დიდი ხნის ნანატრი Foundation Louis Vuitton

დიდი ხნის ნანატრი Foundation Louis Vuitton

მინაში ჩასმული გიგანტური ნაგებობა, რომელიც პარიზის დასავლეთ ნაწილში, Bois de Boulogne-ის კიდეზე წამომართულა და პოპულარულ საბავშვო პარკს, Jardin d’Acclimatation-ს გადაჰყურებს, სულ ახლახან გაიხსნა. პარკის ხეების სიმწვანეში მოლივლივე Foundation Louis Vuitton-ი შორიდანვე მოჩანს. მინა მდინარის წყალს ირეკლავს და იგი ზღვაში მოდრეიფე გემის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამერიკულ-კანადური წარმოშობის არქიტექტორი, ფრენკ გერი, რომელიც ამ პროექტს სათავეში უდგას, მას ნისლში გახვეულ აისბერგს უწოდებს. არქიტექტურაში მინის გამოყენების თვალსაზრისით, ეს სრული გადატრიალებაა. შენობაში ნახევრად გამჭვირვალე პანელები ისეა განთავსებული, რომ ისინი სხვადასხვა ფერსა და ელფერს მთელი დღის განმავლობაში ირეკლავს.

მოდის სფეროში რეპუტაციის მოპოვების შემდეგ, ფუფუნების საგნების მწარმოებელმა ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH (Moët Hennessy – Louis Vuitton, რომელიც სხვა მრავალ ბრენდს შორის Louis Vuitton-ს, Chris­tian Dior-სა და Givenchy-ს მოიცავს) ხელოვნების სამყაროში უფრო მტკიცე ადგილის დამკვიდრება მოისურვა და 85 წლის არქიტექტორის მიერ შექმნილი გასაოცარი დიზაინის მქონე შენობა წარმოადგინა. შენობაში ახალი კულტურული ფონდი განთავსდა და მას LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო, მისი კომპანიის მიერ ხელოვნების დარგში გაწეული სპონსორობის ლოგიკურ დასასრულად განიხილავს.

თუმცა, ძირითადად, თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი ეს მონუმენტი (ის მოიცავს რესტორანს, 360-ადგილიან საკონფერენციო და სააქტო დარბაზს და შედარებით დაბალი დონის გალერეას, რომელიც შეიძლება მოდების ჩვენებებისთვის იქნას გამოყენებული) წარმოაჩენს არნოს, როგორც გემოვნების კანონმდებელს, ხოლო LVMH-ს, როგორც მაღალი კულტურის გამავრცელებელ დაწესებულებას საფრანგეთში და საზღვარგარეთ. ახალმა შენობამ ასევე შესაძლებელია საშუალება მისცეს არნოს, ბრწყინვალე სარეკლამო გოლი გაუტანოს ფუფუნების საგნების კიდევ ერთ მწარმოებელს, მის კონკურენტ ფრანსუა პინოს, Christie-ის, Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის მფლობელს, რომელმაც, წლების განმავლობაში, ბიუროკრატიულ პრობლემებთან ჭიდილის შემდეგ, პარიზის გარეუბანში თანამედროვე მხატვრული ნამუშევრების საკუთარი კოლექციისთვის მუზეუმის მშენებლობაზე ფიქრს თავი დაანება და, მის მაგივრად, ვენეციაში Palazzo Grassi შეიძინა.

ახალი შენობა 46 მეტრი სიმაღლისაა და გემს მოგვაგონებს. იგი უწესრიგოდ დაწყობილი ხის კოჭებისგან, ფოლადისა და ალუმინისგან არის აგებული. მისი რთული სამაგრი მექანიზმი თვალით შესამჩნევია. თანმიმდევრულად დატანებული თეთრი ფიგურებით, რელიეფური ფორმით, არაორდინარული კუთხეებით, მკვეთი დაჩრდილული ტერასებით შექმნილი, უცნაური და ქაოსური, შთამბეჭდავი აისბერგი თეთრი ბეტონის ფასადით, თითქოს უზარმაზარი მინის ბალდახინების ქვეშ გაუჩინარებულა. მინის ბალდახინები 12 დაგრეხილი შუშის აფრისაგან შედგება. ამ აფრებმა ძლიერი ქარის გამძლეობაზე ტესტი გაიარეს. ისინი შენობის განმსაზღვრელ შტრიხს წარმოადგენენ და ესთეტიკური გამბედაობისა და ტექნიკური გმირობის დემონსტრირებას ახდენენ.

