ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდის მფლობელმა ფრანგულმა ჰოლდინგმა, Kering-მა გაავრცელა.
„ძალიან მიხარია, რომ Gucci-ის ოჯახს შევუერთდი. ჩემთვის დიდი პატივია წვლილის შეტანა სახლის წარმატებაში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია, ვეთაყვანები,“ — განაცხადა დემნამ.
დემნა Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე საბატო დე სარნოს შეცვლის. ეს უკანასკნელი იტალიური მოდის სახლში აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სარნოს ხელმძღვანელობის პერიოდში, 2024 წელს, Gucci-ის გაყიდვები 23%-ით შემცირდა.
2015 წლიდან გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა, ის არის ტანსაცმლის ბრენდ Vetements-ის თანადამფუძნებელი, რომელთან თანამშრომლობაც 2019 წელს შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Balenciaga-მ, დემნას ხელმძღვანელობით, Gucci-ისთან ერთად კოლექცია წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემნა Gucci-ის შემოქმედებითი დირექტორის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ივლისიდან შეუდგება.