დინამიკური მენიუ დინამიკური სამყაროსთვის 

დინამიკური მენიუ დინამიკური სამყაროსთვის 

სტარტაპი Chama ბავშვობის მეგობრებმა, თორნიკე გაგუამ და გიორგი ლორიამ 20 წლის ასაკში შექმნეს. დინამიკური ციფრული მენიუების პლატფორმა რესტორნებს დატვირთულობის ოპტიმიზაციაში ეხმარება, მომხმარებლებს კი შესაძლებლობას აძლევს, სასურველ კერძებში ნაკლები გადაიხადონ. სტარტაპი GITA-ს 150,000- ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. Forbes Georgia თორნიკესა და გიორგის სარესტორნო ინდუსტრიაზე, სტარტაპის შენების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

რამ გადაგაწყვეტინათ, ცვლილება შეგეტანათ სარესტორნო ინდუსტრიაში, რომელიც ბუნებით უმეტესად კონსერვატიულია? 

თორნიკე: სარესტორნო გამოცდილება ბოლო ათწლეულების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა, თუ QR-კოდებს არ ჩავთვლით. მიდიხარ, იღებ მენიუს, უკვეთ, მიირთმევ და იხდი ფიქსირებულ ფასს. ამავდროულად, არაერთ სხვა ინდუსტრიაში დინამიკური ფასების სისტემა უკვე სტანდარტად ითვლება. ასე მუშაობენ სასტუმროები, ავიაკომპანიები, Food Delivery-პლატფორმები. Chama-ს შექმნამდე პერსონალურმა გამოცდილებამ მიმიყვანა. ბიძაჩემს ჰქონდა სარესტორნო ბიზნესი, რომელმაც, სამწუხაროდ, პანდემიასა და მის შემდგომ რყევებს ვერ გაუძლო. ეს ერთეული შემთხვევა არაა. ახალგახსნილი რესტორნების 80% ხუთი წლის ვადაში იკეტება. ჩემი პირველი სამსახური სწორედ ამ სფეროში იყო და ზუსტად ვიცი, რამდენად რთულია რესტორნის ან კაფეს მართვა-განვითარება. ეს გამოწვევები უკავშირდება ფინანსურ სტაბილურობას, ლოგისტიკას, პერსონალის მენეჯმენტს და ასე შემდეგ. იმდენად ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, რომ მფლობელებს ინოვაციასა და ძველის შეცვლაზე დასაფიქრებლად დრო აღარ ჰყოფნით. 

გიორგი: ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად ვსწავლობდით ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში და საკმაოდ ადრეულ ასაკში მივხვდით, რომ გვინდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი შეგვექმნა. რაც შეეხება უშუალოდ ამ სფეროს, გადავწყვიტეთ, ინოვაცია შეგვეტანა სწორედ იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მძაფრად დავინახეთ. 

მოგვიყევით, როგორ მუშაობს Chama?

გიორგი: Chama-ს აპლიკაციაში სხვადასხვა რესტორანი დაგხვდებათ, ამის შემდეგ აირჩევთ სასურველ მენიუს და წინასწარ დაჯავშნით. ამ დროს გენერირდება QR-კოდი, რომელიც ერთი საათის განმავლობაში მოქმედებს. რესტორანში მისვლის შემდეგ ამ კოდს პერსონალი ასკანირებს და ჩვენ ვიღებთ საკომისიოს თითოეული ასეთი კოდიდან. მენიუს ფასები რეალურ დროში, რესტორნის დატვირთულობის მიხედვით იცვლება — ცხადია, წინასწარ შეთანხმებული საზღვრების ფარგლებში.