ამგვარი არქიტექტურის თავისებურება ის გახლავთ, რომ ყოველი ელემენტი განსხვავებულია. საიზოლაციო მასალის ქვედა ფენა, შემდეგ, 19 040 თეთრი, შეკვეთით დამზადებული Ductal-ის (ზემაღალი ხარისხის ბეტონი, მოქნილი მასალა, რომელიც ლამაზ ფორმებს ქმნის) პანელი – გეომეტრიული სიზუსტის ჭეშმარიტი თავსატეხი – 9200 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე კორპუსს ფარავს და აისბერგის ფასადებს მოიცავს. 13 500 კვადრატული მეტრი ფართობის გარე შუშის ზედაპირი იმავე ზომის 3 584 მრუდე ან შესაბამისი ფორმის მქონე პანელისგან შედგება, რომლებიც ხისა და ფოლადის ნაგებობაზეა მორგებული. შუშის თითოეულ ნაწილს უნიკალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს და არქიტექტორის მიერ ჩაფიქრებულ რთულ დიზაინს ინარჩუნებს.

ეს ნაგებობა ხელს შეუწყობს ისეთი სივრცეების შექმნას, რომლებშიც განთავსდება არნოს ვრცელი ჰოლდინგის მიერ შექმნილი მუდმივი კოლექციები და კერძო მხატვრული კოლექციები, მათ შორის, მე-20 საუკუნის ისეთი კლასიკოსების ნამუშევრები, როგორებიც არიან პიკასო, ივ კლაინი, ჰენრი მური და ენდი უორჰოლი, ასევე მოდერნის სტილის ოსტატები: აგნეს მარტინი, ფრენკ სერა, ჯეფ კუნსი, პიერ ჰიუიგი და ჟილბერი&ჟორჟი; იქვე მოეწყობა თანამედროვე, უკვე სახელის მქონე ისეთი მხატვრების ნამუშევართა გამოფენები, როგორებიც არიან ჟან დიუბიუფე, ჟან მიშელ ბასკია, ფრენსის ბეკონი ან დემიენ ჰერსტი.

სამხატვრო კოლექციაზე დაყრდნობით, რომელიც ძირითადად თანამედროვეა, ფონდი მიზნად ისახავს ხელოვნების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, რომ მისი მოქმედების ნაციონალური და საერთაშორისო საზღვრები გაიზარდოს ყველა ტიპის აუდიტორიისადმი კეთილმოსურნეობის გამოვლენის გზით. მის წინაშე დასახულ ამოცანებს შორისაა: მუდმივი კოლექციების გამოფენა, თანამედროვე მხატვრული ნამუშევრების დროებითი გამოფენების მოწყობა, მულტიდისციპლინური ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო საქმიანობებისა და პროგრამების შემუშავება – განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის განკუთვნილი – და გამოჩენილ მხატვრებსა და კულტურულ პარტნიორებთან შეხვედრებისა და საუბრების ორგანიზება.

ამ პროექტის განხორციელება 2001 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც არნო გუგენჰაიმის მუზეუმს ეწვია ბილბაოში, ესპანეთში. ამის გავლენით, 2006 წელს, მან ფრენკ გერის 200 მილიონი დოლარის ღირებულების შენობის დიზაინის შექმნა დაავალა. მშენებლობა 2008 წელს დაიწყო; 2014 წლის ოქტომბერში კი Foundation-მა თავის კლიენტებს კარები ოფიციალურად გაუხსნა. Pritzker Architecture Prize-ის 1989 წლის გამარჯვებულს, არქიტექტურის დარგში მიღებული ვენეციური ბიენალეს, Golden Lion-ის მფლობელს, ცხოვრებაში წარმატებულს, თავის პროექტებში ტრადიციებისა და პირობითობების დარღვევა უყვარს. სწორედ ამიტომ, მის მიერ შექმნილი Fondation Louis Vuitton-ის შენობა თავისი მრავალმხრივი, დაშლილი ექსტერიერით, სხვა, ასევე მისი პროექტით აგებულ Guggenheim Bilbao-სა და ლოსანჯელესის უოლტ დისნეის სახელობის საკონცერტო დარბაზს მოგვაგონებს, იმ მცირედი განსხვავებით, რომ მინითაა შემოსილი და არა ტიტანიუმით. ორიგინალური ფორმების მუდმივ ძიებაში მყოფმა გერიმ ამ ნაგებობაზე მუშაობა სრულიად მარტივი, თითქოსდა ქაოსური ესკიზით დაიწყო, რომელიც თვითმფრინავში დახატა. შესაძლოა, ეს, მისი ატიპური კარიერის მანძილზე, ყველაზე ძლიერი არქიტექტურული ქმედებაა, რადგან მან შეუძლებლის საზღვრები გადაკვეთა.

ეს შენობა, რომელიც იმავდროულად ტექნოლოგიური გამჭრიახობის ბრწყინვალე მაგალითია, the Ameri­can Institute of Architects-მა Building Information Model Prize of Excellence- ის პრიზით დააჯილდოვა, ხოლო 2012 წელს, French Ministries of Ecology and Productive Recovery-გან, National Grand Prix of Engineering-ის პრიზი მიიღო. ეს უკანასკნელი, ინჟინრებისა და არქიტექტორების იმ ჯგუფებს აჯილდოებს, რომლებმაც გამორჩეული პროექტების შესამუშავებლად საკუთარი ნიჭი და უნარ-ჩვევები წარმატებით გააერთიანეს. LVMH ჯგუფის ინჟინრების გუნდებმა გერის წარმოსახვის ხელახლა გააზრება და გაშიფვრა დაიწყეს. ამ კოლოსალურ პროექტზე 600 კაცი მუშაობდა: 250 ადამიანი – სამშენებლო მოედანზე და 350 არქიტექტორი, ინჟინერი და ტექნიკოსი საფრანგეთისა და ევროპის სხვადასხვა სახელოსნოში შენობის კონცეფციის შემუშავებასა და მინის, ხისა და ლითონის ნაწილების წარმოებაზე. გერი და არნო ერთმანეთს ათ წელზე მეტია, იცნობენ. არნო გერის დაუკავშირდა და პარიზში მოიწვია იმ ადგილის შესარჩევად, სადაც ის თავისი მომავალი პირმშოს დადგმას მოისურვებდა. გერი ემოციებმა მოიცვა და მაშინვე თვალწინ წარმოუდგა, როგორ სეირნობდა მარსელ პრუსტი Jardin d’Acclimatation-ში. შენობის პროექტის შედგენისას პირველადი შთაგონება მან ამ 18 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის ისტორიიდან მიიღო, რომელიც მე-19 საუკუნეში, მოდური პარიზელების საყვარელი სასეირნო ადგილი იყო, მე-20 საუკუნეში კი ოჯახური რეკრეაციის ადგილად იქცა. გერისთვის ეს სივრცე – რომლის თავდაპირველი დანიშნულება მსოფლიო ცივილიზაციებისა და კულტურების მასპინძლის როლი იყო – პარიზის ისტორიისა და ცხოვრების სტილის სიმბოლოს წარმოადგენდა.

1860 წელს იმპერატორ ნაპოლეონ მესამისა და მისი მეუღლე ეუჟენიას შეკვეთით, იმ დროის უდიდესი ურბანული მშენებლების მიერ, ლონდონის Hyde Park-ის მოდელის მიხედვით შექმნილი Jardin d’Acclimatation – დედაქალაქის ყველაზე ძველი პარკი – მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბევრი ისტორიული მომენტის მომსწრეა. მასში მდებარე შენობების წყალობით, რომელთაგან ზოგიერთი მე-19 საუკუნის დროინდელი სახითაა შემორჩენილი, პარკი სტუმრებს ბონაპარტისეული იმპერიის სურათს სთავაზობს. დღეს ეს ადგილი ფუტკრების სკას მოგვაგონებს, სადაც სიცოცხლე ჩქეფს: აქ არიან მებაღეები, ლანდშაფტის დიზაინერები, ცხოველები თავიანთი პატრონებით, ვეტერინარები, მეფუტკრეები, ცხენოსნობის ინსტრუქტორები, მეჯინიბეები, მეუნაგირეები, მჭედლები, ქვისმთლელები, ხუროები, მარიონეტების მსახიობები და მატარებლის მემანქანეები, რომლებიც მუშაობენ ბოსტანში, სასეირნო ადგილებზე, სამხედრო სამტრედეზე, მარიონეტების თეატრში, საბავშვო მატარებელზე, გასართობ ცხენოსნობაში, ატრაქციონებზე, დისტანციურად მართულ ნავებზე, ცხენებშებმულ ეტლებსა და ისტორიული შენობების სარემონტო სამუშაოებზე. პარკმა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მისი ორიგინალური დიზაინის დაცვის მიზნით, მოდერნიზაცია განიცადა – აქ 400 ახალი ხე დაირგა.

