დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. როგორც ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში წერია, საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.

შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

სადისკუსიო საკითხებს შორის საქართველოს გარდა ასევე იქნება რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ. შეხვედრის წევრები ვიდეოკონფერენციის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრიი სიბიჰასთან აზრთა გაცვლის შემდეგ იმსჯელებენ.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში არსებულ ვითარებაზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს უფროსმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მწვანე შუქი აუნთეს. იოზვიაკის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრები მას სწორედ დღეს დაამტკიცებენ.