თორნიკე: რესტორნისთვის Chama-ს გამოყენება ძალიან მარტივია. იმის გამო, რომ ეს მათთვის სიახლეა, გვინდოდა, პროცესი რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო. მათი მხრიდან მხოლოდ მენიუს გამოგზავნაა საჭირო. ალგორითმის მიხედვით, თითოეული კერძის ღირებულებას აქვს ზედა და ქვედა ლიმიტები. ქვედა ზღვარი ისე შევიმუშავეთ, რომ რესტორნისთვის თითოეული ასეთი შეკვეთა მაინც მოგებიანი იყოს. ზედა ზღვარი კი ამჟამად არსებული რეგულარული ფასია, შესაბამისად, მომხმარებელიც არასდროს იხდის სტანდარტულ ღირებულებაზე მეტს. ეს არის ჩვენი MVP-ვერსია. მომავალში AI-ის დახმარებით ალგორითმის კიდევ უფრო დახვეწას ვგეგმავთ. 

ეს თქვენი პირველი სტარტაპი არაა. Chama-მდე ციფრული მარკეტინგის სააგენტო გქონდათ. რა გასწავლათ წინა გამოცდილებამ?

თორნიკე: სკოლის ასაკიდან ვმუშაობდით საერთო პროექტებზე. ზოგი წარმატებული იყო, ზოგი — არა. პირველი სერიოზული წამოწყება სწორედ ციფრული მარკეტინგის სააგენტო იყო, რომლითაც რამდენიმე კლიენტს ვემსახურებოდით. მაშინ ჯერ კიდევ დამწყებები ვიყავით და სირთულეები რეალისტურად ვერ შევაფასეთ.. იმ პერიოდმა ბევრი რამ გვასწავლა. 

გიორგი: ხანდახან რთულია, რომ წარუმატებლობას შეეგუო, მაგრამ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში, ვისწავლე უარის მიღებისას სიმშვიდის შენარჩუნება, სკეპტიციზმის მიუხედავად გზის გაგრძელება. ერთი კარგი თვისება, რაც ორივეს გვაქვს, ისაა, რომ არ გვეშინია დროებითი წარუმატებლობის. თუ რაიმე არ გამოგვივიდა, კიდევ ვცდით და გამოგვივა. 

თორნიკე გაგუა და გიორგი ლორია

Chama საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა სტარტაპით დაინტერესება? 

გიორგი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დაფინანსების მიღება. ვიცოდით, რომ მარტივი არ იქნებოდა, რადგან საკმაოდ გამოცდილი კანდიდატებისათვის უნდა გაგვეწია კონკურენცია. ჩვენ კი ფაქტობრივად „Underdog”-ები ვიყავით. ამ გზაზე უამრავი რამ ვისწავლეთ, მუშაობაში ღამეები ვათენეთ, ვიკითხეთ წიგნები და არაერთი კონსულტაცია გავიარეთ. 

თორნიკე: უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში საერთო სამუშაო სივრცის, D-block-ის წევრები ძალიან დაგვეხმარნენ [Chama სწორედ D block-იდან მუშაობს]. ჩვენ გვერდით მუშაობენ ადამიანები, ვისაც უკვე აღებული აქვს ეს გრანტი და ხშირად თავად უწევენ სხვა სტარტაპერებს მენტორობას. არიან ასევე ინვესტორებიც. პრეზენტაციის გასაუმჯობესებლადაც მომცეს რჩევები. მათი მხარდაჭერა ძალიან ღირებული იყო. 

გიორგი: მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ განაცხადშივე შეგვძლებოდა ჩვენი ტექნოლოგიური კომპეტენციის ჩვენება. დავინახეთ, რომ იდეა მოეწონათ, მაგრამ ვიცოდით, რომ კონცეფციისა და პროდუქტის ბევრად დახვეწა და გამართვა შეგვეძლო. პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ მივხვდით, რომ მეტი შრომა უნდა ჩაგვედო, უფრო მეტად უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება ტექნიკურ დეტალებზე. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ფინანსური გეგმის შედგენაზე. 

როგორია რესტორნების დამოკიდებულება ფასების დინამიკურად ცვლის იდეასთან დაკავშირებით? 

