს გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის და ლიდერობის უნარებს.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო დებატების სწავლება და პრაქტიკა, რასაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ‘დებატების და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლასა თუ უნივერსიტეტში, პროექტ დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატკლუბების, თბილისის დებატების სკოლის შექმნის, დებატების ტურნირების მოწყობის, საჯარო დებატების ორგანიზების, შესაბამისი სასწავლო ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების გზით ორგანიზაცია კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, პროექტების მომზადების, დროის მართვისა და სხვა მრავალ რბილ უნარს ავითარებს. ამაში კი როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ბევრი სკოლა და უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს დებატების ინსტიტუტთან, ვინაიდან საგანმანათლებლო დებატები აკადემიური სასწავლო პროგრამების მნიშვნელოვან შემავსებლად არის აღქმული.
აღსანიშნავია ის რაოდენობრივი შედეგებიც, რაც დებატების და განათლების ინსტიტუტის საქმიანობამ მოიტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის. დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში, რომლის მთავარი მხარდამჭერიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია, შეიქმნა და გაძლიერდა დებატების კლუბების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს 100-მდე აქტიური დებატების კლუბი, საქართველოს ყველა რეგიონში, მაღალ-მთიან დასახლებებში, მცირე კონტინგენტიან სკოლებში და ა.შ. არაერთ უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი პედაგოგებისათვის დაინერგა სრულიად ახალი, არჩევითი საგანი -დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში, რაც კიდევ უფრო მეტად აფართოებს და აძლიერებს მასწავლებელთა კორპუსს ამ მიმართულებით.
ცალკე აღნიშვნას იმასხურებს თბილისის დებატების სკოლა, რომელმაც უკვე არაერთი წელია მისცა შესაძლებლობა თბილისში მაცხოვრებელ ნებისმიერ ახალგაზრდას, სრულფასოვნად გაიაროს ეს სწავლება და ჩაერთოს ინსტიტუტის ყველა აქტივობებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ფორმალური დებატების სასწავლო პროგრამა გაიარა და შეისწავლა 5000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. ასეთი ფართო ქსელის არსებობამ ორგანიზაციას შესაძლებლობა მისცა ჩაეტარებინა რეგიონული და ეროვნული ტურნირები დებატებში, საჯარო დებატები და ადვოკატირება აქტუალურ რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში 30-მდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა დებატების საერთაშორისო ფორუმებშიც, სადაც სრული დაფინასებით ხდებოდა მათი ჩართვა ისეთი ტიპის აქტივობებში, სადაც მთელი მსოფლიოს საუკეთესო მოდებატეები იყრიდნენ თავს.
შემდგომში პროექტი გადავიდა თვისებრივად ახალ ეტაპზე, შექმნეს ახალი პროგრამა და საქართველოს მასშტაბით 35-მდე სკოლაში დაინერგა დებატები, როგორც არჩევითი საგანი. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების განვითარებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი პედაგოგების პროფესიული ზრდისთვისაც.
დებატების და განათლების ინსტიტუტი სამომავლოდაც აგრძელებს ფორმალური დებატების ქსელის განვითარებას და ამ საგანმანათლებლო ინსტრუმენტის პოპულარიზაციას საქართველოში, რაც ჩვენს ქვეყანაში რბილი უნარების განვითარების პროცესს უწყობს ხელს. თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უფრო უნდა გაფართოვდეს და მეტი დატვირთვა შეიძინოს დებატების ტექნიკის სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებამ და პედაგოგების ამ მიმართულებით გადამზადებამ.
“ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ფონდმა მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი სწავლება ბევრი ახალგაზრდისათვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ასევე, თავად სკოლებში, განსაკუთრებით რეგიონებში, გაჩენილიყო მუდმივი რესურსი მრვალწლიანი ტრენინგებისა და ქოუჩინგის გზით გადამზადებული პედაგოგების თუ მომავალი პედაგოგების სახით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გრძელვადიანი კვლევა, რომელმაც ზუსტად გაზომა თუ როგორ ცვლის ეს სწავლება მოზარდებში არამხოლოდ ქცევას და ავითარებს უმნიშვნელოვანეს უნარებს, არამედ ამყარებს მთლიან პიროვნულ სტრუქტურას. ფორმალური დებატების 2 წლიანი სასწავლო პროგრამა ადაპტირებულია ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კონტექსტზე და მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და ბევრი ჩვენი უცხოელი კოლეგისთვის წარმოადგენს სანიმუშო და წარმატებულ სწავლებას. მის დასანერგად ხშირად მოგვმართავენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა. ჩვენც ძალიან ამაყები ვართ, რომ უკვე არაერთი საერთაშორისო დონის ტრენერი გვყავს, რომელთაც საგანგებოდ იწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილების გასაზიარებლად”, – ამბობს ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე.