უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, 13 აგვისტოს ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება, რის შემდეგაც აშშ-ისა და ევროპის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციაში ჩაერთვება. ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესმდივან სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღვნიშნეთ, ზელენსკი და მერცი შეხვედრის შემდეგ ვიდეოკონფერენციას შეუერთდებიან, რომელშიც ევროპის ლიდერები, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებენ მონაწილეობას. Reuters-ის ცნობით, ზარი ბერლინის დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ერთი საათის შემდეგ ტრამპის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და ევროპელი ლიდერების ცალკე საუბარი გაიმართება.
მოლაპარაკებები ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე ტარდება — 15 აგვისტოს ისინი ალასკაში, ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ, პირისპირ პირველად შეხვდებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასასრულებლად ორივე მხარეს ტერიტორიების დათმობა მოუწევთ. ამ პოზიციამ ევროპული დედაქალაქები და კიევი შეაშფოთა.
Reuters-ის ინფორმაციით, ზოგი ევროპელი ოფიციალური პირი შიშობს, რომ შესაძლოა, ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას პირდაპირ, უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე მიაღწიოს. პრესკონფერენციაზე, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართა, ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკი ალასკის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მისი საბოლოო მიზანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთ მაგიდასთან დასმაა — მისი თანდასწრებით ან მის გარეშე.
პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების წინაპირობად ითხოვს, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას და რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან სრულად გავიდეს. თავის მხრივ, ზელენსკი ტერიტორიების დათმობის კატეგორიულ უარზეა, პირველ ნაბიჯად კი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რასაც ევროპელი მოკავშირეებიც უჭერენ მხარს.
Reuters-ის შეფასებით, 13 აგვისტოს შეხვედრების თანმიმდევრობა ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას, ტრამპის პუტინთან მოლაპარაკებამდე ერთიანი პოზიცია წარმოაჩინონ. ხუთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა მედიასააგენტოს განუცხადა, რომ 15 აგვისტოს შეხვედრაზე ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებისთვის არასასურველი შეთანხმების რისკი არსებობს.