„შთაგონებას ყოველთვის კლიენტისგან ვიღებ, მათი საჭიროებებიდან და მათი ოცნებებიდან გამომდინარე, – ამბობს გერი, – ისინი ჩემთან მოდიან პროგრამით, ადგილით, ბიუჯეტითა და პროექტის პერსპექტივით. ჩემს შთაგონებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორზე დაყრდნობით გამოვსახავ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ კლიენტი კმაყოფილი იყოს შენობის ფუნქციონირებით. Fondation Louis Vuitton-ის შემთხვევაში, ბერნარ არნო ჩემთან მის მიერ ჩაფიქრებული პროექტის განსახორციელებელი ულამაზესი პროგრამითა და ხედვით მოვიდა. მან გამატარა Jardin d’Acclimatation-ში და თითქმის ვიგრძენი პრუსტი ჩემ გვერდით. მინდოდა, სენსიტიური ვყოფილიყავი ლამაზი ლანდშაფტის მიმართ, როცა ბერნარს შიდა სივრცეებს ვუქმნიდი, რომლებიც მას ხელოვნებისთვის ესაჭიროებოდა. შენობის ნაგებობაში გამოყენებულმა მინამ პარკში ეფემერული არსებობა უნდა უზრუნველყოს – იმისათვის, რომ ლამაზი ხეები და მუდმივად ცვლადი ცა არეკლოს. არც მე და არც ბერნარს არ გვსურდა მძიმე შენობა”. ნაგებობა, რომელიც ექოსავით გადმოსცემს მუდმივად განახლებად სამყაროს, დღის პერიოდისა და ცვალებადი სინათლის მიხედვით ტრანსფორმაციას განიცდის და, ერთდროულად, არაპერმანენტულობისა და უწყვეტობის იდეას ქმნის, რაც ხელოვნებისა და არქიტექტურის სამყაროს მერყეობას შეგვახსენებს.

გერის მიაჩნდა, რომ შუშის პავილიონის იდეა ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რამდენადაც მას გამჭვირვალობის ცნების გამოხატვა სურდა. სიზმრისეული ნისლის კონცეფციაზე იმიტომ შეჩერდა, რომ ამ ბაღში მინას ისტორიული ლეგიტიმურობა გააჩნია. ამგვარ არქიტექტურულ ნაგებობაში ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად მან იალქნების სახით, ორმაგი მინის ფენა ჩაიფიქრა. ეს იალქნები მუდმივად ევოლუციაში მყოფ გარემომცველ სამყაროს ირეკლავენ და სეზონების, დროისა და სინათლის მიხედვით იცვლებიან. ეფემერულობის შთაბეჭდილების შექმნის განზრახვა რადგან ჰქონდა, მისმა პირველმა ჩანახატმა მოძრავი დენადი ხაზი გამოსახა. კიბეზე ამავალი სტუმრები გამჭვირვალე ნისლში თვალნათლივ დაინახავენ და მაღალ შეფასებას მისცემენ იმას, თუ როგორ იხსნება შენობა პარკისკენ და მასში ბუნება როგორ შემოდის – ყოველგვარი ბარიერის გარეშე პარკსა და ნაგებობას შორის – და რა შთამბეჭდავი ხედები იშლება ეიფელის კოშკზე, ტრიუმფალურ თაღსა და La Défense-ზე.

„გამჭვირვალობის პრობლემა ადგილიდან გამომდინარე გაჩნდა, – შენიშნავს გერი. – Bois de Boulogne-ში მშენებლობა გარემოსა და პარკის ისტორიის მიმართ მგრძნობიარე და ფაქიზ მიდგომას მოითხოვდა. ის ხეებთან, ბაღთან და მე-19 საუკუნის არქიტექტურასთან (Grand Palais-სა და ძველ Palmarium-თან) შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო. ის მასიური ვერ იქნებოდა. მინდოდა გამჭვირვალობა გამომესახა, რათა ის ცასა და ფოთლებთან შემერწყა. მინდოდა შენობა ყოფილიყო მიმზიდველი, ისეთი, რომ ხალხს ის ბაღის ნაწილად მოეაზრებინა. პარკში არის სხვადასხვა დონის ტერასები, რომლებზეც ადამიანები ისეირნებენ. ბაღი შენობაშია შემოყვანილი. მე ვიკვლევდი შუშის მოძრაობას, სინათლეს, და მასალის სილამაზის გამოხატვის თანამედროვე გზას ვეძებდი. ბერნარს ვუთხარი, რომ ეს იყო შუშის რეგატა ბაღში”.

