დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს სამუშაო ვიზებს გამარტივებულად შესთავაზებს. ახალი გეგმა ქვეყნის პოსტბრექსიტის საიმიგრაციო სისტემის გაფართოების ნაწილია, რომელიც „საუკეთესო და გამორჩეული“ ტალანტის მოსაზიდადაა შექმნილი.
ევროკავშირის დატოვების შემდგომ, ბრიტანეთმა შეფასებაზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემა შემოიღო, რომელიც განაცხადის წარმდგენებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს, დაწყებული მათი კვალიფიკაციითა და ენის ცოდნით, დასრულებული მათთვის შეთავაზებული სამუშაოს ტიპით. თუმცა ქვეყნის შრომის ბაზარი რამდენიმე წლის განმავლობაში საჭირო კადრების დეფიციტს განიცდიდა, რასაც ბრექსიტი და კოვიდპანდემიაც დაერთო. საბოლოოდ, საწარმოო ინდუსტრიის, ლოგისტიკისა და კვების სექტორის კომპანიებმა მთავრობისგან საწყისი დონის სამუშაოებზე წესების შემსუბუქება მოითხოვეს.
დიდი ბრიტანეთის მიერ წარდგენილი სქემის თანახმად, კურსდამთავრებულებს, მსოფლიოს 50 საუკეთესო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა ან მაგისტრის დიპლომით, სახელმწიფოსთვის ორწლიანი სამუშაო ვიზის მოთხოვნა შეეძლებათ და თან, ოჯახის წევრების წაყვანის უფლებაც მიეცემათ. დოქტორანტურის ხარისხის მფლობელებს სამწლიან ვიზაზეც შეეძლებათ განაცხადის გაკეთება. მთავრობის განცხადებით, წარმატებული აპლიკანტები გრძელვადიანი დასაქმების ვიზებზეც გადავლენ. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლებს დიპლომი განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს ხუთი წლით ადრე უნდა ჰქონდეთ მინიჭებული.
ბრიტანეთის სამუშაო ვიზაზე განაცხადები მიიღება ისეთი უნივერსიტეტებისგან, რომლებიც Times Higher Education-ის, Academic Ranking of World Universities-ისა და Quacquarelli Symonds-იდან მინიმუმ ორის ტოპ-50-ეულში არიან წარმოდგენილი. გაერთიანებული სამეფოს მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული სია მოიცავს ათზე მეტ უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს იაპონიიდან, კანადიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან, საფრანგეთიდან და შვედეთიდან.