დღეს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი არჩევნებია 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. აღნიშნულმა მოვლენამ ისრაელში მნიშვნელოვანი შიდა და საგარეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია, ხოლო ახლო აღმოსავლეთი ახალ კონფლიქტში გახვია.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების საკითხი ძირითადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ძალაუფლების შენარჩუნების პერსპექტივას ეხება. ცენტრისტული შეხედულებებით გამორჩეული მისი ოპონენტები ამომრჩეველს ძირეულ ცვლილებებს ჰპირდებიან, თუმცა საბოლოო სურათის გარკვევას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.
მოსალოდნელია, რომ შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, თუმცა შესაძლოა, ამას დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს.
კენჭისყრა დილის 7 საათზე დაიწყო და საღამოს 10 საათზე დასრულდება. ამ დროს ისრაელის სატელევიზიო არხები ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ, რომლებიც არჩევნების შედეგებზე პირველად წარმოდგენას შექმნის. ამის შემდეგ კი ხმების დათვლის შედეგების გამოცხადება დაიწყება.
როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა, ზოგადი სურათი მალევე გამოიკვეთოს, მაგრამ თუ ვერცერთი პარტია ან პარტიათა გაერთიანება ვერ მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, პროცესი შესაძლოა გაიწელოს.
ხმების დათვლის პროცესის ბოლო ვადა 30 ოქტომბერია, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები ერთი კვირის შემდეგ, 4 ნოემბერს, გამოქვეყნდება.
ისრაელის პარლამენტი, ქნესეთი 120-მანდატიანია და არჩევნები, წესით, ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, თუმცა ხშირად ვადამდელი არჩევნებიც იმართება.
მანდატები პარტიული სიების მიხედვით პროპორციული სისტემით ნაწილდება. იმისათვის, რომ პარტიამ პარლამენტში ადგილები მიიღოს, მან 3,25%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახოს.
ვარაუდობენ, რომ ბარიერის გადალახვის შანსი რამდენიმე პარტიას აქვს, ამიტომ ხმების დათვლასა და მანდატების განაწილებას დრო დასჭირდება.
ხმების დათვლის დასრულების შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პარლამენტში მოხვედრილი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა გაარკვიოს, ვის უჭერენ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამის შემდეგ პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას იმ კანდიდატს დაავალებს, რომელსაც, მისი აზრით, ამის ყველაზე მეტი შანსი აქვს.
შერჩეულ კანდიდატს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 42 დღემდე ვადა ექნება.
ისრაელში საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად არცერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია, ამიტომ მთავრობა ყოველთვის კოალიციურია. მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები კი ხშირად კვირების განმავლობაში გრძელდება. ქნესეთში თითოეულ მანდატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მცირე პარტიებსაც კი დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ და ისინი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობენ კოალიციის ჩამოყალიბებაში.
თუ კანდიდატი მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, შანსი სხვებს მიეცემათ. თუ მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება, ინიშნება ახალი არჩევნები, ხოლო მოქმედი კაბინეტი დროებითი მთავრობის ფუნქციას შეასრულებს.