პარიზი გერის საყვარელი ქალაქია, სადაც მას 1960 წელს, ერთი წლის განმავლობაში უცხოვრია. მაშინ მან კარგი ღვინო აღმოაჩინა და ფრანგულად საუბარი თავისუფლად დაიწყო, ამიტომ ამ შენობის შექმნა მას მხოლოდ აქ შეეძლო. ის შენიშნავს: „თითოეულ პროექტს, რომელსაც ვახორციელებ, თავისი გამოწვევები ახლავს თან, რადგან ყოველ პროექტს მხოლოს მისი კუთვნილი ადგილმდებარეობა, ბიუჯეტი, გრაფიკი და პროგრამა აქვს. მე ამ გამოწვევებს ისე ვიღებ, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ადგილისა და კლიენტისთვის უნიკალური და განსაკუთრებული დიზაინის შექმნაში მეხმარება. Fonda­tion Louis Vuitton-ი მსოფლიოში სხვაგან ვერსად ვერ აშენდებოდა – ის სხვა გარემოს ვერ მოერგებოდა. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს ადგილი თავად იყო შთამაგონებელი, მაგრამ მე უფრო ვიტყოდი, რომ მან დიდი შესაძლებლობები შემოგვთავაზა”.

ეს შენობა პარიზის სიმბოლოა – ქალაქის, რომელიც მუდმივად ცვალებადი კულტურული და ინტელექტუალური საზოგადოებით გამოირჩევა. გერი აღნიშნავს: „ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა. ბევრი მხატვარი მეგობარი მყავს და გარდა ამისა, ყოველთვის მიზიდავდა მოდა. როდესაც მსოფლიოს აღმოჩენის პროცესში ვიყავი, პარიზი თანდათან ჩემს საყვარელ ქალაქად იქცა, ამიტომ განსაკუთრებით მეამაყება, რომ ბერნარ არნომ და [აწ გარდაცვლილმა] ივ კარსელმა, Foundation-ის არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად ამირჩიეს. დიდი ენთუზიაზმით ვაგებ პარიზისთვის ამ დიდებულ ხომალდს, რომელიც საფრანგეთის კულტურული პრეზენტაციის სიმბოლო გახდება”. Foundation-ით, რომელსაც LVMH სპონსორობს, არნო პატივს მიაგებს საფრანგეთს ყოველივე იმისათვის, რისი მიღწევის შესაძლებლობაც მას ამ ქვეყანამ მისცა. არნო ამ კერძო ინვესტიციას ქალაქ პარიზს 2068 წელს საჩუქრად მიუძღვნის.

Foundation-ი გამომხატველი იქნება სრულყოფილების, გამოცდილებისა და შემოქმედებითობისა, რაც მთელ მსოფლიოში განამტკიცებს Louis Vuitton-ის წარმატებას, რომელმაც დაფუძნების დღიდან ხელოვნებასა და ხელოვანებს კარი გაუღო. თითქმის 20 წლის მანძილზე ამ ბრენდმა, სამხატვრო და კულტურული მიმართულებით, საკუთარი საქმიანობა ისე წარმართა, რომ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა თანამედროვე მხატვრებთან (სტივენ სპრაუსი, ტაკაში მურაკამი, რიჩარდ პრინსი, ჯეიმს ტარელი და ოლაფურ ელიასონი). სწორედ ამ ძალისხმევის წყალობით, Foundation-თან დაკავშირებით, არსებული კომპანიის თავდაპირველმა შთაგონებამ ხორცის შესხმა დაიწყო ისე, როგორც ის თავიდანვე, 1992 წელს იყო ჩაფიქრებული: „Foundation-ის შექმნა ამ სპონსორული მხარდაჭერით პრიორიტეტად იქცა. ეს არის მიმზიდველი ახალი სივრცე და კონცეფცია, რომლის მიზანია ფართო აუდიტორიასთან დიალოგის სტიმულირება, ხელოვანთათვის და ინტელექტუალებისთვის შთაგონების, დისკუსიისა და ფიქრისთვის პლატფორმის შეთავაზება”, – განმარტავს არნო.

