დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.1%-ით გაიზარდა

დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.1%-ით.

2025 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 0.2%-ით გაიზარდა, რაც 0.01 პროცენტული პუნქტით აისახა ჯამური ინდექსის ზრდაზე.

ამავე პერიოდში, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფის ფასები გაიზარდა 0.2%-ით, რამაც 0.19პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებას. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია კვების პროდუქტების ფასების 0.4%-იანი და ძირითად ლითონებზე ფასების 3%-იანი ზრდა, რომელიც ინდექსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

თვიურ ჭრილში ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფშიც. აქ ფასები 1%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც აღნიშნულმა კატეგორიამ 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა თვის ჯამური ინდექსი.

ბოლო 12 თვის განმავლობაში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სამთო-მოპოვებით, დამამუშავებელ და ენერგეტიკულ სექტორებში.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 22.4%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა. განსაკუთრებით გაიზარდა ლითონის მადნების ფასები – 30.8%-ით.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 3.83 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ კატეგორიაში ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებსა (11.5%) და ძირითად ლითონებზე (5.3%).

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასები ბოლო 12 თვეში 7.6%-ით გაიზარდა, რაც ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.79 პროცენტული პუნქტით აისახა.

წლიურ ჭრილში 1.5%-ით გაიზარდა ფასები ჯგუფში: წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით. ამან მთლიან ინდექსზე 0.04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.