თორნიკე: რესტორნების შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული მენეჯმენტის ხედვაზე. მცირე კაფე-ბარებთან მოლაპარაკება უფრო გაგვიადვილდა, რადგან დიდი დაწესებულების მფლობელები მაინც ფრთხილობენ სიახლეების დანერგვისას. რწმენა, რომ რეალურად სასარგებლო პროდუქტს ქმნი, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამან მოგვაპოვებინა პირველი პარტნიორები.

გიორგი: თავიდან მართლა კარდაკარ სიარულით და ჩვენი იდეის ახსნით დავიწყეთ. ამჟამად პროდუქტი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია გაშვებული. 15 რესტორანთან ვთანამშრომლობთ, თუმცა დაინტერესება ბევრად დიდია და ეს რიცხვიც გაიზრდება. 

ვინ არის თქვენი პროდუქტის მთავარი მომხმარებელი, თქვენივე ხედვით? 

თორნიკე: ახალგაზრდა პროფესიონალები, რომელთაც სამუშაო დღის განმავლობაში უწევთ გარეთ ჭამა. მათ ურჩევნიათ, პიკის საათის ნაცვლად, შედარებით მშვიდ დროს მივიდნენ რესტორანში თუ კაფეში და თან, სასურველ კერძებზე უკეთესი ფასი მიიღონ. 

გარდა სტარტაპის შენებისა, სტუდენტები ხართ და სხვა სამსახურშიც მუშაობთ. როგორ ახერხებთ ამ მიმართულებებს შორის რესურსების გადანაწილებას? 

გიორგი: ამჟამად ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ვმუშაობ და მეოთხე კურსზე ვსწავლობ. ყველაზე რთული დროის მართვაა. ვცდილობ, დრო ყოველთვის სწორად გამოვიყენო, რაიმე ახალი ვისწავლო ან არსებული უნარები გავაუმჯობესო. ხშირად მიზანი გაძლევს იმ ენერგიას, რაც აუცილებელია, რომ ამდენ საქმეს გაუმკლავდე. 

თორნიკე: ის გაკვეთილები, რასაც ვსწავლობ კორპორაციულ სამყაროში, შემდეგ მეხმარება სტარტაპის შენებისას და — პირიქით. ჩემი ამჟამინდელი სამსახური საშუალებას მაძლევს, რომ ადამიანებს მოვუსმინო და მათი საჭიროებები გავიგო. კომუნიკაციის უნარები კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რესტორნის მენეჯერებთან, ისე მომხმარებლებთან კავშირის დასამყარებლად. 

როგორ აპირებთ Chama-ს განვითარებას? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? 

გიორგი: მე და თორნიკე ოქტომბერში TechCrunch-ზე მივდივართ, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართება. ვფიქრობთ, რომ გავიცნობთ ადამიანებს, რომელთაც ეს გზა უკვე გავლილი აქვთ და მათი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით მომავალ ინვესტორებს. მოზიდული ინვესტიციების გამოყენებას ვაპირებთ იმისთვის,, რომ პროდუქტი კიდევ უფრო დავხვეწოთ და დავიწყოთ ფიქრი ახალ ბაზრებზე. სხვადასხვა ქვეყანაში რესტორატორებთან შეხვედრასაც ვგეგმავთ. 

რას ურჩევდით ახალბედა მეწარმეებს, ვინც ახლა იწყებს საკუთარი სტარტაპის მშენებლობას? 

თორნიკე: ამჟამად მე თვითონაც სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, არის ის, რომ მოძრაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა რაღაცის კეთებას იწყებ, თავად პროცესი გაჩვენებს, საით უნდა წახვიდე. არ უნდა ეცადო, რომ ყველაფერი, რასაც გააკეთებ, იდეალური იყოს. სიამოვნებაც შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. 

გიორგი: ყველას სხვადასხვა გამოცდილება აქვს და შესაბამისად, ერთი რჩევის განზოგადება რთულია, თუმცა იმას ვიტყვი, რომ აუცილებელია, პროცესს ენდო. მომდევნო ნაბიჯები ბუნებრივად გამოჩნდება.