არქიტექტურაზე შეყვარებული (არნომ საინჟინრო პროფესია აითვისა) და ხელოვნების დიდი მცოდნე, მიზანსწრაფული და ხელგაშლილი სასპონსორო პოლიტიკის გზით, LVMH-ს სამხატვრო მისწრაფებებს ის ყოველთვის მხარს უჭერდა. ეს ჯგუფი იმ კულტურულ, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებს ეხმარება, რომლებიც ფართო საზოგადოებასა და ახალგაზრდობას ქველმოქმედებას უწევენ, განსაკუთრებით საფრანგეთში და ასევე მთელ მსოფლიოში. პუსენის, სეზანის, პიკასოს, დიუბიუფეს, მატისისა და გოგენის ნამუშევრების ეროვნულ დონეზე ჩატარებული 30 გამოფენა ამის მაგალითია. LVMH-მ, საზოგადოებრივი ინტერესების სფეროებში, ჯგუფში შემავალი კომპანიების ღირებულებათა განმტკიცებისა და კომუნიკაციისთვის კორპორაციული სპონსორობის გამოყენების იდეა განავითარა და ის, საფრანგეთში, ხელოვნების დარგში, ერთ-ერთ პირველ კორპორაციულ სპონსორად იქცა. ჯგუფი მხარს უჭერს ხელოვნების მნიშვნელოვანი ნამუშევრების რესტავრაციას და უჩვეულო ინიციატივას, რომელიც გამიზნულია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ხელოვნების დარგში მომზადებასა და განათლების მიღებაზე არიან ორიენტირებულები.

ფონდის შექმნა ამ ჯგუფის სოციალური ვალდებულებების მტკიცე და რეალური სიმბოლოა. „შემოქმედებითობა ყველა ჩვენს ჯგუფში შემავალი სახელგანთქმული ბრენდისთვის საერთო მახასიათებელია, – აცხადებს არნო. – სწორედ ეს გვაძლევს ძალას, ვიყოთ ლიდერები ამ სექტორში. სასპონსორო პოლიტიკის დაფუძნებით, ჩვენ მიზნად დავისახეთ ეკონომიკური წარმატების ჩვენს გარემოსთან, მომხმარებლებთან, მომსახურე პერსონალსა და აქციონერებთან გაზიარება. Foundation-ის შექმნა, რომელიც ამ სპონსორული პოლიტიკის რამდენადმე ეფემერულ ხასიათს შედარებით გრძელვადიანი დარეგულირების ჩარჩოებში აქცევს, ჩვენთვის ლოგიკური შედეგის მანიშნებელია”.

გერი სხვა არქიტექტორებისგან ორიგინალური სამუშაო პროცესით გამოირჩევა: თავდაპირველად ის საკუთარ წარმოსახვას თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს. ხატავს მოდელების მთელ სერიას, რომ მისი ესკიზის მსგავსი ხაზები მიიღოს. ეს პროცესი მთავრდება ისეთი მოდელის მიღებით, რომელიც სინამდვილეში უნდა აიგოს. მისი იდეები იხვეწებოდა არნოსთან დისკუსიებში, რომელიც პროექტის განხორციელებაში პირადად მონაწილეობდა. გერი პატივისცემით მოეკიდა მის სურვილს, მუზეუმი საბავშვო პარკში ყოფილიყო ინტეგრირებული. საკუთარი მეთოდების ერთგული არქიტექტორი, დასაწყისში, სანამ საკუთარ ქმნილებებს საჰაერო ინდუსტრიის მიერ ადაპტირებული კომპიუტერული საპროგრამო უზრუნველყოფის საშუალებით დაამუშავებდა, მოდელებს საკუთარი ხელით აკეთებდა. კომპანია Gehry Technologies-მა, პროგრამული უზრუნველყოფა, Digital Project-ი შეიმუშავა, რომელიც Dassault Systèmes-ის ინსტრუმენტს, Catia-ს ეფუძნება და რომელიც მაღალეფექტური ცვლადი მასშტაბის მქონე 3D მოდელირების საშუალებას იძლევა. ამ არაჩვეულებრივმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც მსხვილი ზომის ციფრულ მოდელებს ართმევს თავს, შესაძლებელი გახადა გერის წარმოსახვით შექმნილი ისეთი რთული ფორმების 3D-ში გამოსახვა, როგორიცაა 12 მრუდე იალქნისა და აისბერგის ზედაპირი, სადაც გარსი და სამაგრი დეტალები შეუცდომლად უნდა განსაზღვრულიყო.

შენობის პროექტირების საქმეში ამგვარმა სიახლემ რამდენიმე პარტნიორის გაერთიანება მოითხოვა. ესენია: Setec Batiments-ი, წამყვანი საინჟინრო კონსალტინგური კომპანია საფრანგეთში, რომელმაც ნაგებობის დაპროექტება და ყველა საპროექტო ელემენტის კოორდინირება განახორციელა; Studios Architecture, საერთაშორისო არქიტექტურული სახელოსნო, რომელმაც გერისა და მისი ლოს-ანჯელესში განლაგებული კონსალტინგური კომპანია Gehry Partners-ის არქიტექტურული კონცეფცია დაგეგმა და დაასრულა; RFR+TESS, ფრანგული არქიტექტურული კვლევის კონსალტინგური კომპანია, რომელმაც მინის იალქნები დააპროექტა; IBE Consulting Engineers-ის პარიზის ოფისი, რომელიც შენობის წყალმომარაგების სისტემასა და ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა; და ბოლოს Alep-ი, რომლის ვალდებულება იყო შენობის გამწვანება და გარემოსთან მისი ჰარმონიულად შერწყმა.

