საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 337.95 მილიონი აშშ დოლარი (912.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 152.69 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 45.18%-ია. წლიურმა ზრდამ 18.59% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, დეკემბერში ფულადი გზავნილებით კვლავ აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 63.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 15.16%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 58.67 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 15.24%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 43.47 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 39.10%-იანი ზრდა აღინიშნა.
2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი (110.2 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5%-ით მეტია.