„შენობის მინის ბალდახინები დაახლოებით 4000 გაღუნული პანელისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 3მx1.5მ ზომისაა. ბალდახინების მასშტაბი და გეომეტრიული ფორმების კომბინაცია სრულიად განუმეორებელია. მინის მოსაღუნად რეგულირებადი ძირის მქონე უნიკალური ქურების გაკეთება იყო საჭირო. მინის ფურცლები შესაბამის კონვეიერებზე ცალ-ცალკე ზუსტად თავსდებოდა, ცხელდებოდა და შემდეგ იმ გეომეტრიული ფორმის შესაბამისად იღუნებოდა, რომელიც მიღებული დიზაინის ზედაპირს თეორიულად უახლოვდებოდა. შემდეგ მოღუნული შუშა მაგრდებოდა უჟანგავი ფოლადის ჩარჩოებზე, რომლებიც იალქნების ნაგებობაზე პანელების დასადგმელად უნდა გამოეყენებინათ. ეს მხოლოდ Gehry Partners-ის, იტალიური მინის ქვეკონტრაქტორისა და პარიზის ადგილობრივი გუნდის წევრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი”, – ამბობს გერი.

პროექტის ძირითადი კონცეფციისა და მისი მშენებლობის თვალსაზრისით, Fondation Louis Vuitton-ი არქიტექტურის ძირითად პრინციპებს უგულებელყოფს და ადასტურებს, რომ ის არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ტექნოლოგიური გამოწვევა, რომელიც ახალი ერის დასაწყისს აღნიშნავს. გერი მინის გამოყენებაში რევოლუციას ახდენს იმისათვის, რომ თავისი ოცნების ნაყოფს – ნათელი, უნიკალური ფორმის შენობას – სიცოცხლე შთაბეროს. შუშის ზედაპირებისადმი არსებული კლასიკური მიდგომის ნაცვლად, მან ამ ტრადიციულ მასალაზე სამუშაოდ რადიკალური ხერხი შეიმუშავა, რამაც მას გრაციოზული ფორმების შექმნის შესაძლებლობა მისცა. შუშის სახურავის შესაქმნელად ინდივიდუალური პანელების გამრუდება და მათთვის კონუსური ფორმის მიცემა იყო საჭირო. ამისთვის ღუმელი სპეციალურად ისე აშენდა, რომ არქიტექტორის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. შეიქმნა რეალური სიდიდის პროტოტიპები და მათზე სამშენებლო მოედანსა და ლაბორატორიაში ტესტები ჩატარდა. პროექტის სისრულეში მოყვანაში 150-ზე მეტმა დიზაინერმა და დეველოპერმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვა. გერის შენობა, Fondation Louis Vuitton-ის ნამდვილი სულისკვეთების გამომხატველი იქნება: უნიკალური, შემოქმედებითი და ინოვაციური.

გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მიდგომა შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში სამაგალითო იყო. ის მაღალი ეკოლოგიური ხარისხის (HQE) სტანდარტს, 14 კრიტერიუმს ეფუძნებოდა და მოიცავდა შენობის ურთიერთობას მის უშუალო გარემოსთან: შენობის მართვას დაბალი ეკოლოგიური ზემოქმედებით. ამას ერთვოდა სამშენებლო მასალების ინტეგრირებული არჩევანი, სისტემები და პროცედურები, ენერგიის მართვა, წყალი და სამშენებლო ნარჩენები, გრძელვადიანი ეკოლოგიური ეფექტიანობა, აკუსტიკური და ვიზუალური ეფექტები და ჯანმრთელობაზე შენობით გამოწვეული ზემოქმედება. ნარჩენებზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება მათზე მკაცრ მეთვალყურეობას ნიშნავდა. შესაძლებელია ამბიციური პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ამ ნარჩენების 75% გადამუშავებას გულისხმობს. ეს პროექტი უკვე განხორციელდა მანამდე არსებული ორი შენობის ნგრევისას. 120 000 კუბური მეტრი მიწის ამოთხრაც იმავე პრინციპების შესრულებას ითვალისწინებდა: სხვადასხვა ფენა განცალკევებით იქნა ამოთხრილი მათი შემადგენლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი დამუშავება, გადამუშავება და ხელახალი გამოყენება.

მუზეუმის შიგნით ტემპერატურის გასაკონტროლებლად შენობა გეოთერმულ ტექნოლოგიას, ბუნებრივ და განახლებად რესურსებს იყენებს. პროექტის წყლით მომარაგების სისტემა მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს. წვიმის წყალი გროვდება, ინახება და იფილტრება, შემდეგ კი აუზის შადრევნისთვის, შენობის მომსახურებისთვის და სარწყავად გამოყენება. მინის იალქნების, თეთრი კერამიკული ფრიტას და ამრეკლავი შიდა ფენის წყალობით, შენობა ჩრდილით უზრუნველყოფილია, რაც 15% ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ენერგომოხმარება კიდევ უფრო მცირდება გალერეებში საჰაერო ნაკადის განმდევნი სავენტილაციო სისტემის დაყენებით, რომელიც ჰაერის ხარისხს ოპტიმიზაციას უკეთებს და იმავდროულად ენერგიის მოხმარებას ამცირებს.

თუმცა პროექტის მსვლელობისას პრობლემებაც იჩინა თავი. ეს პროექტი უამრავ დაბრკოლებას წააწყდა, რადგან LVMH-ის მიერ მიღებული თანხმობა Jardin d’Acclimatation-ის კონცესიაზე ურბანიზმის ძალიან მკაცრ წესებს ითვალისწინებდა: იკრძალებოდა იმაზე მეტი ფართობის გამოიყენება, ვიდრე უკვე გამოყენებული იყო, ამიტომ გაჩნდა იდეა იქ არსებული ბოულინგ-ცენტრის დანგრევის თაობაზე, რომელიც, 2004 წელს მისი დახურვის შემდეგ გამოუყენებელი იყო და Foundation-ის ადგილს იკავებდა.

ქალაქ პარიზის კუთვნილ მიწაზე განლაგებულ Foundation-ს ასევე ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის გადატანა მოუხდა მის წინააღმდეგ ამხედრებულ Bois de Boulogne-ის დამცველ ასოციაციებთან, რამაც ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების მიერ მშენებლობის შეჩერება გამოიწვია. პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელიც ეროვნული სასამართლო სისტემის ნაწილია, ცენტრის სამშენებლო ლიცენზია გააუქმა იმ მოტივით, რომ ხდებოდა Jardin d’Acclimatation-ის აშკარა ხელყოფა. მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალი შენობა ისტორიული პარკის მწვანე სიმშვიდეს დაარღვევდა. გერი შეძრწუნებული და შოკირებული იყო იმ საფრთხით, რომელიც მის ჯადოსნურ ქმნილებას ემუქრებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იურიდიული გადაწყვეტილებები წარმატებით იქნა გასაჩივრებული.

გერის შემდეგი სამუშაო პროექტი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მისი მუზეუმის, Guggen­heim ავანპოსტის პროექტის გაკეთებაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი Guggenheim-ი იქნება და ისეთ კოლექციებსა და გამოფენებს უმასპინძლებს, რომლებიც აქცენტს ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე ხელოვნებაზე გააკეთებენ. ის ამბობს, – „The Guggen­heim Abu Dhabi შესანიშნავი პროექტია ფანტასტიკური მისიით. ისინი იკვლევენ ხელოვნების გლობალიზაციასა და სხვადასხვა რეგიონის ურთიერთკავშირს ხელოვნების გზით. ეს პროექტი საოცრად ამაღელვებელია და, ჩემი აზრით, ხალხს თვალს აუხელს ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან მომდინარე უდიდეს ტალანტზე”. – ის ასკვნის: „არქიტექტურა ხალხისთვისაა. ჩემი ფოკუსი და მისია ყოველთვის შენობებისა და ადგილების შექმნაა, რომლებიც ადამიანებს დაასაქმებს. თუმცა ეს არ ნიშნავს წარსულის ისტორიული მოდელების ხელშეწყობას. ეს ნიშნავს აწმყოში არსებულ გზას ჰუმანისტურ გარემოთა შესაქმნელად. მხატვრობისა და არქიტექტურის განსაზღვრული სტილები კაცობრიობის უარყოფისკენ არიან მიმართულნი. არქიტექტურა უნდა იყოს ინკლუზიური და არა ექსკლუზიური. ეს ნიშნავს გრძნობების მხარდაჭერასა და ამაღლებას. ცხოვრება ხალხისთვის არის, ამიტომ შენობებიც ხალხისთვის უნდა პროექტდებოდეს!”

 